კატარის დედაქალაქი დოჰა რეგიონის უდიდესი ფინანსური ცენტრია, რომელიც ვიზიტორებს მაღალი დონის დასვენებას ჰპირდება. აქ თანამედროვე სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, ლამაზი სანაპიროები, მეჩეთები, მუზეუმები და ბუნებაცაა. 2022 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატით დოჰამ განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია.
როდის უნდა ეწვიოთ დოჰას? ის მიმზიდველი მიმართულებაა მთელი წლის მანძილზე. საშუალო ტემპერატურა მაისიდან ოქტომბრამდე 30-დან 37 გრადუსამდე მერყეობს. ზამთარში კი აქ 21 გრადუსი სითბოა. იანვარი ყველაზე ცივი თვეა, ივლისი კი ყველაზე ცხელი. ოპტიმალური არჩევანია: მარტი, აპრილი და ნოემბერი.
რა უნდა მოინახულოთ დოჰაში:
მეჩეთი: Imam Muhammad bin Abdul Wahhab
კატარის დიდ მეჩეთად წოდებული იმამი ქვეყნის უდიდესი მეჩეთია. კომპლექსი მოიცავს 3 ბიბლიოთეკას, განცალკევებულ სამლოცველოს და სხვა დარბაზებს. აქ სულ 93 გუმბათია. ისლამური არქიტექტურის გამორჩეული ნიმუში 2011 წელს გაიხსნა.
ლაგუნა: Al Karaana
დოჰას ქალაქის ცენტრიდან 60 კილომეტრში ბუნების დაცული ტერიტორია მდებარეობს უამრავი სახეობის ჩიტით. აქ 3 სხვადასხვა ლაგუნაა გაერთიანებული და ალ კარაანა დოჰას ყველაზე დიდი მშვენებაა.
ციხესიმაგრე: Al Zubarah
ეს არქეოლოგიურად მნიშვნელოვანი ლოკაცია იუნესკოს დაცული მემკვიდრეობის ძეგლია და ქალაქის ცენტრიდან 105 კმ-ში მდებარეობს, სანაპირო ქალაქ ალ ზუბარაში. მე-19 საუკუნის ბოლო ხანებში ალ ზუბარა ქვეყნის სავაჭრო ცენტრი იყო.
კატარის ისლამური კულტურის ცენტრი: Fanar
ფანარის მეჩეთი ქვეყნის ისლამური ცენტრია და დრამატული არქიტექტურით გამოირჩევა. ნაგებობა განსაკუთრებით ლამაზია ღამით, როდესაც სპეციალურად ნათდება. მეჩეთთან მდებარე კულტურის ცენტრი ბევრ საინტერესო აქტივობას მასპინძლობს.
ბულვარი: Kordon (Corniche)
კორდონი 7 კილომეტრიანი ბულვარია დოჰას სანაპიროზე, რომელიც გვთავაზობს საველოსიპედე და სარბენ ბილიკებსაც. აქ შეგხვდებათ კაფეები, პატარა პარკები და კლუბები. ტარდება ფესტივალებიც. დატკბებით ხედებით ქალაქზეც.
სანაპირო: Khor Al Udaid
მზის ამოსვლის და ჩასვლის პერიოდები ამ სანაპიროზე განსაკუთრებით შთამბეჭდავია. ეს ოქროსფერქვიშიანი სანაპიროა დიუნებით, ქალაქიდან 80 კილომეტრში. პოპულარული მიმართულებაა ტურისტებისთვის და ადგილობრივებისთვის.
ხელოვნური კუნძული: The Pearl
დოჰაში “მარგალიტს” უწოდებენ რამდენიმე ხელოვნურ კუძულს ამ ძვირფასი ქვის ფორმის არქიტექტურით. ეს არის დოჰას კომერციული ცენტრი.
შოპინგ ქუჩა: Souq Waqif
აქ ასობით დახლი და მაღაზიაა ულამაზესი ნივთებით და სერვისებით. ქალაქის მთავარი ტურისტული მიმართულება “ოქროს ბაზარს” და “ფალკონის ბაზარს” აერთიანებს, ასევე სასტუმროებს და კაფეებს.
ისლამური ხელოვნების მუზეუმი: Museum of Islamic Art
ხელოვნურ კუნძულზე, კორდონზე მდებარე ეს მუზეუმი მსოფლიოს გამორჩეულ კოლექციებს და ბიბლოთეკას მოიცავს. აქ ასევე არის დიზაინის მაღაზია, კაფე და რესტორანი.
რა უნდა მიირთვათ დოჰაში? ქაბაბი (Kebab), რადგანაც შუა აღმოსავლეთის რეგიონის ყველაზე პოპულარული კერძია; ჰუმუსი (Hummus), რომელიც თურქეთიდან დამკვიდრდა; ფალაფელი – გლობალურად პოპულარული შემწვარი მუხუდო და ფატე ბადრიჯნით (Fatteh) – ლიბანური წარმოშობის კერძი, რომელიც კატარში ძალიან უყვართ.
დოჰას სატრანსპორტო სისტემა საკმაოდ გამართულია მეტოს და ავტობუსის ხაზებით. აეროპორტში შეგიძლიათ შეიძინოთ: Karwa Smart Card, რომლითაც ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეტალებს და გრაფიკს ლინკის საშუალებით შეიტყობთ. შეგიძლიათ იქირაოთ მანქანაც.