მაროკოს “წითელ ქალაქში” შეგიძლიათ გასაოცარი ისტორიული მონუმენტები, სასახლეები და მუზეუმები მოინახულოთ; დაათვალიეროთ მედინას ბაზრობები და ქალაქის მოედნის მაგიაში ჩაიძიროთ. უიქენდი მარაქეშში დაუვიწყარ მოგონებებს შეგძენთ.

დღე 1

დღე

დაიწყეთ ჯემა ელ ფნათი (Djemaa El Fna), მარაქეშის მთავარი მოედნით, სადაც კაფეში გემრიელი პიტნის ჩაის ან ყავის დალევაც შეგიძლიათ. გაუყევით ცოცხალ ქუჩებს მოედნის გარშემო. შემდეგ გაეშურეთ მაროკოს კულინარიის ხელოვნების მუზეუმისკენ (Musée de l’Art Culinaire Marocain), რომელიც ეროვნულ სამზარეულოს ეძღვნება. ამის შემდეგ ეწვიეთ ულამაზეს ბაჰიას სასახლეს, რომელიც 1860 წელს აშენდა. ის მაროკოს არქიტექტურის შედევრია.

საღამო

მოსაღამოებულზე ჩაიძირეთ ისევ ჯემა ელ ფნას ატმოსფეროში. აქ ქუჩის შემსრულებლები მხიარულ საფესტივალო განწყობას ქმნიან, დახლებზე კი გემრიელ ხემსებს დააგემოვნებთ. შაბათ-კვირას ხშირად ნახავთ მუსიკოსებს, მოცეკვავეებს და აკრობატებს. ღამით შეგიძლიათ დატკბეთ ხედებით ტერასული კაფეებიდან.

დღე 2

დღე

მეორე დღეს გაეშურეთ მაჯორელის ბაღში, მაროკოს ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას. დაჯავშნეთ ბილეთი ონლაინ რათა ხალხმრავლობას გაექცეთ. გაისეირნეთ ბამბუკებსა და პალმებს შორის და დატკბით ფრანგი მხატვრის, ჟაკ მაჯორელის ესთეტიკური ხედვებით. არ გამოგრჩეთ პიერ ბერჟეს მუზეუმი, შემდეგ ივ სენ ლორენის მუზეუმი, რომელმაც მაჯორელის ბაღები კიდევ უფრო გაამშვენიერა.

შემდეგ დატკბით არტ დეკოს კინოთეატრით და სხვა შენობებით, რომლებიც მოჰამედ ზერკტუნის (Boulevard Mohamed Zerktouni) გამზირზეა ჩამწკრივებული. დღე გააგრძელეთ ვილა ნუველის ხელოვნების გალერეების და მაღაზიების დათვალიერებაში. ბოლოს მიადგებით მარაქეშის ხელოვნების და კულტურის მუზეუმს ფოტოგრაფიის და მხატვრობის დიდი კოლექციებით. ღამისთვის კი გირჩევთ პეტანკის სოციალურ კლუბს (Pétanque Social Club) სადაც ლაივ მუსიკა და კოქტეილები დაგხვდებათ.

დღე 3

დღე

გაისეირნეთ შთამბეჭდავ ალი ბენ იუსეფ მედერსას ისლამურ სკოლაში (Ali Ben Youssef Medersa), რომელიც მე-14 საუკუნით თარიღება და ერთ დროს ჩრდილოეთ აფრიკაში უდიდესი იყო. განაგრძეთ ვიზიტი ფოტოგრაფიის სახლში და იხილეთ მაროკოს დასამახსოვრებელი ფოტოები.

დღე განაგრძეთ რაჰბა კედიმაში (Rahba Kedima), სადაც დახლებზე ბევრი საკმაზი და ტრადიციული ხემსია. შემდეგ მოინახულეთ მუსიკის მუზეუმი და საიდუმლო ბაღები (Le Jardin Secret). არქიტექტურით და ფლორით ტკბობის შემდეგ შეგიძლიათ ჰამამსაც ეწვიოთ.

ვახშამს გირჩევთ არაბულ სახლში (La Maison Arabe), სადაც როგორც საერთაშორისო, ასევე მოროკოულ კლასიკურ კერძებს დააგემოვნებთ ლაივ მუსიკის ფონზე.