ჩვენს პლანეტაზე ბევრ ადგილასაა ცურვა ნამდვილი სიამოვნებაა: იქნება ეს კარიბის კუნძულების კრისტალურად სუფთა წყლები თუ ის უამრავი სულისშემძვრელი მიმართულება, სადაც კუებთან ერთად ცურვა შეგიძლიათ. ალბათ კიდევ უფრო ამაღელვებელია ის ადგილები, სადაც დელფინები ბინადრობენ. სელაპები საყვარლები არიან, ვეშაპები – უდავოდ შთამბეჭდავები, მაგრამ განა რომელიმე ზღვის ბინადარი იპყრობს ჩვენს გულებს ისე, როგორც დელფინი? მათი თამაშის მოყვარული ბუნების, წარმოუდგენელი ინტელექტისა და წყალში უდავოდ დახვეწილი მოძრაობების გამო, შეუძლებელია ამ ზღვის ძუძუმწოვრებით მოხიბლული არ დარჩეთ.
წყალში დელფინების ხილვა – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი დიდ გუნდებად გადაადგილდებიან, თავისთავად ამაღელვებელი სანახაობაა. თუმცა, მათ გვერდით ცურვის შესაძლებლობა კიდევ უფრო განსაკუთრებული გამოცდილებაა. ზღვის სიღრმეებიდან მოგზაურებს შეუძლიათ აღტაცებულებმა ადევნონ თვალი, თუ როგორ იმეორებენ ისინი მოცურავის მოძრაობებს ან როგორ ჩაუვლიან გვერდით ელვის სისწრაფით. მთელ მსოფლიოში უამრავი წყლის აუზია, სადაც დელფინები ცხოვრობენ, თუმცა ზოგიერთი მიმართულება განსაკუთრებით გამოირჩევა. ჩვენ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები შევარჩიეთ:
აზორის კუნძულები, პორტუგალია
ეს არქიპელაგი – რომელიც ტერსეირას უნიკალურ კუნძულსაც მოიცავს, შესანიშნავი ადგილია ველურ დელფინებთან ერთად საცურაოდ. ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა აზორის კუნძულების სიშორე იყოს, რადგან ისინი პორტუგალიიდან მოშორებით, ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანის ლურჯ უსასრულობაში არიან გადაშლილი. ცხრა კუნძულისგან შემდგარი აზორეს არქიპელაგი ცნობილია თავისი უხვი ბუნებით, არა მხოლოდ ხმელეთზე (საფეხმავლო ტურები აქ უბრალოდ ფანტასტიკურია), არამედ წყალშიც. სწორედ აქ შეუძლიათ სტუმრებს დელფინებთან ერთად ცურვა. ისეთი ტურისტული კომპანიები, როგორიცაა CW Azores, თავგადასავლების მოყვარულებს ოთხ საათამდე ხანგრძლივობის ტურებს სთავაზობენ.
ექსკურსიის დროს, ყვინთვის მოყვარულებს ეძლევათ შანსი დელფინებთან ერთად რამდენჯერმე იცურონ. გარდა ამისა, თითოეული ჩასვლა შესაძლოა წინა გამოცდილებისგან განსხვავებული იყოს, რადგან აზორის წყლებში დელფინის ხუთი სახეობა დაცურავს. მათ შორის არიან ატლანტიკური ლაქებიანი დელფინები, რომლებიც ზაფხულის დასაწყისში პატარებთან ერთად დაცურავენ.

ბანბერი, ავსტრალია
ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ეს პორტი-ქალაქი ფანტასტიკური ბაზაა მეღვინეობების, ფერმების, საფეხმავლო ტურებისა და წყლის თავგადასავლებისთვის. საზღვაო შთაბეჭდილებებს შორის გამორჩეულია კუმბანას ყურეში დელფინებთან ერთად ცურვის შესაძლებლობა. ყურეში მთელი წლის განმავლობაში ამ საზღვაო ძუძუმწოვრებიდან დაახლოებით 50 ბინადრობს, ხოლო სეზონურად მათი რაოდენობა იმატებს და შესაძლოა 150-საც კი მიაღწიოს. “Dolphin Discovery Centre” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ორგანიზაციაა, რომელსაც ვიზიტორები წყალში დელფინებთან საცურაოდ დაჰყავს.
ყველა ტურს გიდები უძღვებიან მოხალისეებთან ერთად, რომლებიც ზრუნავენ, რომ წყალში გატარებული დრო შთამბეჭდავი და უსაფრთხო იყოს, როგორც მოცურავეებისთვის, ასევე ცხოველებისთვის. ექსკურსიები დაახლოებით ოთხ საათს გრძელდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დელფინებს ვერ ნახავთ, მომდევნო ტური უფასოა. მიუხედავად იმისა, რომ დელფინები ყურეში მთელი წლის განმავლობაში ცხოვრობენ, ცურვის ტურები მხოლოდ ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით არის ხელმისაწვდომი, ხოლო მონაწილე ბავშვების ასაკი 8 წლიდან იწყება.

ფერნანდუ-დი-ნორონია, ბრაზილია
მოგზაურებს, რომლებსაც მზის, ზღვისა და ქვიშის უხვი დოზა უყვართ, გაუჭირდებათ წინააღმდეგობა გაუწიონ ამ არქიპელაგის მდიდრულ ხიბლს. პერნამბუკუს შტატში მდებარე ფერნანდუ-დი-ნორონიას 21 კუნძული ვიზიტორებს იზიდავს სერფინგით, საფეხმავლო ტურებით, ყვინთვითა და სამხრეთ ამერიკის საუკეთესო სანაპიროებზე გარუჯვით, რის შემდეგაც შეგიძლიათ გადაეშვათ მრავალფეროვანი საზღვაო სამყაროთი სავსე კრისტალურად სუფთა წყლებში. ვინაიდან კუნძულების უმეტესობა ეროვნული საზღვაო პარკის საზღვრებში ექცევა, დაცვის მაღალი დონე უზრუნველყოფს ბუნების პირვანდელი სახით შენარჩუნებას.
ერთ-ერთი ტერიტორია, სადაც ცნობილია, რომ დელფინები იკრიბებიან, არის Baía dos Golfinhos: ასევე შესაფერისად ცნობილი, როგორც „დელფინების ყურე“. ბევრი ტურისტი აქ სპეციალურად ამ საზღვაო ძუძუმწოვრების სანახავად ჩამოდის, როგორც სანაპიროდან, ასევე ყურის წყლებში მოცურავე ნავებიდან. გრძელდინგა დელფინები აქ წლის უმეტეს დროს ცხოვრობენ, თუმცა ამ კონკრეტულ ლოკაციაზე მათთან ერთად ცურვა აკრძალულია. ამ გამოცდილებისთვის ვიზიტორები Baía do Sancho-ს მიაშურებენ, რომელიც რამდენჯერმე დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო სანაპიროდ. ამ ხელუხლებელ წყლებში ტურისტებს შეუძლიათ იცურონ დელფინებთან, ზვიგენებთან, კუებსა და ასობით სხვადასხვა სახეობის თევზთან ერთად.

გალაპაგოსის კუნძულები, ეკვადორი
თუ გსურთ მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ გალაპაგოსის კუნძულებზე დელფინებთან ერთად ცურვა თქვენი გეგმების სათავეში უნდა იყოს. ეს საზღვაო ბინადრები, როგორც ბევრისთვისაა ცნობილი, მხოლოდ ერთ-ერთი სახეობაა იმ მრავალფეროვნებიდან, რომელსაც ვიზიტორები ამ ბუნებრივ საოცრებათა სამყაროში ნახავენ. გალაპაგოსის არქიპელაგი და მისი გარშემორტყმული წყლები დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და უნიკალურ ეკოსისტემას მასპინძლობს, სადაც ისეთი ფლორა და ფაუნა გვხვდება, რომელიც პლანეტის არცერთ სხვა კუთხეში არ არსებობს. ეს ნამდვილად გამორჩეული ადგილია.
ეს ისეთი დაუჯერებელი მიმართულებაა, რომ იუნესკოს (UNESCO) მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. ეწვიეთ ამ ადგილს და იხილავთ საზღვაო იგუანებს და გიგანტურ კუებს. კომპანია SwimTrek-ის მეშვეობით თქვენ ასევე შეგიძლიათ წყალში ჩახვიდეთ ადგილობრივ დელფინებთან ერთად. ეს კომპანია სპეციალიზდება ტურებზე, რომლებიც ორიენტირებულია ცურვაზე და გთავაზობთ შვიდდღიან მოგზაურობას კუნძულებზე, ღია წყალში ცურვის უამრავი შესაძლებლობით. სტუმრებს შეუძლიათ იცურონ კუების, და დელფინების გვერდით, და ჩაყვინთონ ჩამქრალი ვულკანის კრატერშიც კი.

ჰავაი, შეერთებული შტატები
დელფინების მოყვარულთათვის ჰავაის სტუმრობის სილამაზე, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ ლავის ფარული აუზები შეუდარებელი ხედებით – იმაში მდგომარეობს, რომ აქ ამ ცხოველთა უამრავი განსხვავებული სახეობა ბინადრობს. წყნარი ოკეანის ტალღებსა თუ მშვიდ წყლებში, რომლებიც კუნძულებს აკრავს გარს, სულ მცირე 10 ჯიშის დელფინის შეხვედრაა შესაძლებელი. მათ შორის არიან გრძელდინგა, აფალინა, მოკლედინგა და პანტროპიკული ლაქებიანი დელფინები. ჰავაის სილამაზის გათვალისწინებით, დელფინებს ნამდვილად ვერ გაამტყუნებთ.
ერთ-ერთი ადგილი, სადაც დელფინებთან ცურვა კარგად არის ორგანიზებული, ოაჰუს სანაპიროა, კუნძულისა, რომელიც უამრავი უნიკალური შთაბეჭდილებით გამოირჩევა. კომპანია Iruka Hawaii Dolphin-ის სამსაათიანი ტური (რომელიც ხელმისაწვდომია მთელი წლის განმავლობაში) გამოცდილ მოცურავეებზეა გათვლილი და კუნძულის დასავლეთ სანაპიროს ღრმა წყლებს იკვლევს, სადაც გადაადგილება სწრაფი მატორიანი ნავით ხდება. მოცურავეებმა, რომლებიც წყალში თავს ნაკლებად თავდაჯერებულად გრძნობენ, ჯობია კატამარანის ტური აირჩიონ, რომელიც მხოლოდ აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით მოქმედებს. ეს ვარიანტი იდეალურია პატარებიან ოჯახებისთვის, ხოლო ყვინთვისას სტუმრებს დელფინებთან ერთად კუების ნახვაც შეუძლიათ.

კაიკოურა, ახალი ზელანდია
ეს შესაძლოა ახალ ზელანდიაში დელფინებთან ერთად ცურვისთვის ყველაზე ცნობილი ადგილია. ისეთი ტურისტული კომპანიები, როგორიცაა Dolphin Encounter, მოცურავეებს საშუალებას აძლევენ ურთიერთობა იქონიონ მუქ დელფინებთან – სახეობასთან, რომელიც განსაკუთრებით მოხიბლულია ადამიანებით. მიუხედავად იმისა, რომ დელფინები სამხრეთ კუნძულის სანაპიროს გასწვრივ მთელი წლის განმავლობაში დაცურავენ, ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით პერიოდში ისინი განსაკუთრებით მრავლად იკრიბებიან კაიკოურას ნახევარკუნძულთან.
ზოგიერთი დელფინი ყვინთვის მოყვარულებთან წარმოუდგენლად ახლოს დაცურავს, თუმცა მონაწილეებისგან მოითხოვება, რომ თავი შეიკავონ ცხოველებზე ხელის შეხებისგან. მუქი დელფინის გარდა, ვიზიტორებმა შესაძლოა ჰექტორის დელფინებიც იხილონ, რომლებსაც თვალისმომჭრელი შავი ზურგის ფარფლი აქვთ.

მარსა-ალამი, ეგვიპტე
მოგზაურებისთვის შესაძლოა უკვე ცნობილი იყოს შარმ-ელ-შეიხი – მიმართულება, სადაც სანაპიროს ლაუნჯებიდან ჯადოსნური ხედები იშლება, თუმცა მარსა-ალამი, რომელიც მისგან სამხრეთით, გარკვეულ მანძილზე მდებარეობს, შესაძლოა ასეთი ცნობილი არ იყოს. მარსა-ალამში მდებარეობს სამადაის რიფი, რომელსაც ასევე „დელფინების სახლსაც“ უწოდებენ. U-ს ფორმის მარჯნის წარმონაქმნი ხელს უწყობს წყლის სიმშვიდის შენარჩუნებას და იზიდავს გრძელდინგა დელფინებს, რომლებიც ხშირად სტუმრობენ რიფს.
ექსკურსიები, მაგალითად, ისეთები, რომლებსაც Marsa Alam Tours-ი სთავაზობს მოგზაურებს, როგორც წესი, მოიცავს სასტუმროდან ტრანსფერს (ორივე მიმართულებით), რიფზე ყვინთვის ერთ ან რამდენიმე გაჩერებას, ასევე კვებასა და გამაგრილებელ სასმელებს. წყალი კრისტალურად სუფთაა და ზოგჯერ წითელ ზღვაში ერთად მოცურავე ასობით დელფინის ნახვაც კი არის შესაძლებელი. დელფინების გარდა, მარსა-ალამის წყლები სავსეა მარჯნებით, მრავალფეროვანი რიფის თევზებით და კუებით.

ნინგალუ რიფი, ავსტრალია
ნინგალუ რიფზე მოგზაურობა დაუვიწყარ მოგონებებს აჩუქებს ნებისმიერს – უზარმაზარ ვეშაპისებრ ზვიგენებთან ასე ახლოს ცურვა ნამდვილად მხატვრული ლიტერატურის ფურცლებიდან გადმოსულ გამოცდილებას ჰგავს. ვეშაპისებრი ზვიგენები დასავლეთ ავსტრალიის ამ ნაწილში ჩამოსული ვიზიტორების მთავარი მიზიდულობის ცენტრია. ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი თევზები დაახლოებით 20 მეტრამდე იზრდებიან. თუმცა, ვეშაპისებრი ზვიგენები ნინგალუ რიფის წყლებში ერთადერთი შთამბეჭდავი ზომის საზღვაო ბინადრები როდი არიან.
დელფინები ყვინთვის მოყვარულთა ხშირი თანამგზავრები არიან. იღბლიანი მოგზაურები, რომლებიც წყალში გადაშვებას მოასწრებენ, შეხვდებიან აფალინებსა და ავსტრალიურ კუზა დელფინებს. Sail Ningaloo არის ყვინთვის პატარა კომპანია, რომელსაც სტუმრები რიფზე რამდენიმედღიანი ტურებით დაჰყავს, სადაც ღამისთევა უშუალოდ გემზე ხდება. დელფინებთან ცურვის გარდა, მოგზაურებს შეუძლიათ ახლოს გაეცნონ სკატებს, კუზიან ვეშაპებსა და საყვარელ დიუგონგებსაც კი.

პანამა სიტი ბიჩი, შეერთებული შტატები
პანამა სიტი ბიჩი პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო საგაზაფხულო არდადეგების მიმართულებაა, სადაც ყოველ გაზაფხულზე უამრავი ადამიანი ჩადის დასასვენებლად. აღსანიშნავია, რომ მექსიკის ყურის წყლებში მთელი წლის განმავლობაში მხიარული აფალინა დელფინები ბინადრობენ.
ტურისტებს შეუძლიათ გაემართონ ზურმუხტისფერ წყლებში ამ საზღვაო ძუძუმწოვრებთან საცურაოდ ისეთი კომპანიების მეშვეობით, როგორიცაა: Blue Dolphin Tours. ორგანიზატორებს მგზავრები სწრაფი ნავებით დაჰყავთ (მაქსიმუმ ექვსი მონაწილე), რაც საშუალებას იძლევა დელფინების გამოჩენისთანავე სწრაფად გადაეშვათ წყალში. ტურები ასევე მოიცავს გაჩერებას კუნძულზე, სადაც რბილი ქვიშიანი სანაპიროები და ისეთი ცხოველები გელოდებათ, როგორებიცაა ირმები, კიბორჩხალები და კუები.

პორტ-ფილიპის ყურე, ავსტრალია
პორტ-ფილიპის ყურე შესაძლოა არ იყოს ფართოდ ცნობილი მსოფლიოს მრავალი მოგზაურისათვის, თუმცა ერთი თვალსაზრისით ის ნამდვილად მსოფლიო დონისაა: ის მოგზაურებს სთავაზობს შესანიშნავ ადგილს დელფინებთან ერთად ცურვისთვის. დაჯავშნეთ ტური See All Dolphin Swims-თან ერთად და შეძლებთ ყვინთვისას საოცარ ხედებით დატკბეთ. წლის შედარებით თბილ პერიოდში დღეში ორი გასვლა ხორციელდება.











