კამბოჯა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულებაა, სადაც უძველესი ტაძრები, ტროპიკული სანაპიროები და ველური ბუნება ერთმანეთს ერწყმის. დედაქალაქ პნომპენის თანამედროვე ცხოვრებიდან და სიემ-რეაპის მახლობლად მდებარე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ანგკორის ტაძრებიდან დაწყებული, სამხრეთის კუნძულებითა და ბატამბანგის კოლონიური არქიტექტურით დასრულებული: ქვეყანა მრავალფეროვანი გამოცდილებებითაა სავსე.
1. ანგკორის ტაძრები
საუკეთესო ადგილი შთამბეჭდავი ისტორიისა და სულიერი ატმოსფეროსთვის
ანგკორის ტაძრების კომპლექსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. აქ მსოფლიოში ყველაზე დიდი რელიგიური ნაგებობა და უძველესი ნანგრევები ტროპიკულ ბუნებასთან საოცრადაა შერწყმული. ანგკორის კომპლექსი იმდენად ვრცელია, რომ მის დასათვალიერებლად დროის გამოყოფა ნამდვილად ღირს.

2. კამბოჯის სამხრეთ კუნძულები
საუკეთესო სანაპიროებისთვის
მართალია, კამბოჯის სანაპიროები ტაილანდისა და ინდონეზიის პლაჟებივით ცნობილი არ არის, თუმცა აქ სრულყოფილი ტროპიკული დასვენება გაცილებით ნაკლები ხალხმრავლობით გელოდებათ. ყველაზე პოპულარულებია: Koh Rong და Koh Rong Sanloem: ფირუზისფერი წყლითა და თეთრი ქვიშის სანაპიროებით. სანაპიროს გასწვრივ სხვა საინტერესო კუნძულებიცაა, მათ შორის ჯერ კიდევ ნაკლებად აღმოჩენილი Koh Sdach-ის არქიპელაგი და თითქმის ხელუხლებელი Koh Kong.

3. კამპოტი და კეპი
საუკეთესო სოფლის პეიზაჟებისა და მშვიდი დასვენებისთვის
სამხრეთ კამბოჯაში მდებარე კამპოტი და კეპი ბუნების, ადგილობრივი ცხოვრების და კომფორტული დასვენების შესანიშნავი კომბინაციაა. კამპოტში ფრანგული კოლონიური არქიტექტურა, მდინარისპირა სასტუმროები და ულამაზესი ბუნება დაგხვდებათ. აქ შეგიძლიათ მდინარე კაიაკით დაათვალიეროთ ან მშვიდი სოფლის გზები ველოსიპედით შემოიაროთ.

4. პნომპენი
საუკეთესო გასტრონომიისა და ღამის ცხოვრებისთვის
კამბოჯის დედაქალაქი პნომპენი ქაოსური, თუმცა მომხიბვლელი ქალაქია, რომელიც მძიმე ისტორიული წარსულის შემდეგ თანამედროვე და ენერგიულ დედაქალაქად გარდაიქმნა. მდინარის ულამაზესი სანაპირო, ბუტიკური სასტუმროები, მრავალფეროვანი რესტორნები და ბარები ქალაქს განსაკუთრებულ ატმოსფეროს სძენს. აქ შეგიძლიათ მოინახულოთ Tuol Sleng-ის ყოფილი ციხე, რომლებიც კამბოჯის ისტორიის სრულიად განსხვავებულ მხარეს წარმოაჩენს. საღამოს კი ეწვიეთ ბასაკის პატარა ქუჩას, სადაც ერთმანეთის გვერდით უამრავი მყუდრო ბარი და კოქტეილ-ბარია თავმოყრილი.

5. კარდამონის მთები
საუკეთესო მოტოციკლით თავგადასავლებისთვის
კარდამონის მთები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი უდიდესი ველური ბუნების რეგიონია. უზარმაზარ ფართობზე გადაჭიმული დაცული ტროპიკული ტყე შთამბეჭდავი პეიზაჟებითა და განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა.

6. სიემ-რეაპი
საუკეთესო ადგილობრივი ცხოვრების გასაცნობად
სიემ-რეაპი ყველაზე მეტად ანგკორის ტაძრებისკენ მიმავალ მთავარ კარიბჭედაა ცნობილი, თუმცა დღეს ქალაქი თავადაც საინტერესო ტურისტულ მიმართულებად იქცა. აქ უამრავი კარგი რესტორანი, კაფე და ბარი, ცოცხალი ბაზრები, ბუტიკები და თანამედროვე გალერეები დაგხვდებათ.

7. მონდულკირი
საუკეთესო ველურ ბუნებაზე დასაკვირვებლად
კამბოჯის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე მონდულკირი ქვეყნის სხვა რეგიონებისგან სრულიად განსხვავებული პეიზაჟებით გამოირჩევა: ბრინჯის მინდვრებსა და შაქრის პალმებს აქ ველური, მწვანე ბორცვები ცვლის. მონდულკირის მთავარი ხიბლი მისი ველური ბუნებაა. შეგიძლიათ სპილოებს ბუნებრივ გარემოში დააკვირდეთ და მათთან ერთად გაისეირნოთ. შთამბეჭდავი ჩანჩქერები, ტროპიკული ტყეები და ჯუნგლებში მოწყობილი ზიპლაინი მონდულკირს ეკოტურიზმისა და ბუნებაში თავგადასავლებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებად აქცევს.

8. ბატამბანგი
საუკეთესო ისტორიული არქიტექტურისთვის
მდინარე სანგკერის ნაპირებზე გაშენებული ბატამბანგი კამბოჯის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული კოლონიური ქალაქია. მის ისტორიულ ქუჩებზე ძველი სავაჭრო სახლები, კაფეები და ხელოვნების გალერეებია თავმოყრილი, ქალაქის გარეთ კი რამდენიმე უძველესი და ნაკლებად ხალხმრავალი ტაძრის მონახულება შეგიძლიათ.

9. პრეაჰ-ვიჰეარის ტაძარი
საუკეთესო უძველესი ნანგრევებისა და შთამბეჭდავი ხედებისთვის
Prasat Preah Vihear – დანგრეკის მთების მწვერვალზე, კამბოჯისა და ტაილანდის საზღვართან მდებარე შთამბეჭდავი უძველესი ტაძარია. კომპლექსი კლდის კიდემდეა გაშენებული, საიდანაც ჩრდილოეთ კამბოჯის ვრცელ დაბლობებზე განსაკუთრებული პანორამული ხედები იშლება. ტაძარი ინდუისტურ მითოლოგიაში სამყაროს ცენტრად მიჩნეული მერუს მთის სიმბოლურ გამოსახულებას წარმოადგენს და ანგკორის პერიოდის ქვის კვეთისა და სკულპტურის განვითარების საინტერესო მაგალითებს ინახავს. მისი მთავარი ხიბლი მაინც მდებარეობაა. პრეაჰ-ვიჰეარი საკმაოდ შორეული და რთულად მისადგომია, თუმცა იქ ასვლის შემდეგ გადაშლილი ხედები ამ ძალისხმევად ნამდვილად ღირს. თან იქონიეთ პასპორტი — შესასვლელი ბილეთის შეძენისას მისი წარდგენა დაგჭირდებათ.

10. კრატიე
საუკეთესო მდინარე მეკონგზე თავგადასავლებისთვის
კრატიე მეკონგის იშვიათი მტკნარი წყლის დელფინების სანახავად ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ქალაქს ძველი კოლონიური არქიტექტურის თავისებური ხიბლიც აქვს, ხოლო მეკონგზე მზის ჩასვლის ხედები კამბოჯაში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავად ითვლება.











