ბაზელი შვეიცარიის სიდიდით რიგით მესამე ქალაქია. აქ ჩასულ ვიზიტორებს აქტივობების მრავალფეროვანი არჩევანი ხვდებათ. ბაზელში ყველა ასაკის და ინტერესების ტურისტი გაერთობა. ერთ-ერთი გამორჩეული აქტივობა – ნავის ტურია. 85 წუთიანი კრუიზით ქალაქის მთავარ ძეგლებს დაგათვალიერებინებენ, უფრო გრძელი ტურები კი ახლომდებარე ადგილებსაც მოიცავენ. ტკბილეულის მოყვარულებს, საკონდიტრო Chocolatier Beschle-ში შეგიძლიათ შვეიცარიული შოკოლადი დააგემოვნოთ ან ის თავად დაამზადოთ. ჩვენ ამ მშვენიერი ქალაქის ღირსშესანიშნაობებს წარმოგიდგენთ.
ბაზელის კათედრალი – Basel Munster
ბაზელის სახელგანთქმული კათედრალი ძველი ქალაქის თავზე დომინირებს და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობაა. აღმოაჩინეთ მისი დიდებული ისტორია და გადმოხედეთ ქალაქს და მდინარე რაინს გასაოცარი ტერასიდან.
შვეიცარიული ხელოვნების მუზეუმი – Kunstmuseum
შვეიცარიის ეროვნული მნიშვნელობის ღირსშესანიშნაობა ქვეყნის უდიდეს საჯარო კოლექციას აერთიანებს. დაათვალიერეთ შთამბეჭდავი ხელოვნება მის საგამოფენო დარბაზებში.
ბაზელის ზოოპარკი – Basel Zolli
ბაზელის ზოოპარკი ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი ზოოპარკია. ის 1874 წელს გაიხსნა. აქ ცხოველები მთელი მსოფლიოდან არიან. ზოოპარკი არაკომერციულია, მოგება არ აქვს და შემოსული თანხით მთლიანად ცხოველების ველურ ბუნებაში გადარჩენის პროგრამებს ეხმარება.
ბაზელის სათამაშოების მუზეუმი – Basel Toy Museum
ამ სათამაშოების მუზეუმში, მსოფლიოში უდიდესი სათამაშო დათვების კოლექცია ინახება. აქ 6000-ზე მეტი რბილი დათუნიაა. თუმცა, ბაზელში სხვა სათამაშოების მრავალფეროვანი არჩევანიც დაგხვდებათ.
ბუნების ისტორიის მუზეუმი – Natural History Museum
ბაზელის ბუნების მუზეუმში შთამბეჭდავ ცხოველთა ფიტულებს იხილავთ და საათებს სასიამოვნოდ გაატარებთ. გამოიკვლიეთ ფლორა და ფაუნა, რომელიც დიდი ხნის წინ გადაშენდა.
შვეიცარიის არქიტექტურის მუზეუმი – Swiss Architecture Museum
როგორც ქალაქი მიძღვნილი ხელოვნებისა და კულტურისადმი, ბაზელი შვეიცარიული არქიტექტურის მუზეუმის სახლიცაა, რომელიც ქვეყნის საუკეთესო თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებზე ფოკუსირდება.
ავგუსტა რაურიკა – Augusta Raurica
ბაზელის სიახლოვეს ბრწყინვალედ შემონახული რომაული თეატრია, რომელსაც მთელ ჩრდილოეთ ალპების რეგიონში ბადალი არ ჰყავს. ყოველი წლის აგვისტოში, აქ უდიდესი რომაული ფესტივალი ტარდება – გლადიატორების შერკინებითა და ანტიკურ ინსტრუმენტებზე გაჟღერებული მუსიკის თანხლებით.
ბაზელის მერია – Basel Town Hall
ბაზელის ცენტრში, მარკტპლაცზე 500 წლოვან მერიის შენობას აღმოაჩენთ, რომელიც მოედანზე წითელი შეფერილობით ბრწყინავს.
მიტლერ ბრუცკის ხიდი – Mittlere Brücke
მდინარე რაინზე ბაზელის ღირსშესანიშნავი ხიდი მდებარეობს, რომელიც 1226 წელს გაიხსნა და მას შემდეგ, ქალაქის სიმბოლოდ იქცა. ის ქვეყნის სავაჭრო სფეროშიც ისტორიული მნიშვნელობის იყო. დღეს ის პოპულარული შეკრების ადგილია.
სპალენის კარიბჭე – Gate of Spalen
ეს კარიბჭე 1400 წლით თარიღდება და ქალაქის ერთგვარი სიძლიერის ცენტრი იყო. აქ ვაჭრობის დიდი ნაკადი შემოდიოდა. დღეს შეგიძლიათ ახვიდეთ მასზე და ძველი ქალაქის ხედებით დატკბეთ.
საკვები ბაზარი – Markthalle
ბაზელის ბაზარში ერთხელ მაინც უნდა შეიაროთ თუ ამ ქალაქში მოხვდებით. აქ იმდენი საკვების დახლი დაგხვდებათ, რომ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაგიჭირდებათ.
მერიან გართენი – Merian Gärten
ბაზელის ერთ-ერთი ულამაზესი პარკი მშვენიერი სარელაქსაციო სივრცეა. დაისვენეთ მწვანე სივრცეში, სადაც ევროპის უდიდესი ზამბახების კოლექციაა, დაახლოებით 1500 სახეობა. განიტვირთეთ ინგლისურ ბაღში და როდოდენდრონების ველზე.
წმ. ალბანის კარიბჭე – Gate of Saint Alban
ამ საოცრად შენახული კოშკის ქვეშ გაჭრილ ჭიშკარში თუ გაივლით, წმ ალბანის უბნის ქუჩებზე მოხვდებით, ბაზელის ისტორიული ცენტრის გულში. სპალენის კარიბჭის მსგავსად, ისიც 1400 წლით თარიღდება.