ესპანეთის ეს შთამბეჭდავი ზღვისპირა ქალაქი ცნობილია მისი ქვიშიანი სანაპიროებით, მღელვარე ღამის ცხოვრებით და შარმით, რის გამოც მას “ევროპის ლას-ვეგასსაც” კი უწოდებენ. ბენიდორმი ცნობილი ესპანური კურორტია ალიკანტეს პროვინციაში. აქ ბევრი ცათამბჯენი მდებარეობს. ახლა შენდება 230მ. სიმაღლის შენობაც, რომელიც ესპანეთის უმაღლესი საცხოვრებელი კოშკი იქნება. მას 64 სართული და 260 ბინა ექნება, ასევე ასტრონომიული ობსერვატორიაც.
ბენიდორმი ესპანეთში პოპულარულია საოცრად ლამაზი სანაპიროების, კრისტალივით სუფთა წყლის, სასტუმროების, რესტორნების და აქტივობების ფართო ასორტიმენტის გამო. მისი ისტორიული ცენტრი კონტრასტულად ერწყმის ფართო გამზირებს მაღაზიებით და გარე კაფეებით. ბენიდორმში გაისეირნებთ ბულვარში, იცურავებთ ზღვაში, დაკავდებით წყლის სპორტით, შეუერთდებით ნავის ტურს ბენიდორმის კუნძულზე და დააგემოვნებთ უგემრიელეს კერძებს, მომზადებულს ადგილობრივი ინგრედიენტებით.
ბენიდორმში მთელი წლის მანძილზე სასიამოვნო კლიმატია და მისი 5კმ სიგრძის სანაპირო ზოლი დაუსრულებელ ქვიშიან სანაპიროებს და გამოქვაბულებს გვთავაზობს. გამოცდით სკუბა დაივინგს, წყლის თხილამურებს, სერფინგს და აშ.
პორტის ჩრდილოეთით მდებარე ლევანტეს სანაპირო ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სანაპიროა. აქ ოქროსფერი ქვიშა და დატვირთული ბულვარია. პონიენტეს სანაპირო ქალაქის სამხრეთით 3 კილომეტრზეა გაჭიმული. ლევანტეს მსგავსად ისიც ადვილად ხელმისაწვდომი, კომფორტული და მრავალფუნქციურია. კიდევ ორი სანაპიროა: Ti Ximo და La Almadrava, სადაც ნაპირი უფრო ქვიანი ხდება. ქალაქის ცენტრიდან გარკვეულ დისტანციაზე ბუნებრივი გამოქვაბულები საშუალებას მოგცემთ ქალაქის ქაოსს გაექცეთ.
ბენიდორმის ისტორიული ცენტრი ორ მთავარ სანაპიროს, ლევანტესა და პონიენტეს შორის მდებარეობს. სწორედ აქედან დაიწყო ამ ქალაქის განვითარება. ეწვიეთ “აივანს ხმელთაშუა ზღვაზე” (Cerro Canfali rock) გადმოსახედს, საიდანაც ზღვაზე საოცარი ხედები იშლება. შეგიძლიათ ეწვიოთ ცენტრალურ ლაგუერას პარკს (L’Aigüera park) ან გაატაროთ დრო ტერა მიტიკას პარკში (Terra Mítica).
ადგილობრივი გასტრონომია ცნობილია თევზის და ბრინჯის კერძებით. პაელა აქ საკულტო კერძია. ტიპურ დესერტებს მოიცავენ ნუშის ტარტი, ნაყინი და თაფლის ნუგა (turron). რეგიონი ღვინის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ბენიდორმი მხიარული ქალაქია, სადაც წვეულებები უყვართ. დღესასწაულებზე აქ უამრავი ღონისძიება, აღლუმი და თეატრალური წარმოდგენა ტარდება.
ქალაქის გარშემოც ბუნების ბევრი სილამაზე შემოგეგებებათ. მათ შორისაა ბუნების ნაკრძალი, რომელსაც სერა გელადას უწოდებენ. ასევე, ქალაქის ცენტრიდან მანქანით 10 წუთის გზაზე ეწვევით ესპანეთის უდიდესი აკვაპარკს “Aqualandia“-ს, ასევე დელფინების პარკს “Mundomar“.
ბენიდორმი თავს ყველა ტიპის მოგზაურს აწონებს მისი ხასიათით, ფანტასტიკური გართობით, მთელი წელი მზიანი ამინდებით და სანაპირო ცხოვრებით. აქ ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა მოხვდეთ!