“მალტის სანაპირო ზოლის” გაგონებისას თვალწინ ქვიანი კლდეები წარმოგვიდგება კრიალა წყალში. თუმცა ამ ხმელთაშუაზღვის კუნძულზე ბევრი ქვიშიანი სანაპიროა. ჩვენ გირჩევთ რამდენიმე ვარიანტს თქვენი საუკეთესო დასვენებისთვის.

Golden Bay Beach

მელიეჰაზე ეს ოქროს სანაპირო დიდ სივრცეს გვთავაზობს. ეს მალტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანაპიროა ბევრი გამოქვაბულითა და უბე-ყურით. ზაფხულის თვეები აქ საკმაოდ დატვირთულია, ამიტომაც ბევრ მაშველს მოკრავთ თვალს.

Għajn Tuffieħa Bay

ამ პატარა, დაცულ და ნაკლებად გადატვირთულ სანაპიროზე მხოლოდ 100 კიბის ჩავლით მოხვდებით. წითელქვიშიანი სანაპირო ლამაზი ლანდშაფტით და ბრწყინვალე ხედებით გამოირჩევა. აქ ბარიც დაგხვდებათ და ქოლგებიც. თუ სანაპიროზე ცოტა ხალხს ეძებთ, ამ ვარიანტს მიანიჭეთ უპირატესობა.

Mellieha Bay

ეს ერთ-ერთი საუკეთესო სანაპიროა ბავშვებისთვის. აქ ბევრი რამ დაგხვდებათ და წყლის სპორტის სახეობებითაც შეძლებთ დაკავებას. მათ შორის, წყლის თხილამურებით, კაიაკით, სერფინგით და ბანანის ფორმის ტივით. წყალი თბილი რჩება შემოდგომის თვეებშიც და სეზონის დასრულების შემდეგაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ.

Daħlet Qorrot

ეს პატარა ქვიანი სანაპირო ზამთარშიც და ზაფხულშიც მშვიდი ადგილია სარელაქსაციოდ. თუ წყალში დიდი დროის გატარება გიყვართ, ეს სანაპირო იდეალური არჩევანია.

Dwejra Bay

ეს პატარა სანაპირო კი ბუნებრივ აუზებს აერთიანებს, რომლებიც ქვების ეროზიამ წარმოქმნა. ამ არეალში ბევრი გამოქვაბულია და ეს სანაპირო სკუბა დაივინგის საინტერესო შესაძლებლობას იძლევა. ქარიან ამინდში ცურვას კი ტალღების გამო უნდა მოერიდოთ.

Ġnejna Bay

სოფელ მგართან ახლოს მდებარე სანაპირო უფრო მშვიდია ვიდრე ახლომდებარე ოქროს სანაპირო და ტუფიეჰა. ქვიშა ოქროსფერია და რუჯის მისაღებად ბრწყინვალე ლოკაციას წარმოადგენს.

Hondoq ir-Rummien

აქ ღრმა, სუფთა წყალი და პატარა გამოქვაბულებია. ასევე, კუნძულ კომინოზე ულამაზესი ხედები იშლება. სანაპირო ზოლი პატარაა, თეთრი ქვიშით და ტალღებისგან საიმედოდ დაცული.

Mistra Bay

მისტრას სანაპირო დიდი ისტორიით იკვეხნის, რადგანაც ის ჩვ.წ-მდე 750 წლით თარიღდება. აქ ბევრი გამოქვაბულია, რომლებსაც ერთ დროს თავშესაფრად იყენებდნენ. დღეს აქ ბევრი მცენარის სახეობა შეგხვდებათ და მოწესრიგებული არემარეთი დატკბებით.

Ramla Bay

კუნძულ გოზოს ყველაზე ლამაზ სანაპიროდ აღიარებული რამლა სუფთა წყლით და ველური ტალღებით გამოირჩევა. ეს სანაპირო ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, აქვს კაფე-ბარი და სანაყინე. აქ მოხვედრა ავტობუსით შეგიძლიათ, რომელიც ახლოს ჩერდება. სანაპიროზე დასვენების შემდეგ, შეგიძლიათ სასეირნო ზოლზეც ისეირნოთ.

Blue Lagoon

კარიბის ზღვის სტილის წყალი და ქვები ლურჯ ლაგუნას მალტის ყველაზე ფოტოგენურ სანაპიროდ აქცევს. ის კომინოს კუნძულზე მდებარეობს და ზაფხულში საკმაოდ დატვირთულია. თეთრი, ქვიშიანი სანაპირო პატარაა, მაგრამ რუჯის მისაღებად მშვენიერი ლოკაცია. აქ ბევრი ნავი და იახტა დადის. მათი სერვისებით სარგებლობა თქვენც შეგიძლიათ.