ეს ექსტრაორდინალური და მრავალფეროვანი ქვეყანა კოხტა სოფლებს, ველურ სანაპიროებს, შუასაუკუნოვან დასახლებებს და თანამედროვე ქალაქებს მოიცავს. ჰოლანდია დინამიურია როგორც ბუნებით, ასევე კულტურით. ჩვენ ნიდერლანდების ყველაზე ლამაზ ქალაქებს წარმოგიდგენთ.

ამსტერდამი/Amsterdam

ჰოლანდიის დედაქალაქი და ქვეყნის ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება – ამსტერდამი, კონტრასტების ქალაქია. აქ როგორც თანამედროვე, ასევე ისტორიულ ადგილებს ნახავთ. ცნობილ მე-17 საუკუნის არხებს ლამაზი სახლები ამშვენებს, რომლებიც ცნობილები არიან თავიანთი იდეალური არქიტექტურული სტრუქტურით. აქ ასევე იხილავთ მუზეუმებს, ტაძრებს და მნიშვნელოვან შენობა-ნაგებობებს.

ბროეკი/Broek, Waterland

ბროეკი ჰოლანდიის დასავლეთში მდებარეობს და ცნობილია თავისი სიმწვანით, მდინარეებითა და არხებით. ვისაც ბუნების სილამაზის ხილვა და სიმშვიდეში ყოფნა სურს, სწორედ ამ ფოტოგენურ სოფელს უნდა ეწვიოს. ქუჩები სავსეა ტიპური ჰოლანდიური სახლებით, რომლებიც პასტელურ ფერებში არიან წარმოდგენილნი და ანტიკურ ტაძარს გვერდს უმშვენებენ. ქალაქში ასევე არის დიდი ტბა – მშვენიერი სივრცე ზაფხულში საპიკნიკოდ, ზამთარში – სასრიალოდ.

დელფტი/Delft

ცნობილი ჰოლანდიელი მხატვრის, ვერმეერის დაბადების ადგილი – დელფტი მნიშვნელოვან მემკვიდრეობებს აერთიანებს. ქალაქის ცენტრში რამდენიმე მონუმენტური შენობაა, მათ შორის რენესანსის სტილის ქალაქის მერია და შუასაუკუნეების დროინდელი ტაძარი, რომელსაც 75 მ. სიმაღლის ექსტრაორდინალური კოშკი ამშვენებს. დელფტში ასევე ბევრი ლამაზი არხი, სახლი და კაფეა.

გითჰონი/Giethoorn

იდილიური პატარა ჰოლანდიური სოფელი გითჰონს ხშირად “ნიდერლანდების ვენეციას” უწოდებენ მისი უამრავი არხის და პატარა ხიდების გამო. სოფლის ძველ უბანში გზები არაა და ყველა სამოგზაურო და სატრანსპორტო საშუალება წყალზე გადის. გითჰონი ვენეციისგან იმით განსხვავდება, რომ აქ საოცარი სიმშვიდეა. მის ყველა კუთხეში პატარა კოტეჯი დგას სიმწვანითა და ბაღებით. შეგიძლიათ ნავით სოფლის შემოგარენიც დაათვალიეროთ, ან შეიაროთ გითჰონის მყუდრო კაფეებში.

 

ჰააგა/The Hague

ჰოლანდიის პოლიტიკური, ადმინისტრაციული და დისციპლინირებული დედაქალაქი ჰააგა, ლამაზი ქალაქია ისეთი თანამედროვეობისთვის მნიშვნელოვანი ქუჩებით და შენობებით, რომლებიც შთამბეჭდავ ისტორიას აირეკლავენ. ქალაქის ცენტრი, მისთვის დამახასიათებელი უნიკალური შარმით, შუა საუკუნეების არქიტექტურიდან ახლანდელი ეპოქის არქიტექტურაზე იდეალურად გადადის და მათ ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს. ნურდეინდის სასახლე ჰოლანდიის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი მთავარი რეზიდენციაა და ბევრ ვიზიტორს ხიბლავს. ქალაქის ჩრდილოეთით, შევენინგენია, მდიდრული სანაპირო კურორტი შუქურით და ქვიშიანი სანაპიროებით.

ჰარლინგენი/Harlingen

ჩრდილოეთ ჰოლანდიაში მდებარე ჰარლინგენი პატარა ქალაქია, ცნობილი სათევზაო ინდუსტრიით, რომელმაც ტურისტების პოპულარობა ბოლო წლებში მოიპოვა. ვიზიტორებს შეუძლიათ ისეირნონ მშვიდ ხეივნებზე და ზღვაში ლამაზ ნავებს და გემებს დააკვირდნენ. ეს ქალაქიც ცნობილია ისტორიული არხებით და ტრადიციული სახლებით. ჰარლინგენის ძველი შუქურა 1920 წელს აშენდა და დღემდე ქალაქის ყველაზე საკულტო ძეგლად ითვლება.

ლაიდენი/Leiden

ლაიდენის უნივერსიტეტი ჰოლანდიის ყველაზე ძველი უნივერსიტეტია, რომელიც ქვეყნის ისტორიულ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. რემბრანტის დაბადების ადგილი მიმზიდველი ქალაქია აგურის შენობებით და აკადემიური დაწესებულებებით. სხვა ჰოლანდიური ქალაქების მსგავსად, ლაიდენი წყალზეა აგებული. ქალაქს მდინარის ორი შენაკადი მოიცავს, რომლებსაც პატარა არხები უერთდებათ. ლაიდენში ბევრი მწვანე სივრცეა, მათ შორის მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ბოტანიკური ბაღი.

ნაარდენი/Naarden

ნაარდენი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესოდ დაცული ქალაქია. აქაური ციხესიმაგრე მე-15 საუკუნეში დიდებას ზეიმობდა. მე-14 საუკუნის დროინდელი ბაზილიკა, წმ. ვიტუსის ეკლესია, ქალაქის შუაგულში მდებარეობს. ძველი ქალაქი კი ტრადიციული ჰოლანდიური შენობების მშვენიერ მაგალითებს წარმოადგენს.

თორნი/Thorn

ამ პატარა ქალაქსაც შთამბეჭდავი ისტორია აქვს. მე-12 საუკუნეში ის ცნობილი იყო, როგორც წმინდა რომაული იმპერიის ყველაზე პატარა დამოუკიდებელი შტატი. თორნი დღესაც გამორჩეულია თავისი ხეივნებით, პატარა ეზოებით, თეთრად შეღებილი აგურის სახლებით და გოთიკური ტაძრით. აქ ყოფნისას ქალაქის უნიკალურობას ნამდვილად შეიგრძნობთ.

ვალკენბურგი/Valkenburg

ვალკენბურგში სტუმრობა წარსულში გადანაცვლებას ჰგავს. ქალაქის ცენტრი ლამაზი ისტორიული არქიტექტურითაა სავსე: კარიბჭით, წმ. ნიკოლოზის და წმ. ბარბარეს ეკლესიით და ხის სკულპტურებით. ვალკენბურგის ციხესიმაგრის ნანგრევები მე-14 საუკუნით თარიღდება და ქალაქს მაღლიდან გადმოჰყურებს. ასევე, აღსანიშნავია გვირაბები და მღვიმეები, რომლებიც ერთ დროს მაღაროებს წარმოადგენდნენ. ზამთარში აქ მაგიური, მიწისქვეშა საშობაო ბაზრობა ეწყობა.