დიჟონი ცნობილია თავისი სახელგანთქმული მდოგვით. თუმცა, აქ ჩამოსვლისას ეს მხოლოდ დასაწყისია! “ჰერცოგების ქალაქად” წოდებული დიჟონი ბურგუნდიის შუასაუკუნეების დედაქალაქია. მისი ქალაქის ცენტრი იუნესკოს დაცულ ტერიტორიათა სიაშია შესული მისი საუცხოოდ შემონახული არისტოკრატიული სასახლეებით და ელეგანტური რეზიდენციებით. გაისეირნეთ მშვიდ, ქვაფენილიან ქუჩებში და გაეცანით ადგილობრივ კულტურას. არ დატოვოთ ქალაქი იქამდე, სანამ ავთენტურ ტრადიციულ ფრანგულ კერძებს არ დააგემოვნებთ.
1. ჰერცოგების სასახლე და სახვითი ხელოვნების მუზეუმი
Palais des Ducs – ბურგუნდიის ჰერცოგების რეზიდენცია იყო მე-15/მე-16 საუკუნეებში. მისი არქიტექტურა ვერსალის სასახლეს წააგავს, რადგანაც მის განახლებაზე იგივე არქიტექტორმა იზრუნა. დღეს აქ მერიაა და მისი გარკვეული ნაწილია საჯაროდ ღია. აქვე მდებარეობს სახვითი ხელოვნების მუზეუმიც, სადაც საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული ხელოვნების კოლექციებია დაცული. მათ შორისაა იტალიური რენესანსის შედევრები ტიციანის, ვერონეზეს, რუბენსის, დელაკრუას, მონეს, სისლეის, მანეს, პისაროს და ლოტოს ავტორობით.
მისამართი: 1 Place de la Libération
2. სან-ბენინის კათედრალი
Cathédrale Saint-Bénigne – ბურგუნდიული გოთიკური არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშია. ეს ტყუპი კოშკურებით წარმოდგენილი ეკლესია დღემდე სამლოცველოდ გამოიყენება. თუ შეძლებთ დაესწარით ორღანის კონცერტს.
მისამართი: Place Saint-Bénigne, Dijon
3. დიჟონის ნოტრ-დამი
Eglise Notre-Dame დიჟონის ეკლესიებს შორის უდიდესია. ის მეცამეტე საუკუნეშია აშენებული და ისევე როგორც სხვები, ისიც გოთიკურ არქიტექტურას წაროადგენს. ექსტერიერთან ერთად მოინახულეთ ინტერიერიც. გარე კედლის ერთ-ერთ კუთხეში დაინახავთ ქვაში გამოკვეთილ პატარა ბუს. ტრადიციის მიხედვით, მას ხელი უნდა დაადოთ და სურვილი ჩაიფიქროთ.
მისამართი: Rue de la Préfecture
4. პერინ პუკუსინის მუზეუმი
Musée de Perrin de Puycousin – მშვენიერი ადგილია ბურგუნდიის რეგიონის ისტორია რომ შეისწავლოთ. გამოფენა ფოკუსირდება დიჟონის ისტორიაზე, რეგიონის ტრადიციულ კოსტიუმებზე და მე-19/მე-20 საუკუნის ყოველდღიურ ნივთებზე. აქ წარმოდგენილი კოლექციები პერინ პუკუსინის ერთგვარი დონაციაა. აქ მდებარე მაღაზიაში იყიდება წიგნები, საფოსტო ბარათები და ვინტაჟური ხის სათამაშოები.
მისამართი: Monastère des Bernardines, 17 Rue Sainte-Anne
5. დიჟონის მდოგვის ბუტიკები და კულინარიული მაღაზიები
დიჟონი ტურისტებს მთელი მსოფლიოდან ეპატიჟება მისი მდოგვების ადგილზე გასასინჯად. ტრადიციული დიჟონის მდოგვი გამორჩეული და უნიკალურია. ქალაქის ისტორიულ ცენტრში ორი პრესტიჟული მდოგვის ბუტიკია: La Maison Maille და La Moutarderie Edmond Fallot. ორივე მათგანი მე-18/მე-19 საუკუნეებიდანაა ღია. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა მდოგვი და შეუერთდეთ ტურებს. შემდეგი მიმართულებაა ბაზრობა: Les Halles de Dijon, სადაც მდოგვის გარდა, ხილს, ბოსტნეულს, ყველს და სხვა პროდუქტებს შეიძენთ.
6. დიჟონის ბოტანიკური ბაღი (Jardin de l’Arquebuse)
დიჟონის ისტორიულ ცენტრში მდებარე ეს სარელაქსაციო ოაზისი ულამაზეს ბოტანიკურ ბაღებს წარმოგვიდგენს სასეირნო ხეივნებით და პავილიონებით. აქვე მდებარეობს სამეცნიერო მუზეუმიც გამოფენებით ზოოლოგიის და გეოლოგიის შესახებ.
მისამართი: 1 Avenue Albert 1er
7. სან-მიშელის ეკლესია
Eglise Saint-Michel – ისტორიული მონუმენტია, რომელიც რენესანსის არქიტექტურული ელემენტებითაა გაფორმებული. თაღები მორთულია ანგელოზების და სხვა ფიგურების სკულპტურებით.
მისამართი: Place Saint-Michel
8. სასტუმრო ვოგი
Hôtel de Vogüé – ჰერცოგების სასახლესთან მდებარეობს. შენობა 1614 წელს აშენდა. ის იტალიური რენესანსის არქიტექტურის მშვენიერი ნიმუშია და მდიდრული გაფორმებით ხასიათდება. სახურავი გეომეტრიული ფიგურებით ბურგუნდიაში ტიპური მახასიათებელია. აქ დროებითი გამოფენები ეწყობა.
მისამართი: 8 Rue de la Chouette
9. მაგნინის მუზეუმი
Musée Magnin – ფრანგული მხატვრობის მდიდრულ კოლექციებს წარმოგვიდგენს მე-17, მე-18 და მე-19 საუკუნეებიდან. შეგიძლიათ შეიძინოთ ღია ბარათები და ხელოვნებით შთაგონებული სუვენირები მუზეუმის ბუტიკში.
მისამართი: 4 Rue de Bons Enfants
10. რელიგიური ხელოვნების მუზეუმი (Musée d’Art Sacré)
ეს მუზეუმი მე-17 საუკუნის ეკლესიის შენობაში მდებარეობს და წარმოგვიდგენს რელიგიური ხელოვნების ნიმუშებს რეგიონის მონასტრებიდან და ტაძრებიდან. ესენია: ნახატები, სკულპტურები, ტექსტილი და რელიგიური ნივთები. მუზეუმი ღიაა ყოველდღე მთელი წლის მანძილზე სამშაბათის და დღესასწაულების გარდა.
მისამართი: 17 Rue Sainte-Anne