ერთი შეხედვით, პარიზს წყვილებისთვის განკუთვნილ სამოგზაურო მიმართულებად მიიჩნევენ და არა მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. თუმცა, ეწვიოთ საფრანგეთის დედაქალაქს პატარებთან ერთად, სულაც არაა თავის ტკივილი. აქ საკმაოდ ბევრი გასართობი ადგილია, სადაც ბავშვებთან ერთად თავადაც ძალიან ისიამოვნებთ.

ლუვრი

ალბათ გგონიათ, რომ ლუვრი ბავშვებისთვის მოსაწყენია. მაგრამ, ჩვენ გეტყვით, რომ აქ ბევრი აქტივობაა სპეციალურად პატარა ვიზიტორებისთვის. გადმოწერეთ აპლიკაცია Louvre Kids იქამდე, სანამ მუზეუმს ეწვევით. ის საბავშვო ისტორიებით მოთხრობილ მარშრუტს გთავაზობთ და მათთვის ეს ძალიან საინტერესო თავგადასავალი იქნება.

ატარეთ პონები მონსოს პარკში

Parc Monceau არის პარიზის პარკი, სადაც ბავშვებს პონების ტარება შეუძლიათ. ის მერვე რაიონში მდებარეობს, ტრიუმფალური თაღის სიახლოვეს. შეგიძლიათ სანამ ბავშვები იკატავებენ არემარე თავადაც დაათვალიეროთ.

ეწვიეთ დისნეილენდს

ბავშვების საოცნებო ადგილი თქვენს პატარებს დაუვიწყარ მოგონებებს აჩუქებს, თქვენ კი ბავშვობას გაგახსენებთ. აქ მთელ ოჯახს შეუძლია გართობა. ის საკმაოდ დიდია, ასე რომ ამოირჩიეთ სასურველი განყოფილებები.

ატრაქციონები

Jardin d’Acclimatation – არის ბაღი,სადაც ბავშვები ატრაქციონებზე მოილხენენ. ის მე-19 საუკუნეში აშენდა და მოიცავს სარკეების სახლს, მინიატურულ გოლფის მოედანს, პატარა ზოოპარკს, თოჯინების სახლს და რამდენიმე ატრაქციონს. აქვე შეგიძლიათ მოიწყოთ პიკნიკიც და იქირაოთ ნავიც წყალში შესაცურად.

ცვილის მუზეუმი

გრევინის მუზეუმი ევროპის უძველესი ცვილის მუზეუმია და დაახლოებით 300 ფიგურას აერთიანებს. აქ იხილავთ ლეონარდო დავინჩის, მერილინ მონროს, ნიკოლა სარკოზის და აშ.

მეცნიერების და ინდუსტრიის მუზეუმი

Cite des Sciences არის მუზეუმი, რომელიც გვასწავლის მეცნიერებას სახალისო გზებით. აქ ხშირადაა სხვადასხვა თემატიკის გამოფენები. ბავშვები საკუთარ წარმოსახვას ავითარებენ და ცოდნას იძენენ.

ადით ეიფელის კოშკზე

ეიფელის ქვეშ არსებულ რიგებს რომ აარიდოთ თავი, შეგიძლიათ ბილეთი წინასწარ ონლაინ იყიდოთ. რიგშიც რომ მოგიწიოთ დგომა, ეს ამად ღირს. რადგანაც, ბავშვები კოშკზე ნამდვილად ისიამოვნებენ და პარიზს ზევიდან დაათვალიერებენ.

იხილეთ ცხოველები Jardin des Plantes-ის სპეციალურ განყოფილებაში

The Menagerie – საჯარო ზოოპარკია, რომელიც ფრანგული რევოლუციის შემდეგ გაშენდა. აქ ბევრი იშვიათი სახეობის ცხოველია. თუ ბიუჯეტურად მოგზაურობთ, ეს ადგილი მშვენიერი გადაწყვეტილებაა ბავშვები გაართოთ.

გაერთეთ ქვიშიან სანაპიროზე

პარიზის სანაპირო ზაფხულობით ხელოვნურად იქმნება და აქ მზიან დღეებში სასიამოვნო ოჯახურ დასვენებას მოიწყობთ. ბავშვები ქვიშის კოშკებს აშენებენ და აუზებში ბანაობენ. ეს სანაპირო სენის მდინარეზე ეწყობა და ზოგიერთ ადგილას შადრევნითაც შეიძლება გაგრილება.

ისარგებლეთ საჰაერო ბუშტით

ანდრე სიტროენის პარკი მეხუთე რაიონში მდებარეობს და ქალაქზე უნიკალურ ხედებს გთავაზობთ. ოჯახისთვის ეს გასართობი და უსაფრთხო გამოცდილებაა. ეს ტური სახალისო სელფებისთვისაც გამოგადგებათ.

დაათვალიერეთ წყლის ბინადრები აკვარიუმში

ეიფელის კოშკის სიახლოვეს საფრანგეთის უდიდესი აკვარიუმი მდებარეობს, 9000-მდე თევზით და 26 ზვიგენით. აქ 16 ოთახია და ბავშვებიც და მშობლებიც საინტერესოდ გაიყვანენ დროს.

კრუიზი სენაზე

შუშის ნავით მდინარე სენაზე სეირნობა სიმშვიდეს მოგანიჭებთ და პატარებსაც გაახარებთ. განსაკუთრებით ლამაზი იქნება მზის ჩასვლის პერიოდში სარგებლობა. ტურები 1 საათიან მოგზაურობას მოიცავს.