საფრანგეთის დედაქალაქი ბიუჯეტურ მიმართულებად არ ითვლება, თუმცა პარიზის მონახულება უფასო ან იაფი აქტივობებითაც შეგიძლიათ. ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით მოგცემთ რჩევებს:

  • გაისეირნეთ მდინარე სენას სანაპიროზე

ალბათ ბევრ რომანტიკულ ფილმში გინახავთ სენაზე მოსეირნე პერსონაჟები, ჩვენ გაგახსენებთ ფილმს “ამერიკელი პარიზში”. დროა ეს სიამოვნება თავადაც გამოსცადოთ და ამ რომანტიკული ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას დააკვირდეთ. დრო აქ თითქოს დაპაუზებულია. პარიზში 37 ხიდია, 33 მათგანი ღამით განათებულია და საღამოსაც სასიამოვნოდ გაატარებთ დროს.

  • დააკვირდით ეიფელის კოშკის კაშკაშს ღამით

დაბნელებიდან ღამის 1 საათამდე ეიფელის კოშკი სპეციალურად ციმციმებს, რომლის მზერაც ეიფელის ნებისმიერი მხრიდან შეგიძლიათ. კოშკის წინ მდებარე პარკში საღამოს პიკნიკსაც იწყობენ და მეგობრებთან ერთად სხდებიან და შოუს უმზერენ.

  • შეისეირნეთ Shakespeare & Company-ის წიგნის მაღაზიაში

კომპანია Shakespeare & Company-ის პარიზის ფილიალი დიდიხანია რაც წიგნების მოყვარულებისთვის, არტისტებისთვის და მწერლებისთვის საყვარელი ადგილია. ერთ დროს მას სტუმრობდნენ ჰემინგუეი, სკოტ ფიცჯერალდი, ჯეიმს ჯოისი… ბუშერის ქუჩაზე გახსნილი ეს საყვარელი მაღაზია სამკითხველო დარბაზსაც მოიცავს.

  • დატკბით პარიზის 360 გრადუსიანი ხედით

მას შემდეგ, რაც ცნობილი სავაჭრო ცენტრის, გალერეა ლაფაიეტის ექსტერიერით და ინტერიერით დატკბებით, ადით მისი სახურავის ტერასაზე და იხილეთ პარიზის პანორამული ხედი. მეორე ვარიანტია მონმარტის მთაზე ასვლა. იქ მოხვედრას კიბეებით უფასოდ, ხოლო ფუნიკულიორით რამდენიმე ევროდ შეძლებთ.

  • შეუერთდით უფასო საფეხმავლო ტურებს

მათ ვისაც ქალაქის ისტორიაში გარკვევა უნდა, კომპანიები: Discover Walks და Strawberry Tours, უფასო საფეხმავლო ტურებს გთავაზობენ. დაათვალიერებთ მონმარტს, სენ ჟერმანს, მარცხენა სანაპიროს, ლათინურ კვარტალს, ეიფელის კოშკს და ტრიუმფალურ თაღს. შეგიძლიათ ტურის ბოლოს ცოტაოდენი ჩაი დაუტოვოთ.

  • დაათვალიერეთ რაიონები

მათ, ვისაც უცხო ქალაქში ფეხით სეირნობა ძალიან უყვარს, პარიზი იდეალური ადგილია. აქ ერთმანეთისგან გამორჩეული რაიონებია, ამიტომაც ჩაიცვით კომფორტული ფეხსაცმელი და დაიწყეთ თავგადასავლები. პოპულარული რაიონებია: Le Marais, Saint Germain-des-Pres, Montmartre, და საკულტო Champs-Élysées. თუ გინდათ ცენტრს მოშორდეთ, მაშინ ეს უბნები მოინახულეთ: Canal St Martin, Belleville, Butte aux Cailles და La Chapelle.

  • დაათვალიერეთ მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები

საფრანგეთში კულტურა და ხელოვნება ძალიან მნიშვნელოვანია. შედეგად, მთავრობის გადაწყვეტილებით, პარიზის ბევრი მუზეუმი უფასოა. ლუვრი და ორსეს მუზეუმი კი ყოველი თვის პირველ კვირა დღესაა უფასო. ბილეთის გარეშე ნებისმიერ დროს შეხვალთ: პარიზის ისტორიის მუზეუმში – Musée Carnavalet, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში – Musée d’Art Moderne de Paris, სახვითი ხელოვნების მუზეუმში – Musée des Beaux-Arts და ბალზაკის სახლ-მუზეუმში – Maison de Balzac.

  • დაესწარით უფასო ფესტივალებს და ღონისძიებებს

პარიზში წლის მანძილზე ბევრი უფასო კულტურული ღონისძიება ეწობა. ძირითადად, გაზაფხულსა და ზაფხულში. მათ შორის: პარიზის მუსიკის ფესტივალი (21 ივნისს); პარიზის პრაიდი (ივნისში), კინოფესტივალი ღია ცის ქვეშ ლა ვილეტში (ზაფხულში), ბასტილიის დღე (14 ივლისს), ევროპული მემკვიდრეობის დღეები (სექტემბერში).

  • ესტუმრეთ ისტორიულ კათედრალებს და ეკლესიებს

პარიზში ბევრი საოცარი არქიტექტურის და განსაკუთრებული მნიშვნელობის ეკლესიაა, რომლებშიც უფასოდ შეხვალთ. ძირითადად, ფასიანი მხოლოდ მათ კოშკებზე ასვლაა. ნოტრ-დამის კათედრალი ხანძრის შემდეგ, ჯერ ახლიდან არ გახსნილა, თუმცა იხილავთ სან-შაპელს/Sainte-Chappelle, რომელიც ყოველი თვის პირველ კვირასაა უფასო, საკრე-კერის ბაზილიკას (Sacré-Cœur) მონმარტის უბანში, წმ. სალპიჩის ეკლესიას/L’église Saint-Sulpice de Fougères

  • განიტვირთეთ პარკებსა და ბაღებში

სეზონს არ აქვს მნიშვნელობა, გაისეირნეთ პარიზის უამრავ ელეგანტურ პარკსა და ბაღში. ლუქსემბურგის ბაღი ამ მხრივ, ყველაზე პოპულარულია. კიდევ შემოგთავაზებთ გასართობ პარკს: Jardin d’Acclimation, ტიუილრის ბაღს (Jardin des Tuileries) ლუვრის მუზეუმთან, Parc des Buttes-Chaumont, Parc Montsouris და ანა ფრანკის ბაღს.

  • დატკბით ეიფელის ხედით ტროკადეროდან

ეიფელზე ასვლის ნაცვლად, შეგიძლიათ ტროკადეროს მოედანს ან მის ბაღს მიაკითხოთ, მდინარე სენას მეორე ნაპირზე, მე-16 რაიონში. ეს უფასო და მშვენიერი ადგილია დაათვალიეროთ პარიზი ეიფელის კოშკთან ერთად.

  • შეიგრძენით ხელოვნება მონმარტრზე

მე-18 რაიონში მდებარე მონმარტის უბანი ერთ დროს ცნობილი არტისტების: პიკასოს, დალის, მონეს, რენუარის, დეგას და ტულუზ-ლოტრეკის სახლი იყო. დროებით აქ ვან გოგი, მონდრიანი და მოდილიანიც ცხოვრობდნენ. მონმარტი ფეხით მოსავლელად მშვენიერი ადგილია. ეწვიეთ აქ მდებარე მაღაზიებს, საცხობებს და დატკბით ქალაქის იმ ნაწილით, სადაც ხელოვნება საუკეთესოდ იგრძნობა. აღსანიშნავია, რომ აქაური მენიუები ბიუჯეტურია.

  • მოინახულეთ ტრიუმფალური თაღი

ეიფელის კოშკის მსგავსად, ტრიუმფალური თაღიც პარიზის ყველაზე ცნობილი და ფოტოგენური მონუმენტია. შანზელიზეს გამზირის ბოლოში მდებარე ქვის თაღი ფრანგების გამარჯვების სიმბოლოა. გარშემო დათვალიერების შემდეგ, რამდენიმე ევროდ მასზე ასვლაც შეგიძლიათ.

  • მიაგეთ პატივი ცნობილ ადამიანებს პერ ლაშეზის სასაფლაოზე

Père Lachaise – პარიზის სასაფლაოა, რომელიც მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურების განსასვენებელს წარმოადგენს და მისი მონახულება უფასოა. აქ იმდენად მშვიდი ატმოსფეროა შექმნილი, რომ არა სასაფლაო, არამედ მემორიალური ხეივანი გეგონებათ. აქ იხილავთ: ოსკარ უაილდის, შოპენის, ედიტ პიაფის, ჯიმ მორისონის და სხვების საფლავებს. პარიზის მეორე, მონპარნასის სასაფლაოზე (Cimetière du Montparnasse) კი გი დე მოპასანი, სემუელ ბეკეტი და შარლ ბოდლერი არიან დასვენებულნი.

  • გაისეირნეთ საფეხმავლო ქუჩაზე: Le Marais

მეოთხე რაიონში მდებარე მარეს უბანი კვირაობით მანქანებისგან თავისუფალია და აქ ბევრი ტრენდულ ბუტიკს, გალერეას, ბარს და აპრკს აღმოაჩენთ. შეჩერდით პომპიდუს ცენტრთან, ბასტილიის მოედანთან და სხვა შთამბეჭდავ ადგილებთან.

როგორ უნდა მოხვდეთ პარიზის აეროპორტებიდან ქალაქში