ლანგედოკ-რუსილონი საოცარი რეგიონია სავსე საინტერესო არქიტექტურით, ბუნებით და ღირსშესანიშნაობებით. ლანგედოკ-რუსილონის ზომიერი კლიმატი აქ დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. ბუნების ნაკრძალები, ბოტანიკური ბაღები და სასახლეები სიამოვნებას მოგანიჭებთ თუ თავგადასავლები, ველური ბუნება, ეგზოტიკა და ისტორია გიყვართ. შენი მეგზური აქ საუკეთესო აქტივობებს გირჩევთ:
1. კარკასონე (Carcassonne)
ისტორიული ქალაქი, რომელიც მსოფლიოს საუცხოოდ შემონახულ ციხესიმაგრეს მოიცავს
ბორცვზე შეფენილი ქალაქი კარკასონე თავისი გრანდიოზული შუა საუკუნეების ციხესიმაგრით შთამბეჭდავ იერსახეს სძენს სამხრეთ საფრანგეთის პეიზაჟს. მის მრავალრიცხოვან კოშკებსა და დამცავ გალავანს საუკუნეების განმავლობაში არაერთი ბრძოლა უნახავს, ხოლო ციხესიმაგრის კედლებზე დგომა და მის ქვეშ გადაშლილი ქალაქის ჭვრეტა ისეთი გამოცდილებაა, რომელიც სასიამოვნო მოგონებად დაგრჩებათ.
ქალაქის შიგნით, ქვაფენილიან ქუჩებში ხეტიალისას აღმოაჩენთ მყუდრო რესტორნებსა და გამორჩეულ ბუტიკებს. ქალაქის სხვადასხვა კუთხეში კი ხშირად შეხვდებით ხელოვნების გამოფენებს.

2. სანაპირო ბილიკი
სანაპირო ბილიკი არჟელეს-სურ-მერიდან (Argelès sur Mer) სერბერამდე (Cerbère) საუკეთესო საშუალებაა რეგიონის ბუნებრივი თუ არქიტექტურული საგანძურის აღმოსაჩენად. დაახლოებით 32 კმ საერთო სიგრძის მარშრუტი 16 მარტივ მონაკვეთადაა დაყოფილი. თქვენ შეგიძლიათ ეს ეტაპები საკუთარი სურვილისამებრ, ინტერესებისა და ფიზიკური მომზადების მიხედვით გაიაროთ. გზად, თვალწარმტაცი ბუნების ფონზე, დატკბებით მყუდრო ყურეებითა და უბეებით, ასევე ულამაზესი ქალაქებით, სოფლებითა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით.

3. სეტეს ყურეები
ამ ქალაქისა და მისი დამალული კუთხეების აღმოჩენის განსხვავებული გზა
აღმოაჩინეთ სეტეს გამოქვაბულები და ყურეები კაიაკით, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბუნება გიყვართ. დაახლოებით 3 საათის მანძილზე შეძლებთ დაათვალიეროთ თვალწარმტაცი სანაპიროები და ხმელთაშუაზღვიური ქალაქის საოცარი ლანდშაფტი.

4. მონსეგიურის ციხესიმაგრე
მონსეგიურის ციხესიმაგრე საფრანგეთის ისტორიის განსაკუთრებული რელიქვიაა. ის ზღვის დონიდან დაახლოებით 1200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და 360 გრადუსიან ხედებს გთავაზობთ. მას შემდეგ, რაც მისი რამდენიმე ინკვიზიტორი მოკლეს, საფრანგეთის მეფემ გადაწყვიტა საბოლოოდ მოეღო ბოლო ამ რელიგიური ამბოხებულებისთვის. მან მონსეგიურს ალყა 1243 წლის მიწურულს შემოარტყა და ციხესიმაგრე 10 თვის შემდეგ დაეცა.
სამუშაო საათები: ნოემბერი-დეკემბერი და თებერვალი: ყოველდღე 11:00-დან 16:00 საათამდე; აპრილი-ივნისი და სექტემბერი-ოქტომბერი: ყოველდღე 10:00-დან 17:00 საათამდე; ივლისი-აგვისტო: ყოველდღე 09:00-დან 18:00 საათამდე. (იანვარში დაკეტილია)

5. სევენის ორთქლმავალი მატარებელი
ულამაზესი ხედები ერთმანეთის მიყოლებით
სევენის ორთქლმავალი მატარებელი (le train à vapeur des Cévennes) შთამბეჭდავი საშუალებაა გარდონის ხეობის სილამაზის აღმოსაჩენად ანდიუზიდან (Anduze) სენ-ჟან-დიუ-გარამდე (Saint Jean-du-Gard). დაახლოებით 13 კმ სიგრძის მგზავრობა 45 წუთს გრძელდება, რაც საკმარის დროს გაძლევთ ღია ვაგონიდან გადაშლილი დიდებული ხედებით დასატკბობად. თვითონ მატარებელიც კი უზომოდ საინტერესოა.

6. სევენის ბამბუკების ბაღი
გასაოცარი გასეირნება უჩვეულო მცენარეთა სამყაროში
ეს ბაღი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბოტანიკური ბაღია საფრანგეთში და იდეალური ადგილია ბუნებაში სარელაქსაციოდ. მისი უნიკალურობა მცენარეებისა და ხეების მრავალფეროვნებაშია. აქ დაახლოებით 200 სახეობის ბამბუკი იზრდება, ყველა ზომისა და ფერის. იხილავთ საუკუნოვან სექვოიებსაც.
ღიაა ყოველდღე 10:00-20:00

7. სანსეტ ბიჩი, ლა-გრანდ-მოტი
სანსეტ ბიჩი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გადაჭიმული 7 კმ სიგრძის ოქროსფერი ქვიშის ზოლია. თავისი ფართო, სუფთა სანაპიროთა და მშვიდი წყლით, ეს ადგილი იდეალურია ოჯახებისთვის, მოცურავეებისა და გარუჯვის მოყვარულთათვის. როგორც მისი სახელიც მიგვანიშნებს, ის ერთ-ერთი საუკეთესო სანაპიროა რეგიონში თვალწარმტაცი მზის ჩასვლის საყურებლად. აქ შეგიძლიათ დაკავდეთ მრავალფეროვანი სპორტული აქტივობებით, მათ შორის პადლბორდინგით და ფრენბურთითა, ან მოაწყოთ თვალწარმტაცი ნავით ტური ახლომდებარე ნავმისადგომიდან. უამრავი საზღვაო კლუბი და რესტორანი გთავაზობთ ახალ ზღვის პროდუქტებსა და კოქტეილებს, ქალაქის ცენტრი კი სულ რაღაც მოკლე ფეხით სავალ მანძილზეა.











