მედელინი კოლუმბიის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, სადაც ცათამბჯენები, მწვანე მთები და ფერადი ქუჩებია. აქ შეძლებთ სარელაქსაციო დასვენებას, შეიგრძნობთ ფანტასტიკურ ღამის ცხოვრებას და გაისეირნებთ ლამაზ ბაღებში. აქ ტროპიკული ამინდი მთელი წლის მანძილზეა. შენი მეგზური მედელინის ტოპ აქტივობებს გირჩევთ:

ელ პობლადო

ელ პობლადო ლამაზი უბანია მწვანე პარკებით, მდინარეებით და ინდუსტრიული შენობებით, რომლებიც მცენარეებითაა დაფარული. ეს არეალი ქალაქის ყველაზე მდიდრულ ნაწილად ითვლება, სადაც უცხოელები და ტურისტები ბევრ დროს ატარებენ. მართალია ის მედელინის ყველაზე ავთენტური ნაწილი არაა, მარამ მაინც საინტერესოა.

ისტორიული ცენტრი

მედელინის ისტორიულ ცენტრში ქალაქის ბევრი საკულტო ძეგლია თავმოყრილი, მათ შორის კულტურის სასახლე, ბოტეროს პლაზა, მუზეუმები და სხვა ანტიკური შენობები. ბოტეროს მოედანი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ადგილია, სადაც ცნობილი კოლუმბიელი არტისტის, ბოტეროს სკულპტურებს იხილავთ. 23 სკულპტურა მოედანს ქალაქის ღია ცის ქვეშ მოედნად აქცევს. ეწვიეთ კულტურის სასახლესაც, რომალსაც ულამაზესი ბაღები აქვს. ღიაა სამუშაო დღეებში 5 საათამდე.

კომუნა 13

კომუნა 13 წლების მანძილზე საშიშ უბნად ითვლებოდა, მაგრამ 2008 წლის შემდეგ აქ ყველაფერი შეიცვალა. მთავრობამ და მოსახლეობამ ის მომავლის უბნად აქცია. დღეს კომუნა 13 მედელინის ყველაზე კრეატიულ უბნად ითვლება გრაფიტის ხელოვნებით და მოცეკვავე ადგილობრივებით. უბანი აღმართებს და კიბეებს მოიცავს, შეგიძლიათ გამოიყენოთ საბაგიროც. შეგიძლიათ აიღოთ გიდის ტურებიც.

ციხესიმაგრის მუზეუმი

მედელინში ერთ-ერთი უნიკალური აქტივობა ციხესიმაგრის მუზეუმის მონახულებაა. ეს გოთიკური სტილის რეზიდენცია ჩეხეთის ან საფრანგეთის სასახლეს მოგაგონებთ და თითქოს კოლუმბიისგან შორს გამოგზაურებთ. ის 1930 წელს მდიდარმა კოლუმბიელმა ააშენა და დღეს საჯაროდ ღია მუზეუმეს წარმოადგენს, სადაც კლასიკური ავეჯი, ტრადიციული ნახატები და შუშის ნიმუშებია. გარდა ისტორიული არტეფაქტებისა, დატკბებით მშვიდი ბაღებით. სასახლეში შესვლის ღირებულებაა 4.5 $.

ერთდღიანი ტური გუატაპეში

გუატაპე მედელინიდან 1.5 საათის გზაზე მდებარეობს და ცნობილია მიწიდან ამოზრდილი უზარმაზარი ქვით. ეს ავთენტური ფერადი პატარა სოფელი მთებით და ტბებით, მედელინში ყოფნისას აუცილებლად მოსანახულებელი საოცრებაა. ქვა 65 მილიონი წლისაა და 10 მილიონ ტონას იწონის. მასზე ასასვლელად 675 საფეხურის ავლაა დაგჭირდებათ, რის შემდეგაც საოცარი ხედებით დაჯილდოვდებით. პიედრა დელ პენოლი ღიაა მთელი წლის მანძილზე 8-დან 6 საათამდე. ბილეთის ფასია 5 $.

ღამის ცხოვრება

მედელინში მთელ კოლუმბიაში განთქმული ღამის ცხოვრებაა. აქ ბევრი ფერადი ბარი, ტერასა და ცოცხალი ატმოსფეროა. გირჩევთ რამდენიმე საუკეთესო სივრცეს:

  • Berlin Bar
  • La Octava Bar
  • Vintrash
  • Parque Lleras (პარკი ბარებით და ღამის კლუბებით)

შეგიძლიათ ასევე შეუერთდეთ გასართობ ავტობუსებს (Chivas), რომლებიც კოლუმბიაში ტიპურ გამოცდილებას წარმოადგენენ. ავტობუსებში განათებები და ხმამაღალი მუსიკაა. ისინი ბარებთან ჩერდებიან.

ბოტანიკური ბაღი

ბოტანიკური ბაღი მედელინის წყნარი ოაზისია, სადაც ქაოსური მეტროპოლისიდან გაქცევას შეძლებთ. აქ 4500-ზე მეტი ყვავილის სახეობა იზრდება და 140-ზე მეტი ჩიტის სახეობა ბინადრობს. ერწვიეთ პეპლების ბაღსაც. შესვლა უფასოა.

მუზეუმები

მედელინი კრეატიული ქაალქია და აქ ბევრ მუზეუმს ნახავთ, სადაც კოლუმბიის ისტორიას და კულტურას შეისწავლით. მათ შორისაა:

  • ისტორიის მუზეუმი (Memory House Museum)
  • ინტერაქციული სამეცნიერო მუზეუმი (Parque Explora)
  • ხელოვნების მუზეუმი (Museo de Antioquia)
  • თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (Museo de Arte Moderno)

იცოდეთ, რომ მუზეუმები მედელინში ორშაბათობით დაკეტილია.

არვის პარკი

არვის პარკი (Parque Arvi) ლამაზი ეკოლოგიური პარკია. ვიზიტორებმა ის საბაგიროს საშუალებით უნდა მოინახულონ. ეს ეკოლოგიური პარკი მწვანე ლანდშაფტს წარმოგვიდგენს სალაშქრო ბილიკებით. შესვლა უფასოა. საბაგიროს ფასი 7$ ორივე გზა.