თუ გსურთ გაექცეთ სანტორინისა და მიკონოსის ხალხმრავლობას, ბერძნულ სოფლებს უნდა ესტუმროთ. აქ სრულ იდილიას შეიგრძნობთ. ჩვენ თქვენთვის საბერძნეთის ის ადგილები შევარჩიეთ, რომლებიც ტურისტულად პოპულარული არაა, მაგრამ ამ ქვეყნის ცნობილ ტურისტულ მიმართულებებს არაფრით ჩამორჩება.
შეგიძლიათ მათ დასათვალიერებლად მიმართოთ გასაქირავებელ ნავებს სახელად SamBoat.
პაპიგო, ეპირუსი/Papigo, Epirus
ეპირუსი საბერძნეთის მშვიდი რეგიონია, 40 სოფლით. პინდუსის მთებში პაპიგო ყველაზე პოპულარულია. მწვერვალებით გარშემორტყმული მე-18 საუკუნის ქვის კოტეჯები და რიყის ქუჩები დილაობით თითქოს ნისლში იძირება. მიირთვით საუზმე კაფე სტერნაში, შემდეგ კი ეწვიეთ აუზებს კანიონებში.

ვატეია, ლაკონია/Vatheia, Laconia
გაემართეთ ათენიდან სამხრეთით მანი პენინსულაში. მის ყველაზე სამხრეთ წერტილში მიტოვებულ ქალაქ – ვატეიას აღმოაჩენთ. კოშკებს შორიდანვე მოკრავთ თვალს, მათი დიდებულების ხანა მე-18/მე-19 საუკუნეში იდგა. 2011 წელს აქ მხოლოდ 33 მაცხოვრებელი იყო შემორჩენილი. ისეირნეთ მიტოვებულ სახლებს შორის და წარმოიდგინეთ როგორი იქნებოდა სოფელი მისი ბრწყინვალების ადრეულ პერიოდში.

ნიმფაიო, ფლორინა/Nymfaio, Florina
ფლორინას მთებში ერთ უმშვენიერეს სოფელს აღმოაჩენთ. მას ბერძნები ზამთარში სტუმრობენ, ტურისტებში კი დღემდე არაა ფართოდ გავრცელებული. ღვინის რეგიონთან სიახლოვის გამო, ნიმფაიო ღვინის სადეგუსტაციოდ გამორჩეული ადგილია. ეწვიეთ არკტუროს ცენტრს ქალაქის თავზე – ესაა სარეაბილიტაციო სახლი დაშავებული მგლებისა და ცირკის დათვებისთვის, რომლებიც ველურ პირობებში ვერ გადარჩებიან.

ფისკარდო, კეფალონია/Fiskardo, Kefalonia
პატარა საპორტო ქალაქი – ფისკარდო იონიის კუნძულებში ყველაზე მივიწყებული ადგილია და უსამართლოდ! აქ დაგხვდებათ თევზის ტავერნები და კაფე-რესტორნები ზღვის პროდუქტებისგან დამზადებული კერძებით. დაასრულეთ სოფელში ვიზიტი ულამაზეს უბეებთან ცურვით.

მაკრინიცა, პელიონი/Makrinitsa, Pelion
ზღვის დონიდან 600 მ სიმაღლეზე მაკრინიცა საუცხოო ხედებს გპირდებათ. საცალფეხო ქუჩებზე ტრადიციული სახლები დგას და ავთენტური არქიტექტურა ქალაქს საოცარ შარმს მატებს. დასხედით ტავერნაში მოედანზე, ილაშქრეთ ახლობელ ტყეებში ან ესტუმრეთ ძველ ეკლესიებსა და უბნებს.

მესტა, ქიოსი/Mesta, Chios
ქიოს კუნძულზე პატარა სოფლებს აღმოაჩენთ, ლაბირინთის მსგავსი ქუჩებით. მესტა აქ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დასახლებაა, ძველი სახლებით, რომლებიც ყოფილი ადგილობრივი მაცხოვრებლების სიმდიდრეს გვაჩვენებს.

მონემვასია, ლაკონია/Monemvasia, Laconia
მონემვასიაში მოსახვედრად ერთადერთი გზა ხიდია, რომელიც მას ხმელეთთან აკავშირებს. ბერძენმა პოეტმა იანის რიცოსმა ეს სოფელი ზღვაში მოტივტივე ქვის გემს შეადარა. დატკბით კლდიდან მომზირალი სახლებით, რომლებიც პანორამულ ხედებს გვთავაზობენ. ესტუმრეთ შუასაუკუნეების კოშკს. ლაკონიას ხშირად ირჩევენ თაფლობისთვის გასატარებლად.

ჰორა, ფოლეგანდროსი/Hora, Folegandros
ჰორა თითქოს კლდის კიდეზე გააშენეს. ის ეგეოსის ზღვაზე პანორამულ ხედს გვთავაზობს. ეს პატარა სოფელი სავსეა მზისგან გახუნებული სახლებით, რომლებსაც ფერადი ხის კარებები და ფანჯრები ამშვენებთ. გაემართეთ კასტროს სასახლეში და დატკბით მისი დიდებულებით.











