გლიფადა ათენური რივიერას არაოფიციალური დედაქალაქია. ის საბერძნეთის დედაქალაქის ზღვისპირა უბანია, სადაც წყალში ყოფნის გარდა, სხვა ბევრი აქტივობითაც დაკავდებით. მეტახას ქუჩაზე გრძელ, ღია ცის ქვეშ არსებულ სავაჭრო ცენტრს ეზიარებით. სხვა მწვანე თუ ლამაზ ქუჩებზე კი კოსმოპოლიტური სოფლის ატმოსფეროს შეიგრძნობთ.
გული იჯერეთ სანაპიროებზე
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ადგილობრივები და ტურისტები გლიფადაში მიდიან, მისი სანაპიროებია. ეს კურორტი ბევრ ობიექტს წარმოგვიდგენს, სადაც რელაქსაციას და გემრიელად მირთმევას შეძლებთ. გლიფადას სანაპირო ზოლი მოიცავს კეთილმოწყობილი საზოგადოებრივი პლაჟების მთელ სერიას, რომელთაგან ზოგიერთზე უფასო ქოლგებიც კი დაგხვდებათ. ათენის ცენტრიდან ტრამვაით ან ავტობუსით აქ მარტივად მიხვალთ. ამ არეალში ერთ-ერთი საუკეთესო სანაპიროა ასტერას გლიფადა. „ასტერასი“ ქვიშიანი სანაპიროს გრძელი, კერძო საკუთრებაში არსებული ზოლია, რომელიც დაყოფილია სხვადასხვა დასასვენებელ სივრცეებად.

გაინებივრეთ თავი ნავით ტურით
რატომ არ უნდა დაათვალიეროთ ათენის რივიერა ზღვიდან? აქ ნავის ტურების მრავალფეროვნება დაგხვდებათ. გაატარეთ ფანტასტიკური დღე ზღვაში ან აირჩიეთ უფრო ხანგრძლივი ექსკურსიები, რომლებიც ახლომდებარე პატარა კუნძულების აღმოჩენის საშუალებას მოგცემთ.

გაეცანით სამყაროს ისტორიას პლანეტარიუმში
ათენი ამაყობს ციფრული პლანეტარიუმით, რომლის მონახულებაც აქ დასვენების დროს აუცილებელიცაა. პლანეტარიუმი, თავისი 25 მეტრიანი დიამეტრის გუმბათით, გთავაზობთ 3D ვირტუალურ მოგზაურობებს გალაქტიკაში და მის ფარგლებს გარეთ, ასევე წარმოგიდგენთ IMAX ფილმებსა და სხვადასხვა ინტერაქციულ შოუებს.

დაათვალიერეთ თანამედროვე ხელოვნება გალერეა „ბლენდერში“
თუ ძველი საბერძნეთის ხელოვნებას უკვე გაეცანით, დროა თანამედროვე ნამუშევრებზე გადაინაცვლოთ. ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია გლიფადაში მდებარე “Blender Gallery“-ის მონახულება, რომელიც ეძღვნება არა მხოლოდ ადგილობრივი ბერძენი ხელოვანების, არამედ საერთაშორისო ნიჭის პოპულარიზაციას.

ეწვიეთ ზღვის კუების გადარჩენის ცენტრ „არქელონს“
თუ გაინტერესებთ ცხოველთა უსაფრთხოება ან გსურთ დრო გასართობად და შემეცნებითად გაატაროთ, გლიფადაში მდებარე ზღვის კუების ცენტრში სტუმრობა თქვენი ნაშუადღევის გაყვანის საუკეთესო საშუალებაა. ამ პატარა ცენტრში დაშავებულ კუებს უვლიან. მთელი მსოფლიოდან ჩამოსული მოხალისეები მათ სრულ გამოჯანმრთელებაზე ზრუნავენ, რის შემდეგაც მათ კვლავ ველურ ბუნებაში აბრუნებენ. აქ თქვენ შეძლებთ აღმოაჩინოთ ზღვის კუების სამყარო და მეტი გაიგოთ მათი ეკოსისტემების შესახებ.

ისწავლეთ ყვინთვა
აღმოაჩინეთ ზღვის სიღრმის სილამაზე და ისწავლეთ ან გააუმჯობესეთ სნორკელინგის ტექნიკა „პატერაკისის ყვინთვის ცენტრთან“ ერთად. მიეცით საშუალება ექსპერტ ინსტრუქტორებს გაზიარონ სკუბა-დაივინგის სიამოვნება ვულიაგმენის სანაპიროებთან, იქნება ეს ერთდღიანი ტურის ფარგლებში თუ თუნდაც რამდენიმე საათით.

ლაიკის (Laiki) ქუჩის ბაზარი
ყოველკვირეული ქუჩის ბაზარი ათენის უბნების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. გლიფადას ბაზარი („ლაიკი“) ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საუკეთესოდ მომარაგებულია. ბაზრობა ყოველ ხუთშაბათს ლაზარაკის ქუჩის მიდაოებში იშლება და იზიდავს ხალხს, რომლებიც ახალ სეზონურ პროდუქტებსა და დღის საუკეთესო ფასდაკლებებს ეძებენ (მაგალითად, კალამატას ზეთისხილის დიდ კონტეინერებს 2 ევროდ, ახალ მწვანილებს 1 ევროდ და სხვა პროდუქტებს სიმბოლურ ფასებად). ყიდვამდე თითქმის ყველაფრის დაგემოვნების საშუალებას მოგცემენ, პატარებს კი ყოველ ნაბიჯზე უფასო ტკბილეულით გაუმასპინძლდებიან. ადგილობრივებმა იციან, რომ ბაზარში ან დილით ადრე უნდა მივიდნენ, სანამ სიცხე დაიწყება, ან დაახლოებით დღის პირველ საათზე, როდესაც დახლების მფლობელები ყველაფრის გაცილებით იაფად გაყიდვას იწყებენ.











