უფსალა შვედეთის სიდიდით მეოთხე ქალაქია და ის ქვეყნის საგანმანათლებლო ჰაბს წარმოადგენს. აქ ბევრი მწვანე სივრცეა ზაფხულის თავისუფალი დღეებისთვის. ჩვენ საუკეთესო აქტივობებს გირჩევთ:
ეწვიეთ უფსალას უნივერსიტეტს
სკანდინავიის უძველესი უნივერსიტეტი, 1477 წელს დაარსდა და დღეს ჩრდილოეთ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია. აუცილებლად მოინახულეთ მისი გიგანტური ბიბლიოთეკა. შიდა ინტერიერში შთამბეჭდავი სვეტები და მაღალი ჭერიც აუცილებლად მოსანახულებელია.

იხილეთ უფსალას კათედრალი
უფსალას კათედრალი ქალაქის ლანდშაფტზე ნამდვილად დომინირებს. ფრანგულ-გოთიკურ სტილში აგებული ეს ეკლესია სკანდინავიის რეგიონში უდიდესია. აქ შვედეთის სამეფო ოჯახის წევრები არიან დაკრძალულნი. აქვე მდებარეობს ტაძრის მუზეუმი. კათედრალში ორი დიდი მუსიკალური ორღანი დგას.

დაისვენეთ რომელიმე ბაღსა თუ პარკში
უფსალა ლამაზი ბაღებითაა სავსე, სადაც საღამოობით ადგილობრივები ხშირად სეირნობენ. ყველაზე ცნობილი, ბოტანიკური ბაღია – Botaniska trädgården, სადაც 200 წლის ორანჟერეას იხილავთ. მოინახულეთ ტროპიკული სათბურიც, სადაც ცხელი კლიმატის მცენარეები დაგხვდებათ.

გაისეირნეთ “ძველ უფსალაში”
Gamla Uppsala – ქალაქის ცენტრიდან 5 კილომეტრში მდებარეობს და შვედეთის უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლია. აქ შეიგრძნობთ თუ როგორ გამოიყურებოდა ქალაქი ვიკინგების დროს. გაისეირნეთ პრეისტორიულ ლოკაციაზე და მოინახულეთ ღია ცის ქვეშ მუზეუმი – დისაგარდენი. ის აპრილიდან სექტემბრამდე ყოველდღეა ღია. ხოლო სხვა თვეებში მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, შაბათს და კვირას.

იშოპინგეთ Svartbäcksgatan-ზე
ეს საფეხმავლო ქუჩა უფსალას მთავარი სავაჭრო გამზირია. აქ ბევრი თანამედროვე მაღაზიაა, მათ შორის დიდი ბრენდების. აქვე შეძლებთ გემრიელად წახემსებას და ფიკათი სიამოვნების მიღებას – ეს არის შვედური ტრადიცია შეხვდე მეგობრებს ყავასა და ნამცხვარზე.

გამოიკვლიეთ უფსალას ციხესიმაგრე
უფსალას ციხესიმაგრე ატმისფერი შეფერილობის ფასადით და მწვანე ბაღებით, ქალაქის მთლიან ხედს ნამდვილად შთამბეჭდავს ხდის. ის მე-16 საუკუნეში ააგეს, თუმცა 1702 წელს ხანძარმა გაანადგურა და რეკონსტრუქცია ჩაუტარეს. გიდის ტურები ზაფხულის თვეებშია ხელმისაწვდომი.

გაერთეთ Fyrishov-ში
ეს უზარმაზარი სპორტული ცენტრი ხშირად მასპინძლობს ღონისძიებებსაც. ბავშვებსაც და ზრდასრულებსაც ძალიან მოეწონებათ დახურული აუზი და რეკრეაციული ზონა, ისევე როგორც ღია კომპლექსი.

დაათვალიერეთ აფლენდის მუზეუმი
The Uppland Museum-ის შენობა პირდაპირ მდინარეზე დგას და მე-13 საუკუნით თარიღდება. თუმცა, 1959 წელს გაიხსნა როგორც მუზეუმი. აქ დღეს იხილავთ გამოფენებს ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ანტიკური პერიოდიდან დღემდე.

მოექეცით ბიოტოპიის შთაბეჭდილების ქვეშ
ბიოლოგიური მუზეუმი ანუ ბიოტოპია, ველური ბუნების მოყვარულებს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს. ინტერაქტიული გამოფენები ყველა ასაკის ვიზიტორს დააინტერესებს. შეგიძლიათ მას სტოკჰოლმიდანაც ეწვიოთ, რადგანაც უფსალა შვედეთის დედაქალაქიდან მატარებლით მხოლოდ 40 წუთის დაშორებით მდებარეობს. აქვეა ღია კაფე და მუზეუმის მაღაზია.











