იტალიური სამზარეულო მთელ მსოფლიოშია სახელგანთქმული, მაგრამ სანამ დააგემოვნებთ, ქვეყნის გეოგრაფია და ისტორია უნდა გაიცნოთ. ფლორენცია ტოსკანური სამზარეულოთია შთაგონებული. მიყევით ჩვენ გაიდს და გაითვალისწინეთ ეს რჩევები თუ გსურთ, რომ აქ მოგზაურობა ყველაფერთან ერთად, გემრიელიც გამოგივიდეთ. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ ჟელატო!
-
Bistecca alla Fiorentina
სია ფლორენციის ყველაზე ცნობილი კერძით უნდა დავიწყოთ. ეს არის გრილზე შემწვარი ხორცი, შიგნიდან ჯერ კიდევ ვარდისფერი, შეზავებული მარილით, პილპილით და ლიმნით. გახსოვდეთ, ნუ შეუკვეთავთ მას საკუთარი სურვილისამებრ, მიეცით საშუალება შეფს, თავად გადაწყვიტოს როგორი მოგართვათ. ასე ფლორენციულ ტრადიციას არ შეურაცხყოფთ. ფლორენციული სტეიკი მხოლოდ ერთნაირად მზადდება. შეგიძლიათ ერთი ბისტეკა ორმა გაიყოთ, რადგანაც ის საკმაოდ დიდი ულუფაა.

-
Lampredotto
ეს უძველესი ფლორენციული კერძი ქუჩის საკვებად მიიჩნევა. ლამპრედოტო არის სენდვიჩი მოხარშული ხორცით. შეგიძლიათ შეუკვეთოთ ცხარე წითელი სოუსით ან მწვანე სოუსით.

-
Papardelle al cinghiale
ეს არის გრძელი, განიერი პასტა რომელსაც სქელ სოუსში კაზმავენ. კერძში გამოიყენება გარეული ტახის ხორცი, თუმცა შესაძლოა მოამზადონ ბატით ან კურდღლით. აღსანიშნავია, რომ გარეული ტახი საოცრად გემრიელია.

-
Tagliatelle funghi porcini e tartufo
ამ კერძს ფლორენციაში ყველგან ნახავთ, რადგანაც ის ორ ადგილობრივ, უგემრიელეს ინგრედიენტს შეიცავს: ტრიუფელს და პორჩინის სოკოს. პასტა ირევა სოკოს სოუსში და ემატება ბოსტნეული. ორი სოკოს კომბინაცია კერძს ფანტასტიკურს ხდის.

-
Crostini
ეს აპეტაიზერია რამდენიმე ტიპის ბრუსკეტათი – ტოსკანური პურის პატარა ნაჭრები სხვადასხვა სოუსით და ინგრედიენტით ირთვება. ყველაზე ტრადიციული ვარიანტია ქათმის ღვიძლით მომზადებული კროსტინი.

-
Ribollita და pappa al pomodoro
რიბოლიტა ტრადიციული ტოსკანური კერძია. ეს არის სუპი პომიდვრით, ლობიოთი, სეზონური ბოსტნეულით და მწვანილით. პაპა ალ პომოდორო კი იგივე ინგრედიენტებით მზადდება, მაგრამ ცივია და ესპანურ გასპაჩოს მოგაგონებთ, ნაკლები სითხით. ეს სუპები ფლორენციელებისთვის საყვარელი კომფორტული საჭმელია.

-
Pane toscano
ფლორენციული პური ცალკე აღნიშვნის ღირსია. ის რბილია, ხრაშუნა ზედაპირით. ეს იმიტომ, რომ მარილით ამზადებენ. თუმცა, იყო პერიოდი, როცა ფლორენციას მარილი არ მიეწოდებოდა, ამიტომაც მათ პურის უმარილო რეცეპტიც მოიგონეს. მას აქ დღემდე იყენებენ, მიუხედავად იმისა, რომ მარილი ახლა სავსებით ხელმისაწვდომია. უბრალოდ, იტალიელებს საკუთარი ტრადიციები ძალიან უყვართ.

-
Cornetti და ყავა
ტიპური იტალიური საუზმე ფუნთუშეულია, განსაკუთრებით კორნეტო – იტალიური კრუასანი. მას იტალიელები კაფეში ფეხზე დგომით ჭამენ საყვარელ კაპუჩინოსთან ერთად. აქ ყოფნისას ეს ტრადიცია თავადაც უნდა გაიმეოროთ. მიირთვით კორნეტო ატმის, მაყვალის და მარწყვის ჯემით ან თაფლის, შოკოლადის და ნუთელას კრემით. რაც შეეხება ყავას, შეუკვეთეთ ესპრესო, მაკიატო ან კაპუჩინო. იტალიელები ქაფის ნაცვლად სპეციალურად მომზადებულ რძეს იყენებენ.

-
Pici alla ragu di cinta senese
პიჩი ტრადიციული ტოსკანური ხელით დახვეული პასტაა, რომელიც პატარა პორციებად იყიდება. მიაყოლეთ მას რამე იტალიური სოუსი.

-
Tagliere
ეს ხემსი ხორცისა და ყველის ნაზავია და მშვენიერ აპეტაიზერად გამოდგება. ტაგლიერის დაფა საზაფხულო მსუბუქი მისაყოლებელია. შედარებით დიდი ზომის ლანგრით თუ შეუკვეთავთ, პროშუტოსთან და სალიამისთან ერთად, მოთუშულ ბოსტნეულს, ტოსკანურ პურს და თაფლსაც მოგართმევენ.

-
Schiacciata Fiorentina
ახლა კი დესერტების დროა! პირველს ტკბილ ფლორენციულ ნამცხვარს წარმოგიდგენთ. ამ რბილ ტკბილეულს ზევიდან კაკაო და შაქარი ამშვენებს. მას ქალაქის ყველა საცხობში მიაგნებთ, წლის ნებისმიერ დროს.

-
Cantuccini
ფლორენციის მეორე კლასიკურ დესერტს მსოფლიოში ბისკოტის სახელით იცნობენ, მაგრამ იტალიელებისთვის ეს ორცხობილა კანტუჩინია. პატარა ნუშის ნამცხვარს რამდენიმე ვარიაციით, მათ შორის თხილითა და არაქისით მთელ ქალაქში აღმოაჩენთ. მას სანტოს ღვინოსთან ერთად მოგართმევენ. შეგიძლიათ ორცხობილა ღვინოში დაასველოთ და ისე მიირთვათ.











