ომანის მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ქვეყნის ბუნებასა და ლანდშაფტთან და ეს კავშირი აქ მოგზაურობის თითქმის ყოველ გამოცდილებაში იგრძნობა.

ომანის ისტორიებს ყველგან შეხვდებით: მუსკატში, მუტრას ბაზრის ატმოსფერულ ქუჩებში, სადაც ტრადიციული ნივთები ადგილობრივი ხელოსნობის მაღალ დონესა და კულტურულ სიამაყეს წარმოაჩენს; ან ჯებელ ახდარის კლდეებზე შეფენილ სოფლებში, სადაც ხანდაზმული ადგილობრივები ვიწრო სასოფლო ბილიკებზე თავისუფლად გადაადგილდებიან და ვერცხლის თასებში ვარდის წყალს ტრადიციული მეთოდით ამზადებენ. ომანში თითქმის ყოველი შეხვედრა და გამოცდილება ამ მიწასთან განსაკუთრებულ კავშირს გაგრძნობინებთ.

ბევრმა ვიზიტორმა არ იცის, რომ ომანის სასულთნოს ისტორია დაახლოებით 10 000 წელს ითვლის. ნეოლითის პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენები და არტეფაქტები მიუთითებს უძველესი დასახლებების არსებობაზე, რომლებიც საკმევლით ვაჭრობაში იყვნენ ჩართული.

XVII საუკუნეში ომანი მნიშვნელოვან საზღვაო ძალად იქცა და მის მიერ კონტროლირებული სავაჭრო მარშრუტები და პორტები სპარსეთის, დღევანდელი ირანის სანაპიროებიდან აღმოსავლეთ აფრიკამდე ვრცელდებოდა. დღეს კი ქვეყანა ცნობილია ბუნებრივი ლანდშაფტებისადმი განსაკუთრებული პატივისცემითა და ტრადიციებისა და თანამედროვეობის ჰარმონიული შერწყმით.

აი, რომელი ადგილები უნდა მოინახულოთ ომანში:

1. მუსკატი

აღმოაჩინეთ ომანის მომხიბვლელი დედაქალაქი

მუსკატში ქვის ციხესიმაგრეები და საგუშაგო კოშკები, გისოსებიანი აივნებით გაფორმებული სასახლეები, დაბალსართულიანი შენობები და თანამედროვე არქიტექტურული ნიმუშები ერთმანეთის გვერდით სრულიად ბუნებრივად თანაარსებობს. ომანის დედაქალაქში ბევრი საინტერესო ადგილია სანახავი: ძველ, აღდგენილ სახლებში მოწყობილი მუზეუმები, შიდა ეზოებიანი რესტორნები და თანამედროვე სავაჭრო ცენტრები.

სულთან ქაბუსის დიდი მეჩეთი თანამედროვე ისლამური არქიტექტურის ერთ-ერთი შთამბეჭდავი ნიმუშია. თაღოვანი გასასვლელები, ფერადი მოზაიკური ფილები, ორნამენტებით გაფორმებული გუმბათი და სვაროსვკის კრისტალებით შემკული უზარმაზარი ჭაღი მის ინტერიერს განსაკუთრებულ იერს სძენს.

სამეფო ოპერის თეატრში შეგიძლიათ გიდის თანხლებით ტურს შეუერთდეთ და გაეცნოთ მის თანამედროვე არქიტექტურას, რომლის დიზაინიც ისტორიული ციხესიმაგრეებითაა შთაგონებული. ასევე ღირს ღონისძიებების განრიგის წინასწარ შემოწმება: თეატრი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ცნობილ წარმოდგენებს მასპინძლობს. გაითვალისწინეთ ჩაცმის წესებიც: მამაკაცებისთვის აუცილებელია კოსტიუმი ან ოფიციალური პიჯაკი, ქალებისთვის: მუხლს ქვემოთ კაბა, ხოლო ჯინსები, მაისურები და სპორტული ფეხსაცმელი დაუშვებელია.

გაისეირნეთ მუტრას სანაპიროს გასწვრივ გადაჭიმულ 3-კილომეტრიან ბულვარში, (Mutrah Corniche) საიდანაც თეთრი სახლებისა და ლურჯგუმბათიანი მეჩეთების ხედებით დატკბებით.

ბოლოს ეწვიეთ მუტრას, არაბული სამყაროს ერთ-ერთ უძველეს ბაზარს. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ საკმეველი, დეკორატიული სანათები, ადგილობრივი ტრადიციული სამოსი, აქსესუარები და ხელნაკეთი სანდლები.

2. ბაჰლა

ლეგენდარული ციხესიმაგრის ქალაქი

ოაზისში გაშენებულ ქალაქ ბაჰლაში აუცილებლად უნდა მოინახულოთ ბაჰლას ციხესიმაგრე, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. ციხესიმაგრის ლაბირინთის მსგავს კომპლექსში, რომელიც XII–XV საუკუნეებში ბანუ ნაბჰანის ტომმა ააშენა და მოგვიანებით სხვადასხვა მმართველმა დინასტიამ გააფართოვა, ნახავთ ქარის კოშკებს, მეჩეთებს, საცხოვრებელ სახლებსა და აშ.

ლეგენდის თანახმად, როდესაც ტომს თავდასხმის საფრთხე დაემუქრა, მათ ჯინებს: პრეისლამურ არაბულ მითოლოგიაში ცნობილ ძლევამოსილ სულებს, ციხესიმაგრის ერთ ღამეში აშენება სთხოვეს. ციხიდან ულამაზესი ხედი იშლება ფინიკის პალმების პლანტაციებით გარშემორტყმულ სოფელზე, მის ძველ თიხის სახლებზე და ნანგრევებზე.

ბაჰლა ასევე ცნობილია ტრადიციული მეთუნეობით. კერამიკულ ნაკეთობებს აქ თიხის ღუმელებში ამზადებენ, ადგილობრივი მეთუნეები კი განსაკუთრებული ოსტატობით არიან ცნობილი. ბაჰლას ძველ ბაზარში შეგიძლიათ დაათვალიეროთ და შეიძინოთ კერამიკა, სამკაულები, ხელნაკეთი ნივთები, ხალიჩები და სხვა ადგილობრივი ნაწარმი.

3. ნიზვა

ქალაქი ძლიერი რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობით

ეწვიეთ ნიზვას: ქალაქს, რომელიც VI–VII საუკუნეებში ომანის დედაქალაქი იყო. აქ ქვიშისფერი შენობების თავზე მეჩეთების გუმბათები და მინარეთები აღმართულა, ფონად კი ჰაჯარის შთამბეჭდავი მთები მოჩანს. ქვეყნის შიდა ნაწილში მდებარეობის გამო, სანაპირო მუსკატისგან განსხვავებით, ნიზვაზე გარე სამყაროს გავლენა შედარებით ნაკლები იყო. სწორედ ამიტომ ქალაქმა საუკუნეების განმავლობაში განსაკუთრებით ძლიერი კავშირი შეინარჩუნა საკუთარ რელიგიურ და კულტურულ მემკვიდრეობასთან.

XVII საუკუნის ნიზვას ციხესიმაგრე, თავისი უზარმაზარი მრგვალი საგუშაგო კოშკითა და მაღალი კედლებით, ქალაქს დამპყრობლებისგან იცავდა. დღეს ის ნიზვას ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. იქვე მდებარე ნიზვას ბაზარში შეგიძლიათ შეიძინოთ ვერცხლის სამკაულები, ტრადიციული ყავის ჭურჭელი, ასევე ზაფრანა, ფინიკი და სხვადასხვა სანელებელი.

ქალაქიდან დაახლოებით 10 წუთის სავალზე მდებარეობს ფალაჯ დარის პარკი, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის ნაწილია. აქ შეგიძლიათ ნახოთ ფალაჯი, უძველესი, თუმცა საოცრად ეფექტური სარწყავი არხების სისტემა.

4. მუსანდამის ნახევარკუნძული

ადგილი, სადაც მთის მწვერვალები პირდაპირ ზღვიდან იშლება

მუსანდამის ნახევარკუნძულის მთავარი ხიბლი მისი შთამბეჭდავი ბუნებაა: ჰაჯარის მთების მწვერვალები აქ ფირუზისფერი ზღვიდან ამოიმართება, მათ შორის კი წყლის ვიწრო ყურეები იჭრება. ამ უჩვეულო ლანდშაფტს ხშირად ნორვეგიულ ფიორდებსაც ადარებენ. მუსანდამის სანახავად ერთ-ერთი საუკეთესო გზა ტრადიციული ხის ნავით: დოუთი მოგზაურობაა. გზად შეგიძლიათ პატარა კუნძულები მოინახულოთ და, თუ გაგიმართლათ, დელფინებსა და ვეშაპებსაც მოჰკრათ თვალი. ქალაქი ხასაბი კარგი საწყისი წერტილია ნავის ტურის ან სნორკელინგის დასაგეგმად.

5. ჯებელ ახდარი

გრილი კლიმატი და ვარდებით დაფარული „მწვანე მთა“

ჰაჯარის მთებში, ზღვის დონიდან 2 980 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ჯებელ ახდარი, რომლის სახელიც „მწვანე მთას“ ნიშნავს, ომანის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია. აქ კლიმატიც გაცილებით გრილია: მთელი წლის განმავლობაში ტემპერატურა მუსკატთან შედარებით დაახლოებით 15°C-ით დაბალია, ზამთარში კი ზოგჯერ თოვლიც მოდის.

ჯებელ ახდარის გარშემო მშვიდ ომანურ სოფლებს შეხვდებით, რომელთაგან ზოგი დღეს უკვე მიტოვებულია. მთის ფერდობებზე ტერასებად გაშენებული მეურნეობები და ბროწეულის, ატმის, ვაშლის, გარგარისა და კაკლის ბაღები იშლება. გაზაფხულზე კი ჯებელ ახდარი სრულიად განსხვავებულ იერს იძენს: მთის ფერდობები ვარდისფერი დამასკური ვარდებით იფარება. მათგან გამოხდილ ვარდის წყალს ადგილობრივები როგორც კულინარიაში, ისე სურნელოვან საშუალებად იყენებენ.

ლაშქრობის მოყვარულებისთვის აქ სხვადასხვა სირთულის რამდენიმე მონიშნული მარშრუტია. ზოგიერთი მათგანი ციცაბო საფეხურებზე დაშვებასაც მოიცავს, სურვილის შემთხვევაში კი შესაძლებელია გიდის თანხლებით ლაშქრობაც.

6. ჯებელ შამსი

დატკბით ჰაჯარის მთების შთამბეჭდავი ხედებით

ჰაჯარის მთებში, ზღვის დონიდან 3 009 მეტრზე აღმართული ჯებელ შამსი ომანის უმაღლესი მწვერვალია. აქ შეგიძლიათ პლატოზე პიკნიკი მოაწყოთ და თვალწარმტაცი კანიონების ხედებით დატკბეთ.

ლაშქრობის მოყვარულებს თავგადასავალი კანიონებში ელოდებათ, სადაც ბილიკებს უხეში კირქვის კლდეები მიუყვება. საფეხმავლო ბილიკებით შეგიძლიათ მთის სოფლებს, ფერმებს, ფინიკის პალმების პლანტაციებსა და კლდოვან ლანდშაფტში დამალულ ბუნებრივ აუზებს მიადგეთ. ადგილობრივი ტუროპერატორები, ჯებელ შამსის მწვერვალზე ერთ- და ორდღიან ლაშქრობებსაც აწყობენ გიდის თანხლებით.

7. დოფარი

აღმოაჩინეთ საკმევლის ისტორიით მდიდარი რეგიონი

ივნისის ბოლოდან სექტემბრის დასაწყისამდე დოფარი სრულიად განსხვავებულ სამყაროდ გარდაიქმნება. სასიამოვნო კლიმატის გამო დოფარი ზაფხულში ომანის ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის სხვა ნაწილებში ყველაზე ცხელ დღეებში ტემპერატურა 40°C-ს აჭარბებს. სანაპირო ქალაქი სალალაჰი კი შესანიშნავი საწყისი წერტილია დოფარის რეგიონის აღმოსაჩენად.

სალალაჰში არაერთი საინტერესო ღირსშესანიშნაობაა. სულთან ქაბუსის მეჩეთი, ორი გუმბათითა და ტყუპი მინარეთით, დოფარის უდიდესი მეჩეთი და ისლამური არქიტექტურის შთამბეჭდავი ნიმუშია. არამუსლიმი ვიზიტორებისთვის ის შაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, დილის 8-დან 11 საათამდეა ღია.

გზად აუცილებლად შეჩერდით Al Hosn Palace-თან: სულთნის სასახლის კომპლექსთან ფოტოს გადასაღებად, შემდეგ კი ალ ჰოსნის ბაზარში გაისეირნეთ, სადაც სანელებლებისა და საკმევლის არომატი ადგილობრივი ბაზრის ატმოსფეროს კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის.

დოფარის შემოგარენი ბუნებრივი წყაროებითა და ხეობებით არის ცნობილი.  დოფარის ისტორიას განუყოფელად უკავშირდება საკმეველი: არომატული ფისი, რომელსაც ადგილობრივი ხისგან იღებენ. ათასობით წლის განმავლობაში მას პარფიუმერიაში, მედიცინასა და რელიგიურ რიტუალებში იყენებდნენ. დოფარი ოდესღაც საკმევლის წარმოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო, აქ მოპოვებული იშვიათი და ძვირფასი საკმეველი კი ჩინეთიდან ხმელთაშუა ზღვის რეგიონსა და ჩრდილოეთ აფრიკამდე დიდი მოთხოვნით სარგებლობდა.

8. შარქიას ქვიშები

აღმოაჩინეთ უდაბნოს ტალღოვანი დიუნები

ომანში მოგზაურობა უდაბნოს მონახულების გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება. Sharqiya Sands-ში, რომელსაც ადგილობრივები Wahiba Sands-ის სახელითაც იცნობენ, თითქოს უსასრულო ბუნებაა ტალღოვანი დიუნებითა და უდაბნოს მცენარეულობით. როდესაც მზე ჰორიზონტს უახლოვდება, მთელი ლანდშაფტი ოქროსფრად იფერება და განსაკუთრებით შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის. ქარის მიერ საუკუნეების განმავლობაში ფორმირებული ზოგიერთი დიუნის სიმაღლე 100 მეტრსაც აღწევს.

აქ ბედუინები დღემდე ცხოვრობენ და მუშაობენ. ბევრი მათგანი ვიზიტორებს ადგილობრივი გიდის როლშიც მასპინძლობს. უდაბნოს მონახულება შესაძლებელია ერთდღიანი ექსკურსიის ფარგლებში, თუმცა განსაკუთრებით საინტერესო გამოცდილებაა აქ ღამის გათევა. ტერიტორიაზე მრავალი ბანაკია, რომლებიც კომფორტისა და მომსახურების განსხვავებულ დონეს გვთავაზობენ.