რომი საკმაოდ ცოცხალი ქალაქია, სადაც ჩასვლისას ბევრს დარჩენაც კი უნდება. იტალიის დედაქალაქს 1 კვირაში ვერანაირად ამოწურავთ, რადგანაც ყველა მიმართულებით რაღაც საინტერესო, შთამაგონებელი და კრეატიული იმალება. ჩვენ 6 გამორჩეულ მაღაზიას გირჩევთ სამახსოვრო შენაძენისთვის ან უბრალოდ დასათვალიერებლად.
საუკეთესო სუვენირებისთვის: Co. Ro Jewels
მოგზაურობის დროს, ვცდილობთ ჩანთა იაფი სუვენირებით გავავსოთ. სხვა ქალაქების მსგავსად, რომის ქუჩებიც სავსეა ისეთი ნივთებით, რომლებსაც ყველა ქალაქში აღმოაჩენთ. თუ სახლში რაიმე განსაკუთრებულის წაღება გსურთ, ამ მაღაზიას მიმართეთ, რომელიც პიაცა ნავონასთან ახლოს მდებარეობს. აქ იხილავთ უნიკალური დიზაინის და ფორმის სამკაულებს, ჩანთებს, აქსესუარებს, ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც ქალაქის ღირსშესანიშნაობების: კოლიზეუმის, პანთეონის და სხვა ძეგლების რეპლიკას წარმოადგენენ. ეს სუვენირები მთელი ცხოვრება გაგყვებათ.
საუკეთესო ადგილობრივი დიზაინისთვის: Hang Roma
მონტი რომის ის უბანია, საიდანაც ინსტაგრამზე ფოტოებს ყველაზე ხშირად დებენ. გაისეირნეთ ამ მომხიბვლელი ფასადების გასწვრივ და დაათვალიერეთ ადგილობრივი დიზაინერების მაღაზიები. ერთ-ერთი საუკეთესოა Hang Roma დელი ზინგარის ქუჩაზე. აქ სხვადასხვა დიზაინერის ერთად თავმოყრილი ხელნაკეთი ტყავის ჩანთები, ქამრები, პოსტერები და სხვა ნივთებია.
საუკეთესო ბიუჯეტურობისთვის და ვინტაჟისთვის/Affare Fatto
ეს რომის ერთ-ერთი ყველაზე გასართობი მეორადის მაღაზიაა. იმის გამო, რომ ის გაეროს კვებისა და აგრიკულტურის სათაო ოფისის სიახლოვეს მდებარეობს, სავსეა დიპლომატების მიერ შემოწირული და თითქმის გამოუყენებელი ნივთებით: კერამიკით, ტანისამოსით და უცხო ნივტებით.
საუკეთესო საკვებისთვის: Mercato Testaccio
რომი ერთი დიდი კვების ბაზრობაა. აქ გემრიელი და უცხო სურნელები ყველგან შემოგეგებებათ. მაგრამ, მერკატო ტესტაჩიო მაინც განსაკუთრებულია. აქ სხვადასხვა ნივთების მაღაზიები და დახლებიცაა და საკვებთან ერთად ტყავის ჩანთების და სახლის ნივთების შეძენაც შეგიძლიათ. საკვებიდან კი აუცილებლად შეიძინეთ ყველი, პასტა და ნატურალური ღვინო.
საუკეთესო წიგნებისთვის: Spazio Sette
თუ წიგნის მაღაზიები გიყვართ, ამ ადგილს რომში აუცილებლად უნდა ეწვიოთ. მისი ფრესკოებით მორთული ჭერი და მყუდრო კაფე აუცილებლად მოგხიბლავთ.
საუკეთესო ხელოვნების სუვენირებისთვის: Trevimage
თუ ფოტოგრაფია გიყვართ, ეს მაღაზია ულამაზესი ფოტოების გალერეას წარმოადგენს. ის გარანტიას გაძლევთ, რომ მოგონებას შეინახავთ არამხოლოდ ფოტოთი, არამედ ძლიერი გრძნობით. ჩაიბეჭდეთ რომში ვიზიტი სასურველი ფოტოთი.