პარიზში რომანტიკას ვერ გაექცევით. მე-19 საუკუნის დასაწყისში საფრანგეთის დედაქალაქი მოიცვა რომანტიზმის და ხელოვნების აღორძინებამ, თუმცა ის მუდამ შთაგვაგონებდა სიყვარულით. ჩვენ საუკეთესო აქტივობებს გირჩევთ, რომელიც აქ მოგზაურობისას რომანტიკულ ატმოსფეროს შეგიქმნით. გიზიარებთ რჩევებს სასიყვარულო მოგზაურობისთვის:
1. ადით ეიფელის კოშკზე
ბევრი ტურისტი პარიზში ჩასვლის დროს მისი საკულტო სიმბოლოთი მხოლოდ შორიდან ტკბება. ეიფელის მეორე და მესამე სართულები იდეალურია რომანტიკული აქტივობისთვის. აქ უამრავჯერ უთხოვიათ ხელი საყვარელი ადამიანისთვის. 324 მ. სიმაღლიდან მთელ ქალაქზე პანორამული ხედებით დატკბებით და სიყვარულის ქალაქს ზევიდან დახედავთ. შეგიძლიათ შეიძინოთ შამპანიური მის ბარში ან აიტანოთ თავად და ატმოსფერო უფრო რომანტიკული გახადოთ. განსაკუთრებით შთამბეჭდავია გვიან საღამოს და ღამით, როდესაც კოშკი 20 000 ნათურით ბრწყინავს.
2. თქვით “მიყვარხარ” მონმარტრზე
მონმარტის მშვენება საკრე-კიორის ბაზილიკა როგორც რელიგიური, ასევე რომანტიკული ადგილია. მისი კიბეებიდან პარიზი ხელის გულზე იშლება. ეს ხელოვნებით გაჟღენთილი უბანი მუდამ იყო მხატვრების შეკრების ადგილი. აქ ჰქონდათ რენუარს და ვალადონს სამხატვრო სტუდიები. მის ქუჩებში ნახავთ კედელს, სადაც სიტყვა “მიყვარხარ” 250 ენაზე წერია.
3. დააფასეთ ფრანგული რომანტიკა
აბესის მოედნიდან (place des Abbesses) წადით “რომანტიკული ცხოვრების მუზეუმში” (Musée de la Vie Romantique). აქ სალონური შეხვედრები ეწყობოდა და იხილავთ ნივთებს პარიზის რომანტიკული ეპოქიდან, როცა აქ შოპენი და დელაკრუა მოდიოდნენ. დატკბით დელაკრუას ნამუშევრებით ლუვრში ან ორსეს მუზეუმში. მოინახულეთ მისი სტუდია. მიაკითხეთ ვიქტორ ჰიუგოს სახლ-მუზეუმს. ეს ფრანგი რომანტიკოსი ნოტრ-დამით იყო შთაგონებული.
4. აღმოაჩინეთ რომანტიკით გაჟღენთილი ადგილები
გააღვიძეთ მე-19 საუკუნის პარიზის რომანტიკული ნოსტალგია ქალაქის მარჯვენა სანაპიროს ფარულ სავაჭრო სივრცეებში. Passage Verdeau-ში ბევრი ანტიკური და მეორადი წიგნების მაღაზიაა. Passage Jouffroy – კი ძველებურ და მინიატურულ სათამაშოებს წარმოგვიდგენს. ჩაის სახლი Le Valentin – ხელნაკეთი ნამცხვრებით გასიამოვნებთ. მაღაზიების ხეივანი – Passage des Panoramas უნიკალური ნივთების მაღაზიებს აერთიანებს. მოინახულეთ სამეფო სასახლის ბაღები ელეგანტური თაღებით.
5. გაისეირნეთ წმ. მარტინის არხზე
წყნარ მარტინის არხზე სეირნობისას რომანტიკულ ატმოსფეროს შეიგრძნობთ. უძველესი ხიდი იხსნება მაშინ, როდესაც ნავები გადიან. ამ ვინტაჟურ უბანში სეირნობისას ნახავთ წყნარ მაღაზიებს და კაფეებს. შეგიძლიათ წყლის პირას მოიწყოთ რომანტიკული პიკნიკი.
6. შეუერთდით ნავის ტურს
მდინარე სენაზე ნავით ან კრუიზით სეირნობა მორიგი რომანტიკული აქტივობაა, რომელიც სამუდამოდ დაგამახსოვრდებათ. აქ გასვლებს აწარმოებენ: Bateaux Parisiens და Bateaux Mouches. შემდეგ გაისეირნეთ შექსპირის ბაღში, სადაც ხარობენ ის ხეები და ყვავილები, რომლებიც მწერლის პიესებში არიან ნახსენები. ღია თეატრი სივრცეს კიდევ უფრო მაგიურს ხდის.
7. მოიწყვეთ დაუვიწყარი ვახშამი
პარიზში არის ადგილები, სადაც საყვარელ ადამიანთან ერთად ვახშმობა საოცრად რომანტიკული აქტივობა იქნება. მაგალითად, Le Coupe-Chou: მაგიდები არტ-ნუვოს ინტერიერში; ასევე, Bouillon Racine; Le Frank; Au Rocher de Cancale; Le Baron Rouge; Dessance. Les Ombres და Café Branly – ეიფელზე ხედებს შემოგთავაზებთ; La Tour d’Argent – ტერასეული კაფეა სავსე სიმწვანით.