ვენა მსოფლიოშია ცნობილი ელეგანტური ყავის სახლებით, რომლებმაც საკუთარი კარი საუკუნეების წინ გააღეს. მისი ისტორიული კაფეტერიები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსსაც კი ფლობენ. ავსტრიის დედაქალაქში ჩვენ საუკეთესო კაფეებს გირჩევთ სხვადასხვა გემოვნებისათვის. მანამდე კი რამდენიმე სიტყვას გაგიზიარებთ მათი მენიუებიდან: Schwartzer – ყავა ესპრესოა, Verlängerter კი ამერიკანო. დაუკვირდით, Mocca ხშირად ესპრესოს აღნიშნავს და ის არაა ყავა Mocha. Brauner ესპრესოა კრემით, ხოლო ვენური Melange კაპუჩინოს წააგავს.

1. Café Prückel

მისამართი: Stubenring 24, Innere Stadt

ვენის ეს გამორჩეული ყავის სახლი პირველად 1904 წელს გაიხსნა და მის დეკორაციებში მეოცე საუკუნის შარმი დღემდე იგრძნობა. ეს მართლაც მყუდრო სამოთხეა. ტრადიციული ყავა ლატედან ორმაგ ესპრესომდე აქ ყველაფერი იდეალურად მზადდება. მიირთვით ნამცხვრებიც. გირჩევთ ცივ ამერიკანოსაც ვანილით.

2. Café Central

მისამართი: Herrengasse 14, Innere Stadt

ეს საკულტო ვენური ყავის სახლი ისტორიაშია ჩაძირული და ახალგაზრდა არტისტებს, მწერლებს და ინტელექტუალ ადამიანებს იზიდავს პოლიტიკაზე და ფილოსოფიაზე დებატების გასამართად. ის მე-19 საუკუნეში გაიხსნა. აქ ხშირად იყვნენ ზიგმუნდ ფროიდი და ტროცკი. ეწვიეთ მას ყავაზე და ნამცხვარზე, განსაკუთრებით ესპრესოზე და მელანჟის ყავაზე.

3. Jonas Reindl

მისამართი: Währinger Str. 2-4, Alsergrund

აქ გამორჩეული დაფქული ყავა აქვთ, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია სტუდენტებში. ეს კაფე ვენაში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე კაფეტერიაა. გემრიელია ცივი ყავებიც.

4. Cafe Hawelka

მისამართი: Dorotheergasse 6, Innere Stadt

ქალაქის კიდევ ერთი ტრადიციული ადგილი ყავის დასალევად და სასაუბროდ ეს კაფეა, რომელიც თავის ბოჰემურ სტილს მას შემდეგ არ ცვლის რაც მეოცე საუკუნის შუა რიცხვებში გაიხსნა. ესეც არტისტების და მწერლების საყვარელი ადგილია, მათ შორის ენდი უორჰოლის. დააგემოვნეთ მეპატრონის სპეციალური რეცეპტით დამზადებული ტკბილეული – Buchteln.

5. Pelican Coffee Company

მისამართი: Pelikangasse 4, Alsergrund

კიდევ ერთი ძალიან კარგი კაფეტერია წყნარ ქუჩაზე მდებარეობს მერიის შენობასთან. ის პოპულარულია ყავის მოყვარულებში თავისი ფუტურისტული სასმელებით. თუ დილით მიხვალთ, ინტერიერი არც ისე გადატვირთული იქნება. გირჩევთ ესპრესოს ან ფილტრის ყავას.

6. Café Landtmann

მისამართი: Universitätsring 4, Innere Stadt

ერთ-ერთი უძველესი ვენის ყავის სახლი მე-19 საუკუნით თარიღდება და ის პოპულარულია სტუდენტებშიც, ადგილობრივებშიც და ტურისტებშიც. აქ დაგხვდებათ ხის ავეჯი, ხავერდის ფარდები და ძველი ვენის ატმოსფერო. ის ქალაქის მერიასთან და საიმპერატორო სასახლესთან ახლოს მდებარეობს და მშვენიერი ადგილია ღირსშესანიშნაობების მონახულებებს შორის ყავის დასალევად. მიირთვით შოკოლადის ნამცხვარი ან “მარია ტერეზა”.

7. Balthasar Kaffee Bar

მისამართი: Praterstraße 38, Leopoldstadt

ლეოპოლდშტადის არეალში მდებარე ეს ყავის ბარი კიდევ ერთი თანამედროვე კაფეა, “ახალი სიტყვა ვენის ყავის ცხოვრებაში”. აქ დასხდებით ინტერიერშიც და ტერასაზეც. გირჩევთ ფილტრის ყავას, კაპუჩინოს ან ცივ ესპრესოს.

8. Café Korb

მისამართი: Brandstätte 7/9, Innere Stadt

ზიგმუნდ ფროიდის და ენდი უორჰოლის კიდევ ერთი ფავორიტი ადგილი ლეგენდარულ ადგილას, წმ სტივენის კათედრალის სიახლოვეს მდებარეობს. ის 1904 წელს გაიხსნა, მაგრამ 60-იან წლებში განაახლეს, რამაც მას შუა საუკუნეების ატმოსფერო შესძინა. ინტერიერი სასიამოვნოა ცივ ან წვიმიან დღეებში. აქ ბევრი ტრადიციული ყავა და საავტორო სასმელებია. გირჩევთ ვაშლის შტრუდელსაც.