“კუნძულის დრო” მშვიდ, სარელაქსაციო ცხოვრების სტილს აღნიშნავს, სადაც დროის შეგრძნება იკარგება. როგორ უნდა ადაპტირდნენ მოგზაურები იმ კუნძულის რიტმთან, სადაც დრო საერთოდ არ არსებობს? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სომეროიში, ნორვეგიის პატარა კუნძულზე, რომელიც მსოფლიოს პირველ “დროისგან თავისუფალ” ზონად ითვლება.

არქტიკულ სარტყელთან ახლოს მდებარე სომეროიში, ზაფხულის განმავლობაში 24 საათი მზის შუქია. კუნძულის მაცხოვრებლები მხარს უჭერენ “თავისუფალი დროის” ინიციატივას. კამპანიის ლიდერმა განაცხადა, რომ მთელ მსოფლიოში ადამიანები სტრესს და დეპრესიას განიცდიან და აქვთ განცდა, რომ დრო მათ ბოჭავთ. ამიტომაც გადაწყვიტეს დროისგან თავისუფალი არეალი შეექმნათ, სადაც ადამიანები დროის არსებობის გარეშე ცხოვრობენ.

მუდმივი სინათლე საშუალებას მოგცემთ კუნძულის ლამაზი ლანდშაფტით უფრო დიდხანს დატკბეთ. მას ზედმეტსახელად “ჩრდილოეთის კარიბებსაც” ეძახიან. მისი იდილიური თეთრი ქვიშის და სუფთა ლურჯი წყლის წყალობით სომეროი და მისი მეზობელი კუნძული კვალოია განსხვავებული სანაპიროებით გამოირჩევიან. მათ შორის საუკეთესოებია რეინა და ლინგოია. კრინტა იდეალურია სარელაქსაციო გასეირნებისთვის.

უფრო გრძელი სეირნობებისთვის აღმოაჩინეთ სანაპირო ბილიკები სტეინსვიკას არქეოლოგიური ძეგლის გარშემო. ის არაა სავსე ხალხით და მშვენიერი ადგილია რამდენიმე საათის გასატარებლად და საპიკნიკოდ. თავისუფლად დაკარგეთ დროის შეგრძნება, კუნძულზე საათს ისედაც ვერ აღმოაჩენთ. კუნძულის მთავარ ქალაქს იგივე სახელწოდება აქვს – სომეროი. ამ სათევზაო სოფელში 300 ადამიანამდე ცხოვრობს. მიირთვით ზღვის პროდუქტები ტრადიციულ ნორვეგიულ რესტორანში.

უახლოესი სატრანსპორტო ჰაბია ტრომსო, სადაც აეროპორტიც მდებარეობს. მანქანით იქ 1 საათში მოხვდებით. ბევრი მოგზაური სწორედ ტრომსოში მიფრინავს და იქიდან კუნძულზე ნაქირავები მანქანით გადადის. მოძრაობს საზოაგდოებრივი ტრანსპორტიც.