ესპანეთის ზღვისპირა ქალაქს ადგილობრივები “სინათლის ადგილს” უწოდებენ. აქ ვიზიტორებს თბილი მზის სხივები და სასიამოვნო კლიმატი ხვდებათ. ალიკანტე კოსტა ბლანკას პოპულარული საზაფხულო და საზამთრო მიმართულებაა. ის გვთავაზობს დასასვენებელ აქტივობებს და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს. ყველაზე პოპულარული თავშესაქცევებია: მუზეუმები, ფესტივალები, გარუჯვა და ბულვარში სეირნობა. ასევე, აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ადგილობრივი სამზარეულოც.
კასტილო დე სანტა ბარბარა
კასტილოს ციხესიმაგრე ქალაქს და ზღვას გადმოჰყურებს. ის სამხედრო დანიშნულებით შეიქმნა და სტრატეგიული ობიექტი იყო კართაგენის ეპოქაში. ფილიპ მეორეს მმართველობის დროს სასახლე რენესანსის სტილში განაახლეს. ის ღიაა მთელი წლის მანძილზე.
ალიკანტეს პროვინციის არქეოლოგიური მუზეუმი (MARQ)
ეს მუზეუმი 100 000 წლის ისტორიას გაგაცნობთ და პრეისტორიულ, ბერძნულ, რომეულ, იბერიულ და შუა საუკუნეების არტეფაქტებს აერთიანებს. შუა საუკუნეების განყოფილება განსაკუთრებით შთამბეჭდავია 300-ზე მეტი ნივთით. ის ყოველდღე ღიაა ორშაბათის გარდა.
ესპანური ბულვარი
ექსპლანადა დე ესპანა ბულვარია, რომელიც ნავსადგურს და პორტს მიყვება. აქ პალმის ხეები და მოზაიკებით მორთული საფეხმავლო გზებია დაგებული. ბულვარი ალიკანტეს სოციალური ცხოვრების ერთგვარი ჰაბია, განსაკუთრებით ზაფხულში. შესაძლოა შეგხვდეთ ღია ცის ქვეშ ბაზრობები და ლაივ შემსრულებლები. ასევე აქ ბევრი არაჩვეულებრივი კაფე-რესტორანია.
კანალეჰას პარკი
ბულვარი პუერტა დელ მარის პლაზასთან იწყება და კანალეხას პარკისკენ მიემართება. აქ ქალაქის რამდენიმე ისტორიული ღირსშესანიშნაობა და ასობით წლის ხეებია. იპოვნით ატრაქციონების სივრცესაც.
სანტა მარიას ბაზილიკა
ეს ბაზილიკა ალიკანტეს ყველაზე ძველი ეკლესიაა, რომელიც მე 14-15 საუკუნით თარიღდება. გოთიკური სტილის ბაზილიკას მე-18 საუკუნეში დამატებული აქვს ბაროკოს ფასადი. ბაზილიკა მთელი წელი ღიაა, 10-დან 7 საათამდე. შესვლა ფასიანია და მოიცავს აუდიოგიდსაც.
პოსტიგეტის სანაპირო
პოსტიგეტის სანაპირო ალიკანტეს ცენტრთან მდებარეობს და ის ფოტოგენური ფართო სანაპიროა სუფთა წყლით. აღჭურვილია ყველანაირი ინფრასტრუქტურით და საკმაოდ უსაფრთხოა. მოწმდება წყლის ხარისხიც.
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი
ალიკანტეს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მე-20 საუკუნის ავანგარდულ კოლექციებს წარმოგვიდგენს. ის მე-17 საუკუნის ბაროკოს შენობაში მდებარეობს, სანტა მარიას ბაზილიკასთან. მუზეუმი 2011 წელს გაიხსნა და აქ ნახავთ პიკასოს, მიროს, დალის და გონსალეზის ნამუშევრებსაც. შესვლა უფასოა.
ალიკანტეს ცენტრალური ბაზარი
ალიკანტეს ცენტრალურ ბაზარში ადგილობრივ კულტურას და ყოველდღიურობას შეიგრძნობთ. ის მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა. შიგნით დაგხვდებათ ცოცხალი ბაზრობა, სადაც ფერმერები, მეთევზეები და სხვა მოვაჭრეები საკუთარ ნაწარმს ყიდიან. ღიაა ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით დილის 7-დან დღის 2-3 საათამდე.
სან ხუანის სანაპირო
ეს გასაოცარი ქვიშიანი სანაპირო ალიკანტეს ცენტრიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. ის იდეალურია მზეზე მისაფიცხებლად და სარელაქსაციოდ. წყლის მაღალი ხარისხის გამო, სან ხუანის სანაპიროს ლურჯი დროშა აქვს მინიშებული. მშვიდი წყალი წყლის სპორტის სახეობებისთვისაც იდეალურია. კაფეების დიდი არჩევანის წყალობით აქ მთელ დღეს თავისუფლად გაატარებთ.
მერიის შენობა
ალიკანტეს მერიის შენობა საკმაოდ შთამბეჭდავი ნაგებობაა. ის წარმოგვიდგენს უნიკალურ ფასადს და 35 მეტრიან კოშკურებს. ეს ისტორიული მონუმენტი ვიზიტორებს მთელი წლის მანძილზე ყოველდღიურად იზიდავს. შიგნით შეგიძლიათ მოინახულოთ დედოფალი იზაბელის დროინდელი ლურჯი ოთახი.
კაბო დე ლას ჰუერტასი
კაბო დე ლას ჰუერტასზე რამდენიმე ზღვის გამოქვაბულს აღმოაჩენთ, სან ხუანის და ალბუფერეტას შორის. ეს მშვიდი არეალი ქალაქის ცენტრიდან 2 კილომეტრში მდებარეობს.