საკვების და თავგადასავლების მოყვარული ადამიანები, პორტუგალიის ჩრდილოეთ დედაქალაქში ნამდვილად იპოვნიან თავშესაქცევს. პორტო იუნესკოს დაცულ ტერიტორიათა სიაში შედის და სანაპირო ბულვარებს, ლამაზ წიგნის მაღაზიებს, ცოცხალ ბაზრობებს და შთამბეჭდავ ნეოკლასიკურ მონუმენტებს აერთიანებს. ჩვენ ამ ქალაქში ერთგვარ გიდობას გაგიწევთ.

სანაპირო: Praia dos Ingleses

ეს უდიდესი ქვიშის სანაპირო გრძელი ბულვარით ხასიათდება, სადაც ბევრ კაფეს აღმოაჩენთ. თუ საღამოს სასეირნოდ გახვალთ, თან ჟაკეტი გაიყოლეთ, რადგანაც ხანდახან ქარი ვარდება.

წიგნის მაღაზია: Livraria Lello

ამ ისტორიულ წიგნის მაღაზიას დამსახურებულად უწოდებენ მსოფლიოში ყველაზე ლამაზს. ამბობენ, რომ ის ჰარი-პოტერის ინსპირაციაც კი გახდა. შენობა 1906 წელს ააგეს და ფასადი ნეო-გოთიკური მხატვრობით მორთეს. ამ შთამბეჭდავ ინტერიერში მოხვედრა ნამდვილად ღირს. ამიტომაც, მიდით ადრე, რათა რიგებს თავი აარიდოთ.

ბაზრობა: Mercado Bom Sucesso

40-იანი წლების ბაზრის დარბაზი ნათელ და თანამედროვე ბაზრობად იქცა, სადაც ახალ და გემრიელ პროდუქციას დააგემოვნებთ. ლანჩისთვის განკუთვნილ დარბაზში ტრადიციულ კერძებსაც გასინჯავთ. აქ ასევე სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება. მათ შორის, ლაივ მუსიკის დღეები და სხვადასხვა საჭმლის დამზადების დემონსტრაციები.

ზოოპარკი: Zoo Santo Inácio

აღმოაჩინეთ 200-ზე მეტი სახეობის ცხოველი, მათ შორის ლეოპარდები და მარტორქები. პორტოს ცენტრიდან 10 წუთის სავალზე ულამაზესი და უდიდესი ზოოპარკი დაგხვდებათ. აქვეა აფრიკული სავანას განყოფილება დასახლებული ჟირაფებით და ზებრებით.

ისტორიული ძეგლი: Câmara Municipal do Porto

პორტოს მერიის შენობა 1920 წლით თარიღდება, თუმცა კონსტრუქცია 1955 წელს დასრულდა. ამ ნეოკლასიკურ შენობაზე საათის კოშკი მოგხიბლავთ.

ქუჩა: Rua das Flores

ეს მე-16 საუკუნის დროინდელი ქუჩა “ყვავილების ქუჩის” სახელითაა ცნობილი იმიტომ, რომ აქ ბევრი ბაღია. დღეს ეს ქუჩა საფეხმავლო ადგილია და შეგიძლიათ მშვიდი სეირნობით მოიაროთ.

პარკი: Jardim do Morro

თუ მზის ჩასვლით დატკბობისთვის რომანტიკულ ადგილს ეძებთ, ვილა ნოვა დე გაიას მთაზე მდებარე პარკს მიაკითხეთ. აქ ტბა და ბევრი მცენარეა, რაც განსაკუთრებულ სიმყუდროვეს შეგიქმნით.

ეკლესია: Igreja do Carmo

პორტოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი არქიტექტურით მაინც ეს ეკლესია გამოირჩევა. მე-18 საუკუნეში აგებულ კათოლიკურ კათედრალს, ცისფერი და თეთრი აგურებით შექმნილი ულამაზესი კედელი ამშვენებს.

აუზი: Piscina das Marés

ატლანტის ოკეანეზე მოწყობილი ეს საკულტო აუზები პორტოს მორიგი საამაყო ღირსშესანიშნაობაა. მისი დიზაინი 1960 წელს შეიქმნა და განკუთვნილია როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის.