“ევროპის კარიბჭედ” წოდებული ფრანკფურტი გერმანიის ფინანსური დედაქალაქია და “მანჰეტენის” რეპუტაციაც ღირსეულად შეიძინა. აქ მოსახლეობის ნახევარი გერმანელი არაა, ასე რომ, გარშემო სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანს შეამჩნევთ. მიუხედავად იმისა, რომ ის კომერციული და ეკონომიკური ცენტრია, ხელოვნების, კულტურის, ისტორიის და არქიტექტურის ადგილი აქ მაინც საკმაოდაა. ამას ის ფაქტიც ამყარებს, რომ აქ ყოველწლიურად გლობარული წიგნის ფესტივალი იმართება და წიგნის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან კრიბავს. ფრანკფურტი ხშირად იკავებს ადგილს იმ ქალაქების ათეულში, რომლებიც საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად საუკეთესო ადგილია.
ისტორიული მოედანი – Römerber
რომერბერგი ანუ “რომაული მთა”, ფრანკფურტის ისტორიული გულია. ეს თანამედროვე ქალაქის ერთადერთი ნაწილია, რომელიც ისე აღადგინეს, რომ სრულად წააგავს ქალაქის წარსულს. აქ მერიის შენობა დგას, რომელიც 1405 წლით თარიღდება, ასევე, ფერადი სახლები. რომერბერგი მე-13 საუკუნეში სავაჭრო მოედანი იყო და დღეს ახალი წლის პერიოდში საშობაო ბაზრობას მასპინძლობს.
მისამართი: Römerberg 26
მეინის კოშკი – Main Tower
ფრანკფურტის დათვალიერების ერთ-ერთი საუკეთესო გზა მის უმაღლეს ნაგებობაზე ასვლაა. შენობის სახურავზე საჯარო გადმოსახედია მოწყობილი, სადაც ქალაქის ზედხედით დატკბებით. შეგიძლიათ ისარგებლოთ რესტორნითაც. ცათამბჯენის სახელი გერმანიის მდინარე მეინიდან მომდინარეობს, რომელიც ფრანკფურტის ცენტრს გაივლის. თუ ქალაქზე გადმოხედვა ღამით გსურთ, გაითვალისწინეთ, რომ კოშკი გვიანობამდე მხოლოდ პარასკევსა და შაბათს მუშაობს.
მისამართი: Neue Mainzer Str. 52-58
სახლ-მუზეუმი – Goethe House
ფრანკფურტი გერმანიის უმნიშვნელოვანესი მწერლის, იოჰან ვოლფგანგ ვონ გოეთეს დაბადების ადგილია. მართალია, გოეთეს სახლი მეორე მსოფლიო ომის დროს დაზიანდა, თუმცა ის სრულად აღადგინეს ორიგინალი ავეჯით, მხატვრობით და წიგნებით. მიიღეთ ინსპირაცია მაგიდით, რომელზეც ის შედევრებს წერდა.
მისამართი: Großer Hirschgraben 23-25
ევროპის უდიდესი დინოზავრის ჩონჩხი – Senckenberg Museum
მსოფლიოში ცნობილი სენკენბერგის მუზეუმი გერმანიის ბუნების ისტორიის უდიდესი მუზეუმია. აქ ვიზიტი აღაფრთოვანებთ როგორც პატარებს, ასევე დიდებს. მუზეუმში იხილავთ ეგვიპტურ მუმიებს და უზარმაზარ დინოზავრებს.
მისამართი: Senckenberganlage 25
ეკლესია – Paulskirche
წმ. პოლის ეკლესია მე-18 საუკუნეში ააგეს და ის გერმანული დემოკრატიის აკვანია. აქ გარდამტეხი პოლიტიკური შეხვედრები ტარდებოდა და გერმანული პარლამენტიც პირველად სწორედ აქ აირჩიეს. დღეს ეკლესია საგამოფენო სივრცედ იქცა. აქ მშვიდობის პრიზით აჯილდოვებენ ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის გამარჯვებულებსაც.
მისამართი: Paulsplatz 11
სახვითი ხელოვნების მუზეუმი – Stadel Museum
გაუყევით მდინარე მეინს ფრანკფურტის მუზეუმების უბნისკენ (Museumsufer), სადაც ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ხელოვნების სივრცეებია თავმოყრილი. მათ შორისაა გერმანიის კინოს მუზეუმი და მსოფლიოში ცნობილი შტადელის მუზეუმი, რომელიც ძველი არტისტების შემოქმედებაზე ფოკუსირდება. შაბათობით ამ არეალს დიდი ფლი მარკეტიც აცოცხლებს. აქ იხილავთ რემბრანტის, ვერმერის, გოიას, მონეს, დეგას, ბეკმანის და პიკასოს ნამუშევრებს.
მისამართი: Schaumainkai 41
ბოტანიკური ბაღი: Palmengarten
მე-19 საუკუნეში გახსნილი ფრანკფურტის ბოტანიკური ბაღი აფრიკულ სავანასა და ევროპულ ბაღებში გვამოგზაურებს. აქ დაგხვდებათ როგორც ეგზოტიკური ფლორა, ასევე სხვადასხვა ჯიშის ყვავილები და ულამაზესი სათბურები. პალმენგართენში მსოფლიოს 6000-მდე მცენარეს აქვს თავი მოყრილი.
მისამართი: Siesmayerstraße 63
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი – MMK
აქ იხილავთ ისეთი არტისტების ნამუშევრებს, როგორებიც არიან: ენდი უარჰოლი, როი ლიხტენშტეინი, ფრენსის ბეკონი და სხვა. თუმცა, ეს მუზეუმი ბრწყინვალე არქიტექტურითაც გამოირჩევა. მას სამკუთხა ფორმა აქვს და ადგილობრივები “ნამცხვრის ნაჭერს” უწოდებენ.
მისამართი: Domstraße 10
ფრანკფურტის კათედრალი – Frankfurter Dom
კათოლიკური წმ. ბართოლომეუს კათედრალი ქალაქში საკუთარი უნიკალური ფერით იკვეთება. ის მე-13 საუკუნეში გოთიკურ სტილში ააგეს. მისი 95 მ. სიმაღლის კოშკის დამსახურებით, ფრანკფურტის კათედრალი დღეს ქალაქის ცათამბჯენების სიმაღლეზე ღირსეულად იჭერს თავს.
მისამართი: Domplatz 1
ბაზრობა – Kleinmarkthalle
ბაზრობები საუკეთესო ადგილებია ქალაქის ხასიათის შესაგრძნობად. ამ ბაზარში ადგილობრივები ყოველდღიურად ვაჭრობენ. ის გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა და აქ გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო საკვებს შეიძენთ. დააგემოვნეთ ცნობილი ფრანკფურტული “მწვანე სოუსი”, დამზადებული ტრადიციული რეცეპტით.
მისამართი: Hasengasse 5-7
ზოოპარკი – Frankfurt Zoo
აქ 500-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის 4500-მდე ცხოველი ბინადრობს. გერმანიის რიგით მეორე უძველესი ზოოპარკი ცხოველთა ბრწყინვალე სახლებს და მრავალფეროვან ფაუნას წარმოაჩენს. აქ ყველა ცხოველს საუკეთესო საცხოვრებელი პირობები აქვს შექმნილი. ზოოპარკში ხშირად ტარდება სხვადასხვა თემატიკის გამოფენები და ფესტივალები, ასე რომ, დროს სასიამოვნოდ გაიყვანთ.
მისამართი: Bernhard-Grzimek-Allee 1
ოპერა – The Old Opera House
ქალაქის გულში მდებარე ოპერის სახლი იტალიური რენესანსის სტილშია აგებული. ის მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა, თუმცა ახლიდან ააშენეს და 1981 წელს გახსნეს როგორც ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი საკონცერტო დარბაზი.
მისამართი: Opernplatz Sqr.
კოშკი – Eschenheim Tower
ეს კოშკი მე-15 საუკუნეშია აგებული და ფრანკფურტის ძველი ქალაქის კედლის საუკეთესო ნაშთია. 47 მ. სიმაღლის კოშკი მთელს უბანზე დომინირებს. დღეს აქ კაფე და შეხვედრებისთვის განკუთვნილი ოთახებია განთავსებული.
მისამართი: Börsenplatz
ებრაული მუზეუმი – Jewish Museum Frankfurt
ფრანკფურტის ებრაული მუზეუმი ნამდვილად ღირს მონახულებად. ის ორ შენობაშია განაწილებული. მუზეუმის მთავარ ნაწილში ფრანკფურტში ებრაელთა ცხოვრების 900 წელია წარმოდგენილი. აქ იხილავთ ანა ფრანკის გამოფენასაც. მეორე შენობაში კი ევროპის პირველი ებრაული გეტოს არტეფაქტები და მასთან დაკავშირებული გამოფენებია. აქ შეიმეცნებთ ებრაულ კულტურას ევროპულ ისტორიაში.
მისამართი: Bertha-Pappenheim-Platz 1