პალომინო შესაძლოა კოლუმბიის ყველაზე სარელაქსაციო სანაპირო ქალაქად ჩაითვალოს. აქ ხის კოტეჯებს ვარდისფერი ყვავილები ამშვენებენ, მანგოს ხეები ქარში ნაზად შრიალებენ, თუთიყეშები პალმის ხეებს შორის ფარინავენ. გაატარეთ რამდენიმე მშვიდი დღე, დააკვირდით ველურ ბუნებას, იცურავეთ ჩანჩქერებში და ეწვიეთ მომხიბვლელ რესტორნებს. პალომინო კარიბის ზღვის სანაპიროზე მდებარე დასახლებაა სადაც ღამის ცხოვრებაც განვითარებულია.
დაისვენეთ პალომინოს სანაპიროზე
პალომინოში ერთ-ერთი საუკეთესო აქტივობა მისი სანაპიროებით ტკბობაა. მთავარ სანაპიროს პალომინოს სანაპირო ეწოდება. ყურადღება მიაქციეთ ნიშნულებს, რადგანაც პალომინოს სანაპირო ზოლზე ყველგან ბანაობა დაშვებული არაა. პალომინოს სანაპირო ორ მდინარეს შორისაა მოქცეული: რიო პალომინოს და რიო სან სალვადორის. აქ სერფინგის გაკვეთილების აღებაც შესაძლებელია.

იტივტივეთ მდინარეზე
პალომინოში ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო აქტივობაა წყლის კამერაში მოთავსება და მდინარეზე ტივტივი. შეგიძლიათ დაჯავშნოთ ტური, ისინი მოგაკითხავენ სასტუმროში და უკანაც დაგაბრუნებენ. მდინარემდე 20 წუთი ფეხითაა სავალი. კამერაში ჩასხდომიდან დაახლოებით 2 სთ დაგჭირდებათ საბოლოო წერტილამდე მისასვლელად. ტურების ღირებულებაა 10-12 $.

კებრადა ვალენსიას ჩანჩქერი
ეს ჩანჩქერი პალომინოდან ავტობუსით 30 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. მშვენიერი ადგილია გასაგრილებლად. საზოგადოებრივ ტრანსპორტს სანტა მარტას მიმართულებით უნდა გაყვეთ და მძღოლს უთხრათ, რომ კებრადა ვალენსიასთან გაგიჩეროთ. ჩანჩქერამდე 30 წუთი ულამაზეს მწვანე ტყეში გავლა მოგიწევთ.

ერთ დღიანი ტური ტაირონას ეროვნულ პარკში
პალომინაში ყოფნისას აღმოაჩინეთ ბრწყინვალე ტაირონას ეროვნული პარკი. ეს დაცული ტერიტორია უნიკალურ ლანდშაფტს და სამოთხის მსგავსს სანაპიროებს აერთიანებს. დაგხვდებათ მრავალფეროვანი ველური ბუნება, სალაშქრო ბილიკები, პალმების ტყეები და ლაგუნები. ერთ-ერთი ულამაზესი სანაპიროა კაბო სან ხუანი. პარკი ღიაა 8-დან 5 საათამდე. შესვლის ღირებულებაა 13-16$. თან იქონიეთ პასპორტიც. შეგიძლიათ პალომინადან გაყვეთ სანტა მარტას ავტობუსს ან შეუერთდეთ ორგანიზებულ ტურებს.











