ყაზახეთის დინამიკური დედაქალაქი ასტანა ნათლად ასახავს, თუ როგორ იცვლებოდა ცენტრალური აზია საუკუნეების განმავლობაში. ქალაქი 1830 წელს ყაზახეთის სტეპებში რუსეთის გაძლიერებული სამხედრო პოსტის სახით დაარსდა და მას შემდეგ არაერთხელ შეიცვალა, როგორც იერსახე, ასევე სახელწოდება.

დღეს ქალაქს ასტანა ჰქვია, რაც ყაზახურ ენაზე „დედაქალაქს“ ნიშნავს. თუმცა ეს ნამდვილად გამორჩეული დედაქალაქი: ოდესღაც პატარა ხის ციხესიმაგრე დღეს ფუტურისტულ მეტროპოლისადაა ქცეული, სადაც 1.3 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ასტანის ჰორიზონტი ყოველწლიურად უფრო შთამბეჭდავი ხდება: მის ფართო ბულვარებზე მუდმივად ჩნდება ახალი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები, რომელთაგან ბევრი მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორების მიერაა შექმნილი.

ვიზუალურად ასტანა აზიური, დასავლური, საბჭოთა და ფუტურისტული იდეების საინტერესო ნაზავია. ქალაქის სწრაფ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ყაზახეთის ნავთობის, ბუნებრივი აირისა და მინერალური რესურსების სიმდიდრემ. მიუხედავად იმისა, რომ ასტანას ისეთი მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობა არ აქვს, როგორიც ალმათისა და ტაშკენტის მსგავს ქალაქებს, რთულია გულგრილი დარჩე მისი მასშტაბისა და ამბიციური არქიტექტურული კონცეფციის მიმართ.

როგორც ჩრდილოეთ ყაზახეთის მთავარი კარიბჭე, ასტანა ნამდვილად იმსახურებს რამდენიმე დღის დათმობას, განსაკუთრებით თუ მოგზაურობის გაგრძელებას ქვეყნის ამ ნაწილის სხვა ღირსშესანიშნაობებისკენ გეგმავთ. მათ შორისაა ტბებით მდიდარი ბურაბაის ეროვნული ბუნებრივი პარკი, ფრინველთა მრავალფეროვნებით ცნობილი კორღალჟინის ეროვნული პარკი, ასევე სემეი და ალთაის მთები.

ასტანის ეს გზამკვლევი მოგაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას, რომელიც ქალაქში მოგზაურობის დაგეგმვაში დაგეხმარებათ.

როდის არის საუკეთესო დრო ასტანაში სამოგზაუროდ?

ასტანაში ზაფხული ცხელი და მშრალია, ზამთარში კი ქალაქს სტეპებიდან მონაბერი ყინულივით ცივი ქარი ახასიათებს. მიუხედავად მკვეთრად განსხვავებული სეზონებისა, ქალაქი კლიმატურ პირობებთან კარგად არის ადაპტირებული: ზამთარში შენობები სათანადოდ თბება, ზაფხულში კი კონდიცირების სისტემები სიცხესთან გამკლავებას ამარტივებს.

ასტანაში მოგზაურობისთვის ყველაზე კომფორტული პერიოდია აპრილიდან ივნისამდე და სექტემბრიდან ოქტომბრამდე. ამ დროს თავიდან აიცილებთ როგორც ექსტრემალურ ტემპერატურას, ისე ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებულ ხალხმრავლობას.

გაზაფხული განსაკუთრებით კარგი პერიოდია ეროვნულ პარკში ფრინველებზე დასაკვირვებლად. ამ პერიოდში აქ ათასობით ფლამინგო და სხვა მრავალი სახეობის გადამფრენი ფრინველი იყრის თავს.

მიუხედავად მაღალი ტემპერატურისა, ზაფხული ყაზახეთში მოგზაურობის ყველაზე აქტიური სეზონია, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში ლაშქრობის მოყვარულთათვის. ამ პერიოდში კულტურული ღონისძიებების კალენდარიც დატვირთულია. 6 ივლისს ასტანაში დედაქალაქის დღე აღინიშნება, რომელსაც კონცერტები, ფეიერვერკები და სხვადასხვა ღონისძიება ახლავს თან.

ზამთარში ასტანა გაცილებით მშვიდია. ტემპერატურა დაახლოებით −15°C-მდე ეცემა და ყინულოვანი ქარის გამო ადგილობრივები დროის დიდ ნაწილს დახურულ სივრცეებში ატარებენ.

რა დრო უნდა გაატაროთ ასტანაში?

ყაზახეთში ჩასული მოგზაურების დიდი ნაწილი ქვეყნის სამხრეთ რეგიონებზე აკეთებს აქცენტს: ჩადის ალმაათიში და შემდეგ ჩარინის კანიონს, არალის ზღვასა და უზბეკეთის საზღვართან ახლოს მდებარე სხვა ღირსშესანიშნაობებს სტუმრობს. თუმცა ასტანა ნამდვილად იმსახურებს თქვენი მოგზაურობიდან 2-3 დღის დათმობას, განსაკუთრებით თუ ყაზახეთში პირველად სწორედ ამ ქალაქიდან ხვდებით.

ეს დრო საკმარისი იქნება ცენტრალური აზიის უდიდესი მეჩეთის, ყაზახეთის რესპუბლიკის შთამბეჭდავი ეროვნული მუზეუმისა და ასტანას გამორჩეული თანამედროვე არქიტექტურის სანახავად.

თუ ქალაქგარეთ ერთდღიანი ან ღამისთევით მოგზაურობების დაგეგმვაც გსურთ, ასტანაში 5 დღე ან მეტი გაატარეთ. ამ შემთხვევაში შეძლებთ მოინახულოთ ბურაბაის ეროვნული ბუნებრივი პარკი, კორღალჟინის ეროვნული პარკი, ასევე საბჭოთა პერიოდის შრომითი ბანაკების ისტორიული ადგილები, რომლებიც ქვეყნის რთულ წარსულზე მნიშვნელოვან წარმოდგენას შეგიქმნით.

ადვილია თუ არა ასტანაში ჩასვლა და გადაადგილება?

ასტანა ყაზახეთის სხვა ქალაქებთან, ასევე მეზობელი ქვეყნების მნიშვნელოვან სატრანსპორტო ცენტრებთან საჰაერო, სარკინიგზო და საავტომობილო გზებითაა დაკავშირებული. ქალაქში ჩასვლის შემდეგ გადაადგილებაც საკმაოდ მარტივია.

ასტანას კარგად განვითარებული ავტობუსების ქსელი აქვს. მარშრუტის დასაგეგმად და ავტობუსების რეალურ დროში გადაადგილებისთვის შეგიძლიათ Astra Bus-ის აპლიკაცია გამოიყენოთ, მგზავრობის საფასური კი ტელეფონით, Avtobys-ის აპლიკაციის საშუალებით გადაიხადოთ.

ქალაქის ახალი მსუბუქი სარკინიგზო ქსელი 2026 წელს გაიხსნა და ნურსულთან ნაზარბაევის საერთაშორისო აეროპორტს ქალაქის ცენტრში მდებარე რკინიგზის სადგურთან აკავშირებს. ამავე ტრანსპორტით შესაძლებელია ეროვნული მუზეუმის მიმართულებით გადაადგილებაც.

თუ ამინდი ხელს გიწყობთ, ქალაქის დასათვალიერებლად ველოსიპედიც კარგი არჩევანია. ასტანაში ველობილიკების ქსელი თანდათან ფართოვდება.

თუ ასტანის ფარგლებს გარეთ მოგზაურობას გეგმავთ, ყარაგანდის, ბურაბაის, ალმაათისა და სხვა მიმართულებების საქალაქთაშორისო ავტობუსები ავტოსადგურიდან გადის. მატარებლები კი ახლომდებარე ასტანას რკინიგზის სადგურებიდან მიემართება.

რა უნდა გააკეთოთ ასტანაში

მიუხედავად იმისა, რომ ასტანას არ აქვს ისეთი მრავალშრიანი ისტორიული წარსული, როგორიც ალმაათის მსგავს ქალაქებს, ამას შთამბეჭდავი მუზეუმებითა და გამორჩეული თანამედროვე არქიტექტურით ნამდვილად ანაზღაურებს.

გაეცანით ყაზახეთის ისტორიას ეროვნულ მუზეუმში

ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული მუზეუმი მასშტაბური და ამბიციური კულტურული სივრცეა, რომელიც ქვეყნის ისტორიას თანმიმდევრულად გვიყვება: ქვის ხანიდან და უძველესი ცივილიზაციებიდან დაწყებული, ყაზახეთის აღზევებითა და საბჭოთა პერიოდით გაგრძელებული და XXI საუკუნეში დამოუკიდებელი ყაზახეთის მიღწევებით დასრულებული.

მუზეუმში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქვეყნის მომთაბარე კულტურას, უძველესი სამკაულების კოლექციებსა და ყაზახეთის თანამედროვე, ფუტურისტულ ხედვას, რომლის ერთგვარი განსახიერებაც თავად ასტანაა.

ოქროს დარბაზი სრულად ამართლებს თავის სახელწოდებას: აქ ყაზახეთის უძველეს სამარხებში აღმოჩენილი ძვირფასი არტეფაქტებია წარმოდგენილი. ეთნოგრაფიის დარბაზი ქვეყნის მომთაბარე ტრადიციებს გაგაცნობთ, თანამედროვე ხელოვნების კოლექცია კი დღევანდელი ყაზახეთის შემოქმედებით და კულტურულ მრავალფეროვნებას წარმოაჩენს.

აღფრთოვანდით ასტანის არქიტექტურით

ასტანის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მახასიათებელი მისი თანამედროვე არქიტექტურაა, რომელიც კარგად ასახავს ყაზახეთის გასაოცარ ტრანსფორმაციას: მომთაბარე საზოგადოებიდან თანამედროვე ურბანულ ეკონომიკამდე.

მზის ჩასვლის შემდეგ იისფრად განათებული სავაჭრო და გასართობი ცენტრი (Khan Shatyr) გიგანტურ, გამჭვირვალე ჯადოქრის ქუდს წააგავს და ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა.

ქალაქის მარჯვენა სანაპიროზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ მინის, გრანიტისა და ფოლადისგან აგებული პირამიდის ფორმის მშვიდობისა და შერიგების სასახლე. შენობა ცნობილი არქიტექტორის ნორმან ფოსტერის დიზაინით შეიქმნა და 2006 წელს გაიხსნა. იგი მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების კონგრესის მასპინძლობისთვის აშენდა, რომელიც ყოველ სამ წელიწადში იმართება. ასტანას სხვა ბევრი გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობებაც აქვს.

ეწვიეთ ცენტრალური აზიის უდიდეს მეჩეთს

2022 წელს ასტანას დიდმა მეჩეთმა თავისი ხის მასიური კარები როგორც თავისი მორწმუნეებისთვის, ასევე ვიზიტორებისთვის გახსნა. ის ცენტრალური აზიის უდიდესი მეჩეთია და თითქმის მეოთხედ მილიონ ადამიანს იტევს.

მეჩეთის მონახულებისას აუცილებელია შესაბამისი ჩაცმულობის დაცვა, მათ შორის ქალებისთვის თავსაბურავის ტარება. მარმარილოს დერეფნების გავლით მთავარ დარბაზში მოხვდებით, რომელიც მამაკაცების სალოცავი სივრცეა, თუმცა ლოცვის საათების მიღმა მისი მონახულება ქალებსაც შეუძლიათ.

დარბაზში ყურადღებას უზარმაზარი ჭაღი და მსოფლიოში ყველაზე დიდი ხელნაკეთი ხალიჩა იქცევს. ბუნებრივი სინათლით სავსე სივრცე განსაკუთრებით შთამბეჭდავია. ასევე ერთ-ერთი მინარეთის თავზე მოწყობილია გადასახედი სივრცე.

დაათვალიერეთ ნურსულთან ნაზარბაევისთვის გადაცემული საჩუქრები

მოვლილი პარკით გარშემორტყმული ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის მუზეუმი ვიზიტორებს ყაზახეთის სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიას აცნობს. ექსპოზიციები ყაზახურ, რუსულ და ინგლისურ ენებზეა წარმოდგენილი და განსაკუთრებული ყურადღება დამოუკიდებელი ყაზახეთის პირველ პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს ეთმობა.

მუზეუმში ასევე გაეცნობით ინფორმაციას ყაზახეთის სენატის, პარლამენტის ქვედა პალატის და უზენაესი სასამართლოს მუშაობის შესახებ. თუმცა ბევრი ვიზიტორისთვის განსაკუთრებით საინტერესოა უცხოეთის მთავრობების მიერ ნაზარბაევისთვის გადაცემული საჩუქრების კოლექცია.

ექსპოზიციაში წარმოდგენილია სხვადასხვა სახის დეკორატიული ცულები, ხმლები და ხანჯლები. სამხედრო ისტორიით დაინტერესებულებს კი კიდევ უფრო მრავალფეროვანი კოლექცია ქალაქის ძველ ნაწილში მდებარე შეიარაღებული ძალების მუზეუმში დახვდებათ.

აღმოაჩინეთ ენერგიის სამყარო ნურ ალემის მუზეუმში

100 მეტრის სიმაღლისა და 80 მეტრის სიგანის პრიალა სფეროში განთავსებული “Nur Alem” ასტანის ერთ-ერთი ყველაზე ადვილად ამოსაცნობი ღირსშესანიშნაობაა. მისი ფუტურისტული ფორმა „ვარსკვლავური ომებიდან“ დართ ვეიდერის „სიკვდილის ვარსკვლავსაც“ კი მოგაგონებთ.

მუზეუმის ამბიციური, ვიზუალურად შთამბეჭდავი და ბავშვებისთვისაც საინტერესო მრავალენოვანი ექსპოზიციები გვიჩვენებს, როგორ იყენებს ყაზახეთი ბუნებრივი ენერგიის სხვადასხვა წყაროს და რა გზებით ცდილობს ქვეყანა წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებას.