ფინეთის უნიკალური შარმი გამოხატულია მის ტბებში, ტყეებში და ულამაზეს ქალაქებში. თუ სათავგადასავლო მოგზაურობის მოყვარული ხართ, აქ სასურველ მიმართულებას აუცილებლად აღმოაჩენთ.
ტურკუ / Turku
საუკუნეების განმავლობაში, ტურკუ ფინეთის უდიდესი ქალაქი და მისი დედაქალაქიც კი იყო. იქამდე, სანამ ამ სტატუსს ჰელსინკი მიიღებდა. ის ქვეყნის მსხვილი საპორტო ქალაქის წოდებასაც ატარებდა. ტურკუში მდინარე აურა მოედინება და ზაფხულობით გემებზე მოწყობილ ბარებში გთავაზობთ გართობას. სავსე ფერებით და კრეატიული ბარ-რესტორნებით – აქ დრო ისე გაგეპარებათ ვერც კი შეამჩნევთ.
ლაფიინრატა / Lappeenranta
საიმას ტბაზე მდებარე ეს პატარა ქალაქი ფინელებისთვის ძალიან საყვარელი მიმართულებაა. აღსანიშნავია, რომ საიმას ტბა ევროპაში სიდიდით რიგით მეოთხეა. მთავარი სეზონი აქ ზაფხულია, როცა შეგიძლიათ ტბით სრულფასოვნად დატკბეთ, თუმცა ზამთრის ტურიზმიც ნელ-ნელა იხვეწება.
სავონლინა / Savonlinna
სავონლინა 1639 წელს დაარსდა და ის ოლავინლინას ციხესიმაგრის გარშემო ააგეს. ეს ქალაქი კუნძულია, თუმცა აქ საკმაოდ ბევრი ტბაა და ეს ფაქტი გვავიწყდება. მონახულებად ღირს კერიმაკის ეკლესია, რომელიც მსოფლიოში უდიდესი ხის ეკლესიაა.
ჰანკო / Hanko
ბევრს გაუკვირდება, მაგრამ ფინეთს სანაპიროებიც აქვს. ჰანკო არის ადგილი, სადაც უამრავი ადამიანი მზეზე გასარუჯად და სარელაქსაციოდ მოდის. აქაური მოსახლეობა ქვეყნის იმ უმცირეს ნაწილს შეადგენს, რომლებიც შვედურად საუბრობენ.
მარიაჰამენი / Mariehamn
ეს ასლენდის დედაქალაქია, რომელიც მე-19 საუკუნეში ააგეს და პირვანდელი სახე დღემდე ავთენტურად აქვს შენარჩუნებული. პატარა ცენტრის გარშემო ქუჩებში ფერად ხის შენობებს და სახლებს იხილავთ, რომლებიც ყველა სეზონზე ლამაზია. ქალაქის პორტს დიდი ისტორია აქვს, მოინახულეთ უძველესი გემი დასავლეთ ნავსადგურში.
ტამპერე / Tampere
ინდუსტრიული ქალაქი ტამპერე დღეს ფინეთის კულტურული ჰაბია. ის ჰელსინკის შემდეგ ქვეყნის უდიდესი ქალაქია და ინდუსტრიულობის გამო ჩრდილოეთის მანჩესტერსაც კი უწოდებდნენ. შენობები მწვანე სივრცეებით ივსება და აქ ნამდვილად იგრძნობთ სიმშვიდეს. ჰელსინკის შემდეგ, კულტურას ყველაზე მეტად აქ ეზიარებით. დატკბით მუზეუმებით და კლასიკური ორკესტრით.
როვანიემი / Rovaniemi
არქტიკული წრიდან 10 კილომეტრში მდებარე ეს ქალაქი დაუსახლებელია, თუმცა სილამაზის გამო უამრავ ვიზიტორს მასპინძლობს. მეორე მსოფლიო ომის დროს როვანიემი სრულად განადგურდა, თუმცა ახლიდან ააგეს და შენობები სწორედ ომის შემდგომი პერიოდით თარიღდებიან. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობებია მერია და თეატრი, რომლებიც ფინელმა არქიტექტორმა, ალვარ აალტომ დააპროექტა. აქ იხილავთ ჩრდილოეთის ციალს და ეწვევით სანტა კლაუსის სახლს.
საარისელკა / Saariselka
გიოცნებიათ იგლუში დაძინებაზე? წარმოიდგინეთ, რომ მას შუშის ჭერი აქვს და შეგიძლიათ ავრორას ციალს საწოლიდან დააკვირდეთ! საარისელკა არის კურორტი, სადაც სწორედ მსგავს ჯადოსნურ დასვენებას მოიწყობთ. შეგიძლიათ ჩაებათ მარხილში და ზამთრის სილამაზით დატკბეთ. ივნისსა და ივლისში აქ თეთრი ღამეებია და თითქმის არასდროს ბნელდება.
კემი / Kemi
ლაპლანდიის სამხრეთ ნაწილში კემი კიდევ ერთი ადგილია, სადაც ლაპლანდიურ კულტურას გაეცნობით. ის მე-19 საუკუნეში აშენდა როგორც ნავსადგური, თუმცა დღეს მისი მთავარი ღირსშესანიშნაობა თოვლის სასახლეა, რომელსაც ყოველ წელს განსხვავებული არქიტექტურა აქვს. არასდროს იცი რა დაგხვდება.
რეიზბორგი / Raseborg
ფინეთის მორიგ შვედურად მოსაუბრე ქალაქშიც ალვარ აალტოს არქიტექტურაა. ქუჩები სავსეა შეღებილი ხის სახლებით, რომლებიც ნაცრისფერ დღეებშიც კი ანათებენ. ინახულეთ ნეოკლასიკური ეკლესია და ეკენასის ეროვნული პარკი.