პორტუგალიის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი პორტო ძვირადღირებული ქალაქი სულაც არაა. აქ იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ბიუჯეტური საკვები ადგილებია. პორტოში ბევრი უფასო აქტივობით დაკავდებით, ჩვენ 10 მათგანს გირჩევთ.
შეიყვარეთ ფერადი აზულეჯო
დააფასეთ პორტუგალიური ლურჯი და თეთრი ფილები, რომელსაც azulejos ეძახიან. ისინი მთელ ქალაქში შეგხვდებათ. აქ ბევრი შენობაა უცნაური გეომეტრიული ფიგურებით მორთული. ფოტოგენური ფონია ფოტოების გადასაღებადაც.
საო ბენტოს მატარებლის სადგურის შესასვლელში აზულეჯოთი შესრულებული პორტუგალიის ისტორიის სცენები დაგხვდებათ. აქ 20000-მდე ფილაა ხელით მოხატული. ის ასევე გვხვდება ეკლესიების: კაპელა დე ალმას, კარმოს და სანტო ილდეფონსოს კედლებზე. თანამედროვე ნიმუშისთვის მიაკითხეთ რიბეირას გვირაბს. მათი პოვნა და გამოკვლევა ერთი დიდი საინტერესო თავშესაქცევია.
დაათვალიერეთ ქალაქის ქუჩის ხელოვნება
პორტოს ბევრი ხელოვნების ნიმუშის ხილვა არაფერი დაგიჯდებათ. ამ ქალაქში სეირნობისას ბევრ საინტერესო ნახატს აღმოაჩენთ ნაგებობებზე. მათ შორის, ინსტალაციებს ბეტონის კედლებზე. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევიან ეს ლოკაციები: Travessa de Cedofeita, Escadas do Codeçal, Rua Miguel Bombarda, Vila Nova de Gaia.
გაისეირნეთ ზღვის პირას, ფოზ დო დოუროს ბულვარში
ქალაქის ცენტრიდან ავტობუსით 25 წუთის სავალზე, ოკეანეზე გასასვლელ ბულვარს (Foz do Douro) იხილავთ. აქ საფეხმავლო გზები ძალიან მოწესრიგებულია და 2 კილომეტრში მატოსინჰოსის სანაპიროც გასიამოვნებთ.
უყურეთ მზის ჩასვლას მოროს პარკიდან
პორტოს ოქროსფერი მზის ჩასვლები მაგიურად ლამაზია. Jardim do Morro – არის ადგილი, სადაც დღის ბოლოსკენ უნდა ახვიდეთ ან გვიან შუადღეს და დააკვირდეთ როგორ ჩადის მზე ატლანტის ოკეანეში. შეიძინეთ ლუდი, მოიტანეთ პლედი და ისიამოვნეთ ხედით.
დაესწარით უფასო კონცერტს კასა დე მუსიკაში
Casa da Música – პორტოს ტოპ საკონცერტო მიმართულება, ეს გასაოცარი არქიტექტურის მქონე ჰოლია. ზაფხულობით აქ ხშირად იმართება უფასო ღია კონცერტები. უკრავენ ფოლკს, ჯაზს, კლასიკას და ბლუზს, ისევე როგორც ბრაზილიურ ტრადიციულ ჰანგებს. შოუები იმართება საღამოს 10-ის ნახევრიდან ხუთშაბათობით, პარასკეობით და შაბათობით.
გააცოცხლეთ ფოტოები პორტუგალიის ფოტოგრაფიის ცენტრში
ძველი ციხის შენობაში მდებარე ფოტოგრაფიის მუზეუმი უფასო გამოფენებს გვთავაზობს. აქ განთავსებული მუდმივი და დროებითი ფოტო-კოლექციები, ადგილობრივი და საერთაშორისო ფოტოგრაფების ისტორიულ და თანამედროვე ნამუშევრებს წარმოგვიდგენენ.
იხილეთ პალაცო დე კრისტალის ბაღები
Jardins do Palácio de Cristal – პორტოს მშვიდი მწვანე ადგილია, ჰარმონიული ბუნებით. აქაური გადმოსახედი ტერასები ქალაქზე ხედებს გვთავაზობენ. აღმოაჩინეთ უზარმაზარი, ერთმანეთისგან განსხვავებული ლანდშაფტის პარკები.
ეწვიეთ შუქურას
Farolim de Felgueiras – პორტოს ისტორიული შუქურაა, რომელიც რიბეირას რაიონიდან 6 კილომეტრში მდებარეობს. შეგიძლიათ გაყვეთ ტრამვაის. მშფოთვარე ოკეანე მის ტალღებს შუქურის კედლებს აქტიურად ახლის და აქ მუდამ მისტიკური ატმოსფერო იქმნება, განსაკუთრებით მოსაღამოებულზე.
გაეცანით ისტორიას ლაპას ეკლესიაში
კათოლიკური ეკლესია: Igreja da Lapa პორტუგალიის სამეფო ისტორიასთანაა დაკავშირებული. ის ქალაქის აუცილებლად სანახავი ღირსშესანიშნაობაა. გამოირჩევა ნეოკლასიკური არქიტექტურით და ევროპის ყველაზე დიდი ორღანით.