პორტუგალიის მზიანი ალენტეჯოს პროვინციის გულში მდებარე ევორა ქვეყნის უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ქალაქია. შუასაუკუნოვანი ევორა ყოველთვის განათლების და ხელოვნების ცენტრი იყო. მას ფეხით ადვილად მოივლით. ევორას ცოცხალი ატმოსფერო იგრძნობა ვიწრო საფეხმავლო ხეივნებში, ოჯახურ კაფე-რესტორნებში, ყვავილებით მორთულ მოედნებზე და აშ.

1. კათედრალი – Sé

ეს გრანიტის ფასადით გამორჩეული კათედრალი თავისი ასიმეტრიული საათის კოშკებით ციხესიმაგრესაც კი მოგაგონებთ. აქ მდებარეობს რელიგიური ხელოვნების მუზეუმიც შეუფასებელი არტეფაქტებით. ბილეთით შეხვალთ კათედრალში, კოშკზე და მუზეუმში.

მისამართი: Largo do Marquês de Marialva

2. რომაული საყდარი

ქალაქის ტოპ ღირსშესანიშნაობაა დიანას საყდარი, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე აღარ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ის მართლაც ამ რომაელ ქალღმერთს ეკუთვნოდა. ევორაში მდებარე ეს ნაშთები პორტუგალიის გამორჩეული რომაული ძეგლია. ღამით საყდარი მისტიკურადაა განათებული.

მისამართი: Largo do Conde de Vila Flor

3. რომაული აბანოები

მორიგი რომაული ეპოქის ღირსშესანიშნაობაა რომაული აბანოები, რომელიც ქალაქის მიწისქვეშ აღმოაჩინეს. ანტრიკური არქიტექტურის ეს ექსტრაორდინალური ნიმუში მოსანახულებლად უფასოა სამუშაო დღეების სამუშაო საათებში.

მისამართი: Câmara Municipal, Praça do Sertório

4. ჟირალდოს მოედანი (Praça do Giraldo)

ევორას ლამაზი ცენტრალური მოედანი ქალაქის ცოცხალი ჰაბია,  რომელიც ადგილობრივების და ტურისტების საყვარელი შეხვედრის ადგილია. აქ უიქენდებზე ბაზრობებიც იმართება.

მისამართი: Praça do Giraldo

5. ევორას უნივერსიტეტი (Universidade de Évora)

ევორას ძველი უნივერსიტეტის დარბაზები, სასწავლო აუდიტორიები და დერეფნები უნიკალურადაა გაფორმებული ლურჯი აზულეჯოს ფილებით. აქ სწავლის პროცესი დღემდე მიმდინარეობს და ვიზიტორებისთვის დათვალიერება ფასიანია.

მისამართი: Largo dos Colegiais 2

6. ლარგო და პორტა დე მოურა

მავრების ოკუპაციამ ევორაში თავისი კულტურული ნაკვალევი დატოვა. ეს მოედანიც ერთგვარი მავრიტანული კარიბჭე იყო და სახელიც ამის მიხედვით ეწოდა. აქ ნახავთ საოცარ არქიტექტურულ ნაგებობებს და რენესანსის შადრევანს საკულტო მარმარილოს სფეროთი. დალიეთ ყავა მოედანზე მდებარე რომელიმე კაფეში.

7. საჯარო ბაღი (Jardim Público)

ძველი ქალაქის სამხრეთ ნაწილში ეს სასიამოვნო საპიკნიკო და სასეირნო ტერიტორია მდებარეობს, სან-ფრანცისკოს ეკლესიასთან. ადრეულ გაზაფხულზე აქ ბევრი ყვავილი ყვავის და ტერასული ღია კაფეებიც იხსნება.

8. მეგალიტები

ევორადან 15 კილომეტრში მდებარე მეგალიტების ველი მისტიკური ადგილია და ქრისტეშობამდე პერიოდით თარიღდება. მათ ვისაც პრეისტორია აინტერესებს, ხელმისაწვდომია გიდის ტურები არქეოლოგთან ერთად.

მისამართი: Guadalupe

9. გაისეირნეთ ლამაზ ქუჩებში

ევორა იმდენად ლამაზია, რომ აქ ერთ დღეს უბრალოდ ქუჩებში სეირნობით ძალიან მალე გაიყვანთ. ჩაიძირეთ ამ ქალაქის ატმოსფეროში, მის მშვიდ რიტმში, დაუსრულებელ მზიან ამინდებში და იგრძენით ზაფხული ყოველდღე. დაიწყეთ მთავარი მოედნიდან და გაუყევით ყველა ქუჩას, რომელიც ამ მოედანს უკავშირდება. აქ ყვითელფანჯრიანი თეთრი სახლები, აზულეჯოს ფილები, ვარდისფერი ყვავილები და ტერაკოტას სახურავებია.