ცათამბჯენებით, ნავსადგურით, სავაჭრო ცენტრებით და მილიონი ხალხით სავსე – ჰონგ კონგი მსოფლიოს დიადი ურბანული სივრცეა. თუმცა, ამ ხმაურიანი ქალაქის მშვიდი მხარეც არსებობს. ჰონგ კონგის ტერიტორიის სამი მეოთხედი გამწვანებულია და სალაშქრო ბილიკებს და განმარტოებულ სანაპიროებს წარმოგვიდგენს. შენი მეგზური ამ ქალაქიდან გასასეირნებელ ტურებს გირჩევთ:
1. სახლები წყალში: TAI O
მგზავრობის დრო: 1 სთ 45 წთ
ტრანსპორტი: მეტრო და ავტობუსი ან ბორანი და ავტობუსი
ისტორიულად ეს ადგილი ყოველთვის მენავეების დასახლება იყო. წყალში მდგარი ზოგიერი სახლი 200 წელსაც ითვლის.

2. ჰიპური კუნძული: LAMMA
მგზავრობის დრო: 30 წთ
ტრანსპორტი: ბორანი
ფარული სანაპიროებით ცნობილი ლამას კუნძული მშვენიერი გასაქცევია ჰონგ კონგის ცენტრის ხმაურისგან. აქ დაგხვდებათ კაფე-რესტორნები, მაღაზიები და გემრიელი ზღვის პროდუქტები.

3. პორტუგალიური მემკვიდრეობა: MACAU
მგზავრობის დრო: 1 სთ 30 წთ
ტრანსპორტი: ჩქაროსნული ბორანი
კაზინოებით ცნობილი მაკაუ “ჩინეთის ლას-ვეგასის” რეპუტაციას ფლობს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ის მნიშვნელოვნად ვითარდება, პორტუგალიური კოლონიის 300-წლოვან ისტორიას ამაყად წარმოგვიდგენს. იხილავთ მე-17 საუკუნის კათედრალის ნანგრევებს, ძველ უბანს და გუიას ციხესიმაგრეს, რომელიც ისტორიული სამხედრო კომპლექსია. აქ მდებარეობს ჩინეთის პირველი შუქურაც, რომელიც პორტუგალიელებმა ააგეს.

4. გაყევით საბაგიროს დიდი ბუდასკენ: PO LIN MONASTERY
მგზავრობის დრო: 1 სთ 30 წთ
ტრანსპორტი: მეტრო და საბაგირო, ან ბორანი და ავტობუსი
ეს ჰოგ-კონგში ჩასული ვიზიტორებისთვის ყველაზე პოპულარული საექსკურსიო მიმართულებაა. 34მ სიმაღლის ბუდა პო ლინის მონასტერთან მდებარეობს. აქ საბაგიროთი მოხვდებით. 6 კმ. სიგრძის გზის გავლისას შთამბეჭდავი ხედებითაც დატკბებით.
![]()
5. ისიამოვნეთ ლანდშაფტით: HONG KONG GLOBAL GEOPARK
მგზავრობის დრო: 2 სთ
ტრანსპორტი: მეტრო და ავტობუსი
ჰონგ კონგის გლობალური პარკი იუნესკოს დაცულ ტერიტორიათა ნუსხაშია შეტანილი. ის მოიცავს შთამბეჭდავ და სიურეალისტურ ვულკანური ქვების თაღებს და ზღვის გამოქვაბულებს. აქ მოგემსახურებათ ნავის და კაიაკის ტურები.

6. სანაპირო დასვენება: CHEUNG CHAU ISLAND
მგზავრობის დრო: 1 სთ
ტრანსპორტი: ბორანი
საყვარელი სანაპიროებით, სოფლებით და საყდრებით ცნობილი ჩონგ ჩაუს კუნძული მშვენიერი ერთდღიანი გასასეირნებელია ჰონგ კონგიდან. შეგიძლიათ ის დალაშქროთ და მოიწყოთ პიკნიკი.

7. ცურვა და ლაშქრობა: SAI KUNG
მგზავრობის დრო: 2 სთ
ტრანსპორტი: მეტრო, ავტობუსი და ტაქსი
ჰონგ კონგის ერთ-ერთი ყველაზე ხელშეუხებელი ბუნებრივი არეალია საი კანგი, რომელიც გვთავაზობს ბილიკებს, ფარულ გამოქვაბულებს და საოცარ სანაპიროებს. ლაშქრობისას გზად ბევრი ლამაზი ხედით დატკბებით.

8. ახალი ქალაქის აღმოჩენა: Shenzhen
მგზავრობის დრო: 45 წთ
ტრანსპორტი: ჩქაროსნული მატარებელი
ჩინეთის მეგაქალაქი შენჟენი ჰონგ კონგიდან სწრაფი მატარებლის საშუალებითაა ხელმისაწვდომი. ის ვიზიტორებს თანამედროვე არქიტექტურას, ხელოვნების ნიმუშებს, სარესტორნო ქსელებს და შოპინგს სთავაზობს. ასევე, აქ რამდენიმე რეტრო თემატიკის პარკი მდებარეობს.











