ჰოლანდია მთელ მსოფლიოში ცნობილია ტიტების მრავალფეროვნებით და ყვავილების მინდვრებით. ასობით ათასი ტურისტი აქ ყოველწლიურად ჩამოდის მინდვრებში გასასეირნებლად და FloraHolland-ის აუქციონებზე დასასწრებად, რომელიც ალსმერის (Aalsmeer), რეინსბურგის (Rijnsburg) და ნაალდვაიკის (Naaldwijk) ქალაქებში ტარდება. ამ ბლოგში მოგიყვებით, თუ როდის არის უმჯობესი აქ მოგზაურობა აყვავებული მინდვრების სანახავად და როგორ უნდა მოხვდეთ ამ ადგილებსა და ყვავილების ბირჟაზე და რითია ეს ყველაფერი საინტერესო ტურისტებისათვის.

ყვავილების მინდვრები

პირველ რიგში გეტყვით, რომ ყვავილების მინდვრები არ არის ქაოტურად მიმოფანტული მთელს ქვეყანაში, არამედ უმეტესწილად ორიენტირებულია ყვავილების აუქციონების და კოიკენჰოფის პარკის (Keukonhof) გარშემო. აუქციონებთან ახლო მდებარეობა საკმაოდ პრაგმატულია და საშუალებას აძლევს ფერმერებს სწრაფად მიაწოდონ პროდუქცია რეალიზაციისათვის. ტურისტებს შორის ყველაზე მონახულებადი ტიტების, ნარცისების და გიაცინტების მინდვრები მდებარეობს კეიკენჰოფში, კონკრეტულად კი, ლისეში (Lisse). ეს აიხსნება არა მხოლოდ ამ პარკის ცნობადობით, არამედ იმითაც, რომ აქ ყველაზე მარტივად მოხვედრა ლაიდენიდან (Lieden) შეგიძლიათ.

გთავაზობთ ყველაზე ცნობილ და ლამაზი ყვავილების მინდვრების ჩამონთვალს.

  • ლისეში (Lisse) ყვავილების მინდვრები შემდეგ ქუჩებზე მდებარეობს: Zwartelaan, Essenlaan, Loosterweg-Zuid და Herenweg. ლისამდე ჩასვლა მარტივია, ლაიდენიდან #50 ავტობუსით (მიმართულება Haarlem).
  • ჰილგომში (Hillegom): Veenenburgerlaan, Zuider Leidsevaart და Derde Loosterweg. აქ მოხვედრა შესაძლებელია მატარებლით Amsterdam Centraal სადგურიდან.
  • ნორდვეიკერხაუტში (Noordwijkerhout): Herenweg და Westeinde. აქ მოხვედრა ასევე ლაიდენიდან შეიძლება #57 ავტობუსით (მიმართულებით Hillegom)
  • ზილკში (Zilk): Zilkerbinnenweg. აქ მოხვედრა იგივენაირად შეგიძლიათ, როგორც ნოორდვაიკერჰაუტში, უბრალოდ რამოდენიმე გაჩერებით მოშორებით, Hoogduinweg-ის გაჩერებამდე.

ალტერნატიურ ვარიანტად შეგვიძლია ველოსიპედის გამგზავრება შემოგთავაზოთ ამ მარშრუტით, რომლის სახელწოდებაც არის Bloemenbollenroute (ცნობილი, როგორც “ყვავილების გზა”).

FloraHolland-ის ყვავილების აუქციონები

FloraHolland-ის ყვავილების აუქციონები იზიდავენ ტურისტებს მთელი მსოფლიოდან. ეს წარმოადგენს ნამდვილ ბირჟას, სადაც ვაჭრობენ ყვავილებით და ერთის მხრივ ეს აუქციონი ავტონომიურ ქალაქს მოგაგონებთ, რომელიც დღე-ღამე ფუნქციონირებს. თითოეული აუქციონის შიგნით მდებარეობს კაფე, დასვენების და მოსაწევი ზონები, და ასევე სადალაქოებიც. ყველაზე მომხიბვლელი ის არის, რომ ეს აუქციონი ტურისტებისთვის მარტივად მისაღწევ ადგილას მდებარეობს, სადაც შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მევაჭრეების მუშაობას სპეციალური გალერეიდან და აღმოჩნდეთ საერთაშორისო ყვავილების ვაჭრობის ცენტრში.

როგორც უკვე გითხარით, FloraHolland ყვავილების აუქციონი სამ ქალაქში მდებარეობს: Aalsmeer, Naaldwijk, Rijnsburg. მოხვედრა ნებისმიერში შეგიძლიათ! თუმცა, ითვლება, რომ დასასწრებად ყველაზე კომფორტული აუქციონი Aalsmeer-შია მისი სიდიდის და შიპოლის აეროპორტთან ახლო მდებარეობის გამო. აეროპორტიდან აქ მოხვედრა შეგიძლიათ #198 ავტობუსით (მიმართულება Aalsmeer Hortensiaplein). აუქციონი ვიზიტორთათვის გახსნილია ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს დილის 7-დან 11 საათამდე და ხუთშაბათს 7-დან 9 საათამდე.

აუქციონზე მოხვედრას დილის ადრეულ საათებში გირჩევთ, რადგან ამ დროს აქ ნაკლები ხალხი და დიდი სანახაობა გელოდებათ. FloraHolland დაკეტილია შაბათს, კვირას და დღესასწაულებზე. თუ არ გსურთ გიდის მომსახურებით სარგებლობა, მაშინ მიყევით შემდეგ მარშრუტს: ტურისტების და ვიზიტორების რეცეფშენიდან (The Visitor Centre), გაემართეთ გალერეისკენ აუქციონის კომპლექსის გავლით. გალერეის ბოლოს მდებარეობს ძირითადი ჰოლები, სადაც იხილავთ თუ როგორ ჩამოაქვთ და ანაწილებენ ყვავილებს სავაჭროდ გატანამდე. გალერეაში დაკიდულია საინფორმაციო პანელები ოთხ ენაზე და ასევე საშუალება გექნებათ შეიძინოთ Aalsmeer Combi-ticket, რომელიც მოიცავს სამ ექსკურსიას:

  • 07:00: საათნახევრიანი ექსკურსია აუქციონზე
  • 10:00: Aalsmeer-ის ისტორიული ბაღში გასეირნება
  • 13:30: გასეირნება ნავით Westeinderplassen-ზე

აყვავების სეზონი ჰოლანდიაში. როდის არის საუკეთესო დრო აქ მოგზაურობისთვის? 

ითვლება, რომ მინდვრების აყვავების სეზონი ჰოლანდიაში მარტის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდეა. თუმცა, ყველაფერი მაინც ტემპერატურაზეა დამოკიდებული. ამიტომ, თუ ზამთარი საკმაოდ თბილია, აქტიური აყვავება უმრავლეს მინდორში უკვე მარტის დასაწყისიდან შეიძლება. ამ ვებ-გვერდზე: http://www.bloemenradar.nl/ შეგიძლიათ იხილოთ ზუსტი პერიოდი აყვავების და ამის მიხედვით დაგეგმოთ თქვენი მოგზაურობა.

 

ასევე გირჩევთ არ გამოტოვოთ National Tulip Day, რომელიც ყოველწლიურად ამსტერდამში, დამის მოედანზე ტარდება.