როდესაც ადამიანები კოტ-დ’აზიურს ანუ “ცისფერ სანაპიროს” წარმოიდგენენ, თვალწინ მაშინვე კანისა და სან-ტროპეს გლამურული კურორტები უდგებათ, თუმცა ხალხმრავლობას თავი შეგიძლიათ ჰიერესში (Hyères) დააღწიოთ. ეს ქალაქი სან-ტროპეს დასავლეთით მდებარეობს და მდიდარი ისტორიითა და ბრწყინვალე სანაპიროებით გამოირჩევა. სამი დღე სრულიად საკმარისია პროვანსის ამ მშვიდი კუთხის უკეთ გასაცნობად. მიუხედავად იმისა, რომ ჰიერიესი რივიერის ერთ-ერთი ყველაზე წყნარი ადგილია, აქ მაინც დაგხვდებათ ყველაფერი, რაც ფრანგულ კოტ-დ’აზიურს ახასიათებს: ისტორიული შენობებიდან და სანაპიროებით დაწყებული, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებით დამთავრებული. შენი მეგზური გირჩევთ თუ როგორ უნდა გაატაროთ იდეალური უქმეები ჰიერესში.

აქ ვიზიტისთვის საუკეთესო დროა გაზაფხული ან შემოდგომა; ზაფხულში აქაურობა უფრო ხალხმრავალი და ძვირია, ხოლო არასეზონზე, ოქტომბრიდან მარტამდე, ზოგიერთი რესტორანი და ობიექტი იკეტება.
როგორ მოვხვდებით ქალაქში აეროპორტიდან: ყველაზე ახლოს მდებარეობს ტულონ-იერესის აეროპორტი (Toulon-Hyères Airport), რომელიც ცენტრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 3 კილომეტრშია. აქ ფრენები მთელი წლის განმავლობაში სრულდება პარიზიდან, ხოლო სეზონურად, ევროპის სხვა ქალაქებიდან. ქალაქამდე მისასვლელად რამდენიმე გზა არსებობს:

ტაქსი: მგზავრობას მხოლოდ 10 წუთი სჭირდება და დაახლოებით 20 ევრო (€) დაგიჯდებათ.
ავტობუსი: უფრო ბიუჯეტური ვარიანტია N63 ავტობუსი, რომელიც ზამთარში დილის 7-დან საღამოს 7 საათამდე საათში ერთხელ მოძრაობს, ზაფხულში კი უფრო ხშირად. ძველ ქალაქთან ყველაზე ახლოს მდებარე გაჩერებაა „ჟან ჟორესი“ (Jean Jaurès).

დღე 1
ჰიერესში პირველი დღე ახლომდებარე კუნძულ პორკეროლის (Île de Porquerolles) სანაპიროებს დაუთმეთ.
დილით: თუ კარგი ამინდია, ისარგებლეთ შემთხვევით და დატკბით კუნძულის ულამაზესი სანაპიროებით. ბორნის ბილეთი წინასწარ დაჯავშნეთ TLV-ის საიტზე (რეისები დაახლოებით ყოველ საათში სრულდება). კუნძულზე, პორტში ჩასვლისთანავე, ველოსიპედების გაქირავების არაერთ პუნქტს შეხვდებით.

დღისით: პორკეროლში ჩასვლისას შეგიძლიათ ჯერ პორტი დაათვალიეროთ, შემდეგ კი ბორცვზე მდებარე XIV საუკუნის სან-აგათას ციხესიმაგრეს ეწვიოთ შთამბეჭდავი ხედებისთვის. ამის შემდეგ კი დროა სანაპიროს მიაშუროთ ან ტყეებსა და ვენახებში ველოსიპედით გაისეირნოთ. თუ განმარტოება გსურთ და ხალხმრავლობას ერიდებით, მიაშურეთ ნოტრ დამის სანაპიროს, სადაც ფეხით 45 წუთში, ველოსიპედით კი 20 წუთში მოხვდებით. განსაკუთრებული სილამაზისთვის გირჩევთ პორტის დასავლეთით მდებარე არჟანის სანაპიროს (Plage d’Argent), რომელიც ხშირად საფრანგეთის ულამაზეს პლაჟადაა აღიარებული.

კუნძულის გარშემო უამრავი დამალული ყურეა მიმოფანტული, სადაც კრისტალივით სუფთა წყალი დაგხვდებათ; მაგალითად, სამხრეთ სანაპიროზე მდებარე “Calanque de l’Oustaou-de-Diou” ნამდვილი სამოთხეა ბუნებაში განმარტოების მოყვარულთათვის. შეგიძლიათ დაკავდეთ სნორკელინგის სერვისით.
ლანჩისთვის გირჩევთ რესტორანს – La Plage d’Argent, კოქტეილებისთვის – L’Orangerie-ს; ღამის გართობისთვის კი ბარს – Vinoterre Happy.

დღე 2
თქვენი მეორე დღე ჰიერესის შუა საუკუნეების ციხესიმაგრესა და ქალაქის შაბათის ბაზრობას დაუთმეთ.
დილით: მეორე დღე აუჩქარებლად დაიწყეთ და მიენდეთ ფრანგების ხელოვნებას: იყოთ უბრალოდ დამკვირვებელი. Café Vola დილის 9 საათზე იხსნება; აქ იდეალური ესპრესო და მყუდრო, უბნის ბისტროს ატმოსფერო დაგხვდებათ. სან-პოლისა და მასიონის მოედნებზე მდებარე კაფეებიც მშვენიერი ადგილებია ხალხის “სათვალთვალოდ”.

დღისით: თუ თავს კაფეს ტერასიდან წამოდგომას აიძულებთ, გაისეირნეთ ჰიერესის შაბათის დილის ბაზრობაზე, რომელიც მთელ ძველ ქალაქსა და გამბეტას გამზირს იკავებს. ეს შესანიშნავი ადგილია სეზონური პროდუქტების შესაძენად. წელიწადის ნებისმიერ დროს იპოვით რაღაც ახალსა და გემრიელს: ბოლოკს გაზაფხულზე, ნესვს ზაფხულში, სოკოსა და წაბლს შემოდგომაზე, ხოლო ზამთარში კი ტკბილ მურაბებს. იყიდეთ პური, თხის ყველი, ადგილობრივი ნობათი და თან გაიყოლეთ ხემსად.

შემდეგ აისეირნეთ სან-კლერის სასახლისკენ. ეს არის ბრწყინვალე ნეო-რომანული სტილის სასახლე, რომელიც ძველი მონასტრის საძირკველზეა აგებული. მისი პარკი აღიარებულია, როგორც „გამორჩეული ბაღი“. აქ 6500 კვადრატულ მეტრზე გაშენებული ყვავილები და ტროპიკული მცენარეები დაგხვდებათ. შეგიძლიათ საათობით ისეირნოთ პარკში და ზღვის თვალწარმტაცი ხედებით დატკბეთ.

კასტელ სენტ-კლერიდან შეგიძლიათ გზა კიდევ 20 წუთით გააგრძელოთ კასტეუს ბორცვის მწვერვალზე მდებარე ჰიერესის ციხესიმაგრისკენ (Château d’Hyères). ეს შთამბეჭდავი ციხესიმაგრე პროვანსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი ნაგებობა იყო, მისი საძირკველი კი X საუკუნით თარიღდება. ფეხით ასვლისთვის საკმაოდ ციცაბოა, თუმცა სანაცვლოდ ქალაქისა და სანაპიროს საოცარი ხედებით დაჯილდოვდებით. აქ შეგიძლიათ გაშალოთ ბაზრობაზე ნაყიდი პროდუქტები და პანორამული ხედების ფონზე ისადილოთ.

საღამო: მოგვიანებით ჰიერესის მაღაზიებს ესტუმრეთ. გოდიოს სახლი (Maison Godillot) ამ მხრივ გამორჩეული ადგილია. აქ ნახავთ როგორც საოჯახო ნივთებს, ისე ადგილობრივ ნობათს. ქალაქის ქუჩებში ასევე შეხვდებით არაერთ სამხატვრო გალერეას და ილუსტრაციების საყვარელ მაღაზიას: God Save the Teatime. სავახშმოდ გირჩევთ ზღვის პროდუქტების რესტორანს: Au Fil de l’Eau. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ადგილობრივი ლუდის არჩევანი.

დღე 3
ბოლო დღეს, აუჩქარებელი ლანჩის შემდეგ, დრო ხელოვნებას დაუთმეთ.
როგორ გავატაროთ დღე: თქვენი უქმეები ვილა ნოაიეს (Villa Noailles) სტუმრობით დაასრულეთ. ეს არის ხელოვნების ეროვნული ცენტრი, სადაც ჰიერესის თანამედროვე ხელოვნების შთამბეჭდავი მუზეუმია განთავსებული. ეს მოდერნისტული სასახლე 1920-იან წლებში არქიტექტორმა რობერტ მალე-სტივენსმა ხელოვნების მფარველებისთვის, შარლ და მარი-ლორ დე ნოაისთვის ააგო. აქ მთელი წლის განმავლობაში იმართება თანამედროვე ხელოვნების გამოფენები, ხოლო მუდმივი კოლექცია და ავეჯის ნიმუშები შენობის ისტორიის საიდუმლოებებს გიამბობთ.

შეგიძლიათ მთელი შუადღე სხვადასხვა ექსპოზიციის დათვალიერებასა და ვილის ისტორიის შესწავლას დაუთმოთ, შემდეგ კი მის მიმდებარე სან-ბერნარის პარკში (Parc Saint-Bernard) გაისეირნოთ. ეს მშვიდი თავშესაფარი ყურის პანორამულ ხედს გთავაზობთ, რაც თქვენი მოგზაურობის იდეალური დასასრული იქნება. ქალაქიდან გასვლის წინ კი რომელიმე მოედანთან შეჩერდით და თვალი ადევნეთ პეტანკის (pétanque) თამაშს. ეს არის სამხრეთ საფრანგეთისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სპორტი ბურთებით, რომელიც ადგილობრივებს ძალიან უყვართ.










