უნიკალური ლოკაცია ელზასის დედაქალაქს ფრანგული და გერმანული ნოტებით ავსებს. ევროპის ეს კოსმოპოლიტური ცენტრი მნიშვნელოვანი კულტურული ჰაბია. ჩვენ სტრასბურგში 48 საათს დაგიგეგმავთ.

დღე 1

დილა

მდინარით გარშემორტყმული ძველი ქალაქის მთლიანი ცენტრალური კუნძული მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია და სოფლის განცდას ქმნის. დაათვალიერეთ ნახევრად ხის სახლები, წვრილი ლამაზი ქუჩები, გოთიკური კათედრალი: სტრასბურგის ნოტრდამი თავისი სკულპტურებით და გადმოხედეთ ქალაქს ზემოდან. ეს ქალაქის ფრანგული ნაწილია.

დღის პირველის ნახევარზე, როცა მამალი სამჯერ დაიყივლებს, კათედრალის ცნობილი ასტრონომიული საათი გარკვეულ პროცესებს ანხორციელებს და გვახსენებს, რომ ლანჩის დროა. შეგიძლიათ მდინარის მიღმა ავთენტურ ადგილობრივ სამზარეულოს, Au Pont Corbeau-ს ეწვიოთ.

შუადღე

70 წუთიანი ნავის ტური მშვენიერი გზაა რელაქსაციის მისაღებად და გერმანული უბნის დასათვალიერებლად. ის პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის აშენდა, ელზასის ანექსირების პერიოდში. უფრო ჩრდილოეთ ნაწილი ევროპული გამზირია თანამედროვე არქიტექტურით და ისეთი მნიშვნელობის მქონე შენობებით, როგორებიცაა: ევროპული პარლამენტი, ევროპის საბჭო და ცნობილი სტრასბურგის სასამართლო.

შუადღის დარჩენილი ნაწილი სამი ღირსშესანიშნაობის მონახულებით დაასრულეთ. ესენია: როჰანის სასახლე, რომელიც არქეოლოგიურ მუზეუმს მასპინძლობს, დეკორატიული ხელოვნების მუზეუმი და სახვითი ხელოვნების მუზეუმი.

საღამო

დროა გემრიელად მიირთვათ. ჩვენ როჰანის სასახლესთან მდებარე მიშლენის ვარსკვლავების მფლობელ რესტორანს გირჩევთ: 1741, სადაც უმაღლესი გასტრონომია დაგხვდებათ.

დღე 2

დილა

დაიწყეთ დღე კულტურით: ესტუმრეთ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს და მიირთვით მსუბუქი ლანჩი მისსავე კაფეში. აქ დროებითი გამოფენებიც ეწყობა, ასე რომ სიახლე მუდამ გელით.

შუადღე

დროა ადგილობრივი ღვინო დააგემოვნოთ და ვერ იპოვნით უკეთესს ადგილს, ვიდრე სტრასბურგის ისტორიული ღვინის მარანია. ის შუასაუკუნოვან შენობაში მდებარეობს და 1395 წლით თარიღდება. აქ რჩეულ ღვინოებს დააგემოვნებთ.

საღამო

მოგზაურობის ბოლოს, გირჩევთ, კიდევ ერთხელ დააგემოვნოთ ტრადიციული ადგილობრივი სამზარეულო.

თუ სტრასბურგში ახალი წლის პერიოდში მოხვდებით, არ გამოტოვოთ საშობაო ბაზრობა. ეს ქალაქი „შობის ფრანგული დედაქალაქის“ წოდებას ამაყად ირგებს.