დანიის დედაქალაქი მოგზაურობისას აუცილებლად შეგაყვარებთ თავს. აქ ყველა კუთხეშია მიმოფანტული მსოფლიო დონის ხელოვნება, ლამაზი არქიტექტურა და მშვიდი არხები. ჩვენ კოპენჰაგენში საუკეთესო 48 საათს დაგიგეგმავთ.
დღე 1: დილა
კოპენჰაგენის აეროპორტში ჩასვლისას, მეტროს ქალაქის ცენტრამდე გაყვებით და თქვენს სასტუმროს მოძებნით. შემდეგ შეჩერდით რომელიმე კაფესთან და მიირთვით გემრიელი ყავა, რომლითაც აქაური ყავის სახლები ცნობილები არიან. მისაყოლებლად გირჩევთ ტრადიციულ დანიურ სენდვიჩს: smørrebrød.

შუადღე
დაიწყეთ ქალაქის შეცნობა წყლიდან – აიღეთ ნავის ტური. პატარა, 12 კაცზე გათვლილი ტურები ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებს შემოგატარებენ. ფასი დაახლოებით 28 $-ია. ნიჰავნის პორტი (Nyhavn) ტურისტებით სავსეა და შეგიძლიათ ნავს ქალაქის ცენტრიდან გაყვეთ.

ნავით სეირნობის შემდეგ, ეწვიეთ ულამაზეს ტივოლის ბაღებს განსატვირთად. თუ ღვინო გიყვართ, გაგახარებთ და გეტყვით, რომ დანიის დედაქალაქი ცნობილია გემრიელი ღვინით და აქ ბევრი ღვინის ბარი შეგხვდებათ. ერთ-ერთი საუკეთესო მათგანია: Den Vandrette.

საღამო
კოპენჰაგენი პატარა ქალაქია, რაც მას იდეალურს ხდის ფეხით დასათვალიერებლად. განსაკუთრებით სასიამოვნოა საღამოს სეირნობა. დაიწყეთ ნორეპორტის სადგურიდან (Nørreport station) და Frederiksborggade-სკენ გადაინაცვლეთ. მალევე შეამჩნევთ ულამაზეს ისტორიულ შენობებს და არხებს. პირველი გაჩერება უნდა იყოს მრგვალი კოშკი (The Round Tower). შემდეგ შეგხვდებათ კრისტიანსბორგის სასახლე, ტორვალდსენის მუზეუმი და ბორსენი. დაასრულეთ ქალაქის დათვალიერება სამეფო ბიბლიოთეკით, რომელსაც “შავ მარგალიტს” უწოდებენ.

დღე 2: დილა
საუზმის შემდეგ, შოპინგით ან უბრალოდ საინტერესო ნივთების თვალიერებით დაკავდით. მინიმალისტურიდან თანამედროვე დიზაინამდე, სილამაზის ნივთებიდან საწვიმრებამდე – სტოკჰოლმში ულამაზეს სუვენირებსაც აარჩევთ. Hay House დანიური დიზაინის სახლია ამაგერტოვის მოედანზე, აქედან Georg Jensen-ის სამკაულების მაღაზიაში შეიარეთ, შემდეგ ჭურჭელში – Royal Copenhagen flagship. არ გამოგრჩეთ Illum – ქალაქის უძველესი მაღაზია. Randers Handsker ტყავის ხელთათმანებს ყიდის, Bloom&Bloom – ორგანულ სილამაზის პროდუქტებს. შეგიძლიათ გზა სტოკჰოლმის სასაფლაოსკენ გააგრძელოთ – Assistens Cemetery, რომელსაც ულამაზესი ბაღი აქვს და სადაც ცნობილი დანიელები განისვენებენ, მათ შორის ჰანს კრისტიან ანდერსენი.

შუადღე
თუ სტოკჰოლმს ზაფხულში სტუმრობთ, თან საცურაო კოსტიუმიც წაიღეთ და ადგილობრივებს ბრიგის კუნძულზე (Islands Brygge) შეუერთდით. სიცივეში კი აქ ცხელ აბაზანებს და საუნებს აწყობენ. ყოველ შემთხვევაში, გემრიელ სასმელს მაინც დააგემოვნებთ.

საღამო
მიირთვით ვახშამი სასურველ რესტორანში და დაასრულეთ საღამო ლაივ მუსიკით La Fontaine-ში, კოპენჰაგენის უძველეს ჯაზ ბარში. აქ ყოველი პარასკევი, შაბათი და კვირა განსაკუთრებულად სასიამოვნოა.











