ვილნიუსი სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური ჰაბია, რომელიც ახალგაზრდა ანტერპრენერებს და ამბიციურ სტარტაპერებს იზიდავს. მომხიბვლელი ძველი ქალაქის და დინამიური კულტურული ატმოსფეროს გამო, ლიეტუვას დედაქალაქი უიქენდის გასატარებლად იდეალური მიმართულებაა. 48 საათში აქ ეკლექტიკურ არქიტექტურას, ინოვაციურ რესტორნებს და ქალაქის ბოჰემურ ღამის ცხოვრებას გამოიკვლევთ. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ფეხითაა შესაძლებელი.
დღე 1
დილა – ძველი ქალაქი
დაიწყეთ დღე იუნესკოს არამატერიალური ძეგლის სტატუსის მფლობელი ძველი ქალაქით. მიირთვით საუზმე ვოკიეჩიუს ქუჩაზე. მოინახულეთ როტუში – ვილნიუსის მერია, რომელიც ამ ქუჩის სიახლოვეს მდებარეობს. ეს გოთიკური შენობა მე-15 საუკუნით თარიღდება. ომის შემდეგ კი ის ნეო-კლასიკურ სტილში აღადგინეს. ამის შემდეგ, გაეშურეთ პილის ქუჩაზე და შეიგრძენით ქალაქის ისტორია.
შუადღე – გამოიკვლიეთ კათედრალის მოედნის მისტიკა
ლანჩის დროა! დააგემოვნეთ ტრადიციული ლიეტუვური კერძები. პილის ქუჩით ვილნიუსის კათედრალის მოედანზე მოხვდებით. მარცხნივ საათის კოშკი დგას, რომელიც მე-13 საუკუნეში ააგეს. შეგიძლიათ ახვიდეთ და ქალაქის მთავარ ქუჩაზე, გედიმინას გამზირზე პანორამული ხედით დატკბეთ.
წმ. სტანისლაუს და წმ. ლადისლაუს ბაზილიკები მნიშვნელოვანი ისტორიული ღირსშესანიშნაობებია. ბაზილიკის შეგნით ანტიკურ სკულპტურებს, მხატვრობას და ფრესკებს დაათვალიერებთ. აქვეა ჰერცოგების სასახლე. შემდეგ კი უზუპისის რესპუბლიკას მიაშურეთ.
საღამო – ეწვიეთ უზუპისის რესპუბლიკას, დამოუკიდებელ უბანს ქალაქში
მიდით უზუპისის ანგელოზის ძეგლთან და დაიწყეთ ხელოვნებითა და კულტურით გაჟღენთილი საღამოს გატარება. ვილნიუსის ყველაზე ბოჰემური უბნის დათვალიერება ჭიქა ღვინით უნდა დააგვირგვინოთ.
ღამე – შეუერთდით წვეულებას ვილნიუსის საქმიან ცენტრში
ვილნიუსის ღამის ცხოვრებით დასატკბობად ბარდაკასს ეწვიეთ. კლუბის სახელწოდება ითარგმნება როგორც ‘ქაოსი’. ბარდაკასი ხმამაღალი, მღელვარე ადგილია, სადაც ნამდვილად გაერთობით.
დღე 2
დილა – ახალი ქალაქი
ძველი ქალაქის შემდეგ, ახალი ქალაქი უნდა დაათვალიეროთ – Naujamiestis. ეს ვილნიუსის ჰიპსტერული ნაწილია. დაიწყეთ საუზმით. ჩვენ კაფე ლოლას გირჩევთ. ის მონდრიანის ნახატივით გამოიყურება და ინტერიერი ნამდვილად მოგხიბლავთ.
შუადღე – ლიეტუვის თანამედროვე ხელოვნება და სუვენირები
ეწვიეთ ლიეტუვის გამორჩეულ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს (MO Museum). გამორჩეულია მისი არქიტექტურაც და ავანგარდული სკულპტურების ბაღი. აქ ინტერაქციული გამოფენები, ფილმის ჩვენებები და ვორქშოფები ეწყობა.
ლანჩის შემდეგ, წმ. სტეფონოს ქუჩაზე გაისეირნეთ, სადაც უზარმაზარი სააღდგომო კვერცხის სკულპტურა შეგხვდებათ – ვილნიუსის ერთ დროს დავიწყებული ნაწილის აღორძინების სიმბოლო.
აქვე მდებარეობს პატარა მაღაზიები ლიეტუვური პროდუქციით, რომლებსაც შოპინგ ცენტრებში ვერ იპოვნით.
საღამო
გაისეირნეთ დონის კარიბჭესთან (Aušros vartai) – ეს ვილნიუსის რელიგიური მონუმენტი და კათოლიკეებისთვის მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა. საყდარში დედა ღვთისმშობლის ორიგინალი ნახატია. მის ასლებს ვხვდებით მსოფლიოს ეკლესიებში.
ივახშმეთ ბაზარში – ხმაურიან კვების დარბაზში უიქენდებზე ლაივ მუსიკაც ისმის. სასმელისთვის კი პერონას მიაკითხეთ. ეს ბარი რკინიგზის სადგურზე მდებარეობს და საინტერესო გამოცდილებას გპირდებათ.
ღამე – დაასრულეთ თქვენი ვიზიტი ცეკვით
ვილნიუსში 48 საათის გატარება რომელიმე კლუბში გართობით დაასრულეთ. ერთ-ერთი საუკეთესოა – Kablys + Club, სადაც ცნობილი ტექნო-ჰაუს მუსიკის შემსრულებლები უკრავენ. კიდევ გირჩევთ: Loftas – ძველ ინდუსტრიულ შენობაში მდებარე ქალაქის უდიდეს კლუბს; Opium – უმაღლესი ხარისხის ხმის სისტემით; Bix – როკ მუსიკის კლუბს, Soho Club – გეი კლუბს და Salento – სტუდენტურ კლუბს.