პარიზის ფლი მარკეტები და ბაზრობები მე-19 საუკუნიდან არსებობს. დროსთან ერთად ისინი განვითარდნენ და გამდიდრდნენ. უკვე მე-20 საუკუნეში ისინი პარიზის მთავარი კულტურული და კომერციული წერტილები გახდნენ. შენმა მეგზურმა 6 მათგანი ამოგირჩიათ:

1. Marché aux Puces de la Porte de Vanves – საუკეთესო ვინტაჟური ნივთებისთვის

ვინტაჟისა და ეკლექტური ნივთების აღმოჩენისთვის, ამ ბაზრობას მიმართეთ პარიზის სამხრეთში, მე-14 რაიონში. ეს ღია ცის ქვეშ ბაზრობა ღიაა ყოველ შაბათს და კვირას დილის 7 საათიდან დღის 2 საათამდე. აქ აღმოაჩენთ მე-18/მე-20 საუკუნეების წიგნებს, ჩარჩოებს, აქსესუარებს თუ მხატვრობას. კოლექციონერები ათვალიერებენ ანტიკურ სამკაულს, ვინტაჟურ კამერებს და ქუჩის ძველ ნიშნებს პარიზული ნოსტალგიისთვის. ეს პარიზის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ბაზრობაა.

2. Marché aux Puces de Saint-Ouen – ყველაზე დიდი ბაზრობა, საუკეთესო ანტიკვარიატისა და ავეჯისთვის

ეს არამხოლოდ საფრანგეთის, არამედ მსოფლიოს უდიდესი ანტიკური ბაზრობაა, ყველაზე ცნობილი ფლი მარკეტი პარიზში. გაუყევით მის ხეივნებს და დაათვალიერეთ ავეჯის ნივთები, ვინტაჟური სამოსი, იშვიათი წიგნები, არტ-დეკოს დეკორი და განათებები. ღიაა შაბათიდან ორშაბათის ჩათლით, მაგრამ ორშაბათს დახლების ნაწილი დაკეტილია.

3. Marché aux Puces de Montreuil – საუკეთესო ადგილობრივებთან ერთად შოპინგისთვის

ეს ბაზრობა წარმოგვიდგენს ახალ და მეორად სამოსს და ანტიკურ ნივთებს. აქ უამრავი რამის შეძენა შეგიძლიათ სულ რაღაც 1 ევროდ. ზოგიერთ დახლზე დაგხვდებათ ისეთი ბრენდების ჩამოფასებული მაკიაჟის ტესტერები, როგორებიც არიან ივ სენ ლორანი, დიორი და შანელი.

4. Marché des Enfants Rouges – საუკეთესო საკვებისთვის

პარიზის ეს უძველესი ბაზრობა, ისტორიული მონუმენტია, დათარიღებული 1615 წლით. გურმანები მას აუცილებლად უნდა ეწვიონ. გემრიელი პროდუქციის გარდა, შგნით ნახავთ ვინტაჟური ფოტოების გალერეასაც პარიზული ცხოვრების შესახებ. დაათვალიერებთ ტყავის ჩანთებს, ჯემპრებს, კაშნეებს, ტელეფონის აქსესუარებს და სხვა. ღიაა სამშაბათი-კვირა.

5. Marché d’Aligre

მე-12 რაიონში მდებარე ეს ბაზრობა გამოირჩევა იმით, რომ ორშაბათის გარდა, ყოველდღე ღიაა. აქ 3 სხვადასხვა ტიპის ბაზრობა დაგხვდებათ, გაერთიანებული ერთში. გარე დახლებზე ახალი ხილი, ბოსტნეული, თაფლი თუ ყვავილებია. შიგნით თევზი, ხორცი თუ სხვა საკვები. ნახავთ ასევე წიგნების, სამოსის თუ ხელოვნების ნივთების მაგიდებს. ბაზრობა იკეტება 2-3 საათზე.

6. Jussieu Flea Market – პარიზის ცენტრალური ბაზრობა

ლათინურ კვარტალში, სორბონის უნივერსიტეტთან მდებარე ეს ბაზრობა თვის მხოლოდ პირველ კვირა დღეს იხსნება. ის ღიაა დღის 5 საათამდე. მის სასიამოვნო ატმოსფეროში ივაჭრებთ ჩანთებით, მანტოებით, ლამპებით, წიგნებით, საფოსტო ბარათებით, კამერებით, სამკაულით, მონეტებით თუ სხვა.