მალაიზიის დედაქალაქი კუალა ლამპური კულტურულად მრავალფეროვანი ადგილია და ტურისტებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის აერთიანებს ჩინურ, ინდურ და მალაიზიურ კულტურას და ამიტომაც, აქ საკვები ფანტასტიკურია, ინგლისური კი ფართოდ ნაცნობი. ქალაქი ცნობილია ცათამბჯენებითა და სავაჭრო ცენტრებით, მაგრამ მას მეტის შემოთავაზება შეულია. ეს ქალაქი სინგაპურს წააგავს, მაგრამ მასზე გაცილებით ბიუჯეტურია. ჩვენ აქ საუკეთესო 3 დღეს დაგიგეგმავთ:
დღე 1 – ფარული კუალა ლამპური
ბათუს გამოქვაბულები და ცისარტყელას კიბე
ადექით დილით ადრე ბათუს გამოქვაბულების სანახავად და აიარეთ 272 კიბის საფეხური, რომელიც ცისარტყელას ფერებშია შეღებილი. გამოქვაბულების წინ უზარმაზარი ოქროს ქანდაკება შემოგეგებებათ. აქ მოხვდებით ტაქსით ან ადგილობრივი ავტობუსით, მაგრამ უმჯობესია თუ უიქენდებზე ან საჯარო დღესასწაულებზე არ ეწვევით.

გადადით ხიდებზე ეკო ტყეში
ქალაქის ცენტრში, დატვირთული ქუჩების მიღმა, ” Eco Forest” იმალება. გაიარეთ გამოკიდებულ ხიდებზე პირდაპირ ტყეში და მოიწყვეთ სასიამოვნო გასეირნება. შესვლის ღირებულებაა 9 $.

მიირთვით ლანჩი საკვებ ობიექტში: Leaf & Co.
ამდენი სიარულის მერე, გემრიელად უნდა ისადილოთ. ჩვენ ამ ობიექტს გირჩევთ ადგილობრივი და დასავლური უგემრიელესი კერძებით.

სულთან აბდულ სამადი და მერდეკას მოედანი
მერდეკა პატარა მწვანე მოედანია, საიდანაც მალაიზიის დამოუკიდებლობის ისტორია იღებს სათავეს. ის დღეს ადგილობრივთა საყვარელი დასასვენებელი სივრცეა. აქ კუალა ლამპურის ულამაზესი შენობა სულთან აბდულ სამადი მდებარეობს.

დაასრულეთ დღე კუალა ლამპურის ყველაზე დამალულ კაფეში
კუალა ლამპურში მდებარე ეს კაფე ისეთი საიდუმლო ადგილია, რომ მის შესახებ ინფორმაციას ვერც გზამკვლევებში იპოვნით და ვერც ადგილობრივებისგან გაიგებთ. Merchant’s Lane Cafe-ის შესასვლელი პატარა ლურჯი კარებია გაზეთების მაღაზიის პირდაპირ. ის მშვენიერი ადგილია სარელაქსაციოდ და ყავის დასალევად. მერდეკას მოედნიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალ გზაზე.

დღე 2 – კულტურა
კუალა ლამპური მრავალფეროვანი კულტურის ადგილია. არ აქვს მნიშვნელობა რელიგიას, რასას, ეთნიკურობას და კანის ფერს, აქ ყველა ჰარმონიაში ცხოვრობს ერთმანეთთან და ყველა დიდი პატივისცემით გამოირჩევა.
საყდარი: Thean Hou Temple
ეს სამხრეთ აზიის უდიდესი ჩინური საყდარია. ის პატარა მთაზეა აგებული, მთავარი ცენტრის მიღმა და მისი სახურავიდან მთელი ქალაქის დანახვაა შესაძლებელი. შესვლა უფასოა.

ლანჩი: VCR
მეორე დღეს ლანჩისთვის ამ კაფეს გირჩევთ, სადაც კუალა ლამპურში საუკეთესო ყავას ამზადებენ. აქ გემრიელი წასახემსებელი და ნამცხვრებია.

ბაზრობები
არ აქვს მნიშვნელობა, სუვენირებს ეძებთ, ფეხსაცმელს თუ ტანისამოსს, ცენტრალური ბაზრობა (Central Market) და პეტალინგის ქუჩის ბაზრობა (Petaling Street Market) ჩაინათაუნში, აქ საუკეთესო ადგილებია საშოპინგოდ. პირველი მათგანი უფრო მეტად ფლი მარკეტს წააგავს.

სავაჭრო ცენტრები
კუალა ლამპურს უზარმაზარი სავაჭრო ცენტრები აქვს, სადაც ცნობილ ბრენდებს ნახავთ. ერთ-ერთი მეგა მოლია: “პავილიონი”. აქ ნახავთ სამოსს, საკვებს, ელექტრო მოწყობილობებს, მოდის ნივთებს და აშ.

ჯალან ალორის ღამის ბაზრობა
Jalan Alor Night Market – კუალა ლამპურში საუკეთესო ქუჩის კვების ადგილია. აქ ბევრი დახლი დაგხვდებათ სხვადასხვა გემოებით და დააგემოვნებთ ნამდვილ მალაიზიურ სამზარეულოს ბიუჯეტურ ფასებში.

დღე 3 – მთავარი ღირსშესანიშნაობები
ვილაის მეჩეთი
Wilayah Mosque – 2000 წელს გაიხსნა და მიდი არქიტექტურა სტამბოლის ლურჯი მეჩეთითაა შთაგონებული. კედლის და ჭერის დეტალები აქ ნამდვილად მოგხიბლავთ. შესვლა უფასოა, უბრალოდ შესასვლელში სპეციალური მოსაცმელი უნდა აიღოთ.

ლანჩი ადგილობრივის მსგავსად
საკვები ობიექტი: Ali, Muthu & Ah Hock Kopitiam საუკეთესო მალაიზიურ საუზმეს და ლანჩს გთავაზობთ და აქ დაახლოებით 3 დოლარადაც გემრიელ პორციას მიირთმევთ.

პერდანას ბოტანიკური ბაღი
კუალა ლამპურის ულამაზესი ბოტანიკური ბაღი უამრავი სხვადასხვა მწვანე სივრცით დატვირთული ქალაქის ცენტრის სიახლოვეს მდებარეობს. მთელ პარკს 1 საათში მოივლით და მის ფლორა-ფაუნას გაეცნობით. აქ მდებარეობს ჩაის პლანტაციებიც. ბაღში შესვლა უფასოა, მაგრამ ჩიტების და პეპლების განყოფილებაში ფასიანი.

პეტრონას კოშკები
ეს კოშკები მსოფლიოში სიდიდით რიგით მეორე ტყუპი კოშკურები არიან და მალაიზიის ცნობილ ძეგლებად ითვლებიან. საღამოობით ეს 452 მეტრიანი შენობები ნათდებიან და მის უკან მდებარე პარკიდან (KLCC) მშვენიერი ხედებით დატკბებით.

ტერასული ბარი
დღის დასრულებას გირჩევთ ბარში, რომელიც ქალაქს გადმოჰყურებს: The Helipad Lounge. დალიეთ სასმელი და უყურეთ მზის ჩასვლას 36-ე სართულიდან.











