ბალი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ადგილია – ძლიერი სულიერების, ბუნების, აქტიურობის და გართობის ნაზავი. აქ ყველა ტიპის მოგზაურები ჩამოდიან ბრინჯის ტერასების თუ ანტიკური საყდრების, დრამატული ვულკანების, ტალღებში სერფინგის, ღამის ცხოვრების თუ უბრალოდ სანაპიროზე წოლის გამო. ჩვენ აქ საუკეთესო 7 დღიან გეგმას წარმოგიდგენთ კუნძულის შესაგრძნობად.
დღე 1: კანგუ (Canggu) ან სემინიაკი (Seminyak)
ეს ბალის პოპულარული სანაპირო ქალაქებია, აეროპორტიდან 1 საათის სავალ გზაზე. აქ დაგხვდებათ აქტიური სოციალური გარემო, შესანიშნავი საკვები და ფანტასტიკური სანაპიროები. კანგუ ცნობილია ბოჰემური ატმოსფეროთი, საყვარელი კაფეებით, პატარა ბუტიკებით და სერფინგის ბრწყინვალე პირობებით. თუ უფრო ბიუჯეტურ დასარჩენს ეძებთ, მაშინ სემინიაკს გირჩევთ. აქაც ულამაზესი სანაპიროები და პოპულარული სანაპირო კლუბებია. აღსანიშნავია, რომ ამ ორ ქალაქს შორის სამანქანო მანძილი 20 წუთია, ხოლო თუ სანაპიროს ფეხით გაუყვებით, 40 წუთი დაგჭირდებათ.

კანგუს ცენტრალური ადგილებია ბათუ ბოლონგი და ბერევა კაფე-რესტორნებით, ხოლო სემინიაკში გაიარეთ ჯალანის (Jalan Kayu Aya) ქუჩაზე, რომელსაც “ჭამის ქუჩასაც” უწოდებენ.
ბარები კანგუში: La Brisa, The Lawn (ოკეანის ხედებით)
ბარები სემინიაკში: Potato Head Beach Club, Mari Beach Club.

კანგუში აუცილებლად მოინახულეთ გასაოცარი ტანა ლოტის საყდარი (Tanah Lot Temple). ეს წმინდა ძეგლი უჩვეულო ქვის ფორმაციებზე დგას და მზის ჩასვლის საყურებლად მშვენიერი ადგილია. შესვლის ღირებულებაა 4$.

დღე 2 + 3: უბუდი
სანაპიროზე გატარებული დროის შემდეგ, ეწვიეთ კუნძულის შიდა ნაწილს ბალის კულტურული და სულიერი მხარის გამოსაკვლევად. უბუდში ბევრი რამის ნახვა და გაკეთებაა შესაძლებელი, ამიტომაც მას 2 დღე უნდა დაუთმოთ. შთამბეჭდავი ბრინჯის ტერასები (Tegalalang) უბუდის ცენტრიდან 20 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს და აუცილებლად სანახავი ბუნების სილამაზეა სიმწვანითა და პალმებით. უბუდის ბაზრობა ყოველდღე დილის 9 საათზე ეწყობა ცენტრალურ მოედანზე. ბაზრობა სავსეა ლამაზი ხელნაკეთი ნივთებით: მოწნული ჩანთებით, ტყავით, სამკაულებით და სუვენირებით.

რა უნდა მოინახულოთ:
Campuhan Ridge – ამ გასაოცარ ადგილს მზის ჩასვლისას უნდა ეწვიოთ. ეს პოპულარული 2 კილომეტრიანი გზა მეზობელ სოფელში მიდის, სადაც შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ძაღლს ასეირნებენ ან მედიტირებენ.
Pura Tirta Empul – ეს ანტიკური ჰინდუს საყდარი წმინდა რიტუალების ჩატარების ადგილია უკვე 1000 წელზე მეტია. იუნესკოს ეს დაცული მემკვიდრეობის ძეგლი ერთადერთი საყდარია ბალიზე, სადაც ტურისტებს უფლება აქვთ რიტუალების ნაწილები გახდნენ.

Goa Raja Waterfall – ეს ულამაზესი ჩანჩქერი უზარმაზარ გამოქვაბულშია დამალული და სასიამოვნო ადგილია შუადღეს სიცხეს რომ გაექცეთ. მის დასალაშქრად სულ რაღაც 15 წუთიანი გზის გავლა მოგიწევთ.

Monkey Forest – ბალის ყველაზე ცნობილი ტურისტული მიმართულებაა. აქ 700-მდე მაიმუნი ბინადრობს. ტყის დასათვალიერებლად 2 სთ მაინც დაგჭირდებათ.
როგორ მოხვდებით კანგუდან ან სემინიაკიდან უბუდში: დაქირავებული მანქანით ან სკუტერით 30 წუთში. ტაქსის ღირებულებაა 10-20 $.

დღე 4: 1 დღიანი ტური ბატურის მთაზე
ვულკანები ბალის მნიშვნელოვანი ნაწილია, ისინი კუნძულს უნიკალურობას ძენენ. მთა ბატურზე ასვლის შემთხვევაში საშუალება გაქვთ ვულკანური წარმონაქმნები იხილოთ და მთის ულამაზესი ლანდშაფტით დატკბეთ. მწრვევალიდან საოცარი ხედები იშლება განსაკუთრებით მზის ჩასვლისას. შეუერთდით გიდის ტურებს ამ სილამაზის სანახავად. ბატურზე დაგხვდებათ ცხელი წყაროები და ღია აუზები სარელაქსაციოდ.

დღე 5: 1 დღიანი ტური ნუსა პენიდაზე
Nusa Penida კუნძული-სამოთხეა კრისტალივით სუფთა წყლით, დრამატული კლდეებით და საოცარი ოკეანის ხედებით. ნავსადგურიდან 30 წუთის გზაზე ულამაზეს გადმოსახედებს გადააწყდებით: Paluang Cliff & Kelingking Point. ასევე, გაისეირნეთ სანაპიროზე: Broken Beach, სადაც ბუნების მიერ წარმოქმნილი ხიდი მდებარეობს. დღის დანარჩენი ნაწილი დაისვენეთ კრისტალის სანაპიროზე პალმებითა და სუფთა წყლით.

უბუდიდან ნუსა პენიდაში შეგიძლიათ გაყვეთ ბორანს, რომელსაც 2 საათი სჭირდება. მისი ფასია 15$. ნუსა პენიდას მონახულების შემდეგ ისევ ბორნით ისარგებლეთ და სანურის პორტიდან გაყევით ულუვატუმდე. ღამეც იქ გაატარეთ.

დღე 6: ულუვატუ
ულუვატუ სერფერების სამოთხეა, ბალის სამხრეთ სანაპიროზე, კანგუს, სემინიაკის და კუტას ხალხმრავლობისგან მოშორებით. ეს მშვენიერი ადგილია ბალის ბოლო დღეების გასატარებლად. ეწვიეთ მის სანაპიროებს, სადაც ბევრი ხალხი არაა. ულუვატუს კლდეზე მზის ჩასვლისას ყოველ საღამოს ტრადიციული ბალის ცერემონიალები ეწყობა. ამ ცეკვების ხილვა დაუვიწყარ შთაბეჭდილებას გაჩუქებთ.
ულუვატუს აეროპორტში ცენტრიდან 30-40 წუთში მოხვდებით. ტაქსის ღირებულებაა 15$.











