დოჰა ცოცხალი ქალაქია სავსე კულტურით, ხელოვნებით, ტრადიციებით და არაბული სტუმართმოყვარეობით. აქ საინტერესო 24 საათის გატარება შეგიძლიათ. შენი მეგზური კატარის დედაქალაქში სასურველ მოგზაურობას დაგიგეგმავთ.
დილა
დაიწყეთ დღე 7 კმ. სიგრძის ბულვარში სეირნობით, რომელიც ფირუზისფერ ზღვას მიუყვება, დოჰას სანაპირო ზოლს. დაიწყეთ კატარის ეროვნული მუზეუმის ადგილიდან, რომლის დიზაინიც არქიტექტორ ჟან ნუველს ეკუთვნის. ის ფორმით უდაბნოს ვარდს წააგავს. გახედეთ ცათამბჯენებს და მოინახულეთ ტრადიციული ხის ძველი ნავსადგური, რომელიც საოცარ კონტრასტშია ახალ დოჰასთან.
შემდეგ გადაინაცვლეთ Souq Waqif-ზე. ეს ტრადიციული მაღაზიების, სუვენირების და სუნელების დახლების გამზირია. აქ მდებარე კაფე-რესტორნებში გემრიელადაც ისადილებთ. ლანჩის შემდეგ განაგრძეთ სეირნობა მშერეიბის უბანში (Mshereib), რომელიც დოჰას დიზაინის და ხელოვნების არეალია, სავსე გალერეებითა და მუზეუმებით.
შუადღე და საღამო
შემოინახეთ დღის მეორე ნახევარი, დოჰას მორიგი კულტურული ღირსშესანიშნაობისთვის: ისლამური ხელოვნების მუზეუმისთვის. ლამაზია თავად შენობაც და მისი ინტერიერიც. შთამბეჭდავ კიბეს მსოფლიოში გამორჩეული ისლამური ხელოვნების ნიმუშებთან მივყავართ. აქ იხილავთ ჭურჭელს, სამკაულს, ანტიკურ მანუსკრიპტებს თუ მხატვრობას.
მზის ჩასვლას დააკვირდით კატარას სოფელში, ეს უჩვეულოდ უნიკალური სოფელი საოცარ ხედებს გვთავაზობს. აქაც ბევრი გალერეა და ტრადიციული არქიტექტურის ნიმუში მდებარეობს, მათ შორისაა კატარა მასჯიდი, ლურჯი ფილებით მორთული მეჩეთი.
თუ დრო დაგრჩებათ ან მეორე დღის ნახევარიც გექნებათ, აუცილებლად წადით კატარის უდაბნოში. შეგიძლიათ გაყვეთ მაღალი გამავლობის მანქანებს (ჯგუფთან ერთად ან ინდივიდუალური მძღოლის თანხლებით) და დიუნების დაუსრულებელ ზღვაში ინავარდოთ.