ეგეოსის ზღვიდან ამოზიდული შავი ვულკანური კლდის ეს მასივი ნამდვილად არ გახლავთ შეუმჩნეველი. ბერძნული კუნძული თერასია დაახლოებით 3,600 წლის წინ იმ ვულკანური ამოფრქვევის შედეგად შეიქმნა, რომელმაც სანტორინიც შექმნა. იგი იმავე საფოსტო ინდექსს იზიარებს და იმ 3.4 მილიონ მოგზაურს ევლინება ფონად, რომლებიც ყოველწლიურად სწორედ მის დაიკოს, სანტორინის სტუმრობენ. ცოტას თუ შეუძლია ამ 200 მაცხოვრებლიანი კუნძულის დასახელება, ხოლო მისი დათვალიერებით კიდევ უფრო ცოტა ინტერესდება. სანტორინის ამუდის პორტიდან თერასიაზე ბორნები გადიან. განრიგის ნახვა ახლა უკვე ონლაინ არის შესაძლებელი და ტურიზმთან დაკავშირებული სულ უფრო მეტი შეთავაზებაც გაჩნდა.
თერასიაზე სულ რაღაც 168 მუდმივი მაცხოვრებელია
ეს არის ადგილი, რომელიც სტუმრებს სიმშვიდისკენ და გარემოთი ტკბობისკენ მოუწოდებს, იქნება ეს ბაღში ლეღვის ხეებს შორის სეირნობა თუ აუზის შეზლონგიდან მზის ჩასვლის ხედებით ტკბობა.
ამავე ტერიტორიაზე მდებარეობს სანტა ირინი: საგვარეულო ეკლესია. მისი პატარა ზომა სრულიადაც ვერ ასახავს მის მნიშვნელობას, როგორც სანტორინის სახელის ინსპირაციას: როდესაც შინ დაბრუნებული მეზღვაურები კალდერის ყელთან მდებარე ამ 1867 წლის თეთრ შენობას დაინახავდნენ, ისინი მშვიდობიან დაბრუნებას ზეიმობდნენ და ყვიროდნენ: „სანტა ირინი!“. თერასიაზე კიდევ 23 ეკლესია მდებარეობს, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი მიღწევაა კუნძულისთვის, რომლის სიგრძე სულ რაღაც 8.8 კმ, ხოლო სიგანე 2.4 კმ-ია. კუნძულის მეორე ბოლოში მდებარეობს კიმისისის მონასტერი, ლურჯი გუმბათით.

პლაჟები თერასიას ძლიერი მხარე ნამდვილად არ გახლავთ. შავი კენჭების ზოლი შეგხვდებათ კორფოსის უბესთან, რივის პორტთან და სანტა ირინისთან. თუმცა, ნამდვილად ღირს 280 ციცაბო ქვის საფეხურის ავლა მთავარ სოფელ მანოლასამდე. იგი კუნძულის ყველაზე მაღალ წერტილზე აიგო, რათა თავი დაეცვათ ოსმალი კორსარის (მეზღვაური ყაჩაღის) მსგავსი თავდამსხმელებისგან, რომლებიც 1500-იან წლებში ამ მიდამოებს აწიოკებდნენ. ისეირნეთ მისი თეთრად შეთეთრებული, დაკლაკნილი ქუჩაბანდებით, რათა შეიჭყიტოთ გამოქვაბულის ტიპის სახლებში და დატკბეთ კორფოსის უბისა და სანტორინის თავბრუდამხვევი ხედებით.
სოფელში ასევე მდებარეობს ადგილობრივების ფავორიტი რესტორანი Fyrgano, სადაც პირდაპირ ბოსტნიდან მოტანილი ინგრედიენტებით მომზადებულ ბერძნულ სალათებს შემოგთავაზებენ.

მიკრა ტირა აწარმოებს ღვინოს, რომელიც სანტორინის ვულკანურ ნიადაგზე მოყვანილი ვარდისფერი ღვინის (როზეს) მსგავსია
სასმელისთვის ეწვიეთ სოფელ პოტამოსთან ახლოს მდებარე Mikra Thira-ს ღვინის ქარხანას, რომელიც განთავსებულია ულტრათანამედროვე შენობაში. თერასიას ვულკანური ლანდშაფტი სანტორინის მსგავსებას იზიარებს და მისი ვაზიც ტრადიციულ სტილშია მოყვანილი. 90-წუთიანი ტური ვენახსა და წარმოებაში მოიცავს ასირტიკოს (ბერძნული ვაზის ჯიში) სამი სახეობის დეგუსტაციას დახვეწილ მარანში.

კუნძულზე მანქანების ნაკლებობა, მცირე ზომა და იოლად მისაღწევი ხედები მას იდეალურს ხდის ველოსიპედით სეირნობისთვის. დილისა და მზის ჩასვლის საფეხმავლო ტურები შესანიშნავი შესაძლებლობაა ბუჩქნარს შორის სასეირნოდ, სადაც ველური ბეგქონდარის სურნელი ტრიალებს. ტურის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ხეობაში მდებარე აგრილიას მიტოვებული გამოქვაბულ-სახლების დასახლება. სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულის წინ აქ 700-მდე ადამიანისგან შემდგარი სასოფლო-სამეურნეო საზოგადოება ცხოვრობდა, თუმცა მათი ბედი შეიცვალა მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტომატ-პასტის ქარხნები დაიხურა, ხოლო 1956 წელს კი 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ვიწრო საფეხმავლო ბილიკზე, სადაც ქარის წისქვილებსა და მინოსური, ვენეციური თუ ოსმალური ოკუპაციის დროინდელ ნაშთებს ჩაუვლით, წააწყდებით ეკლესიას, რომელსაც ადგილობრივები „მექსიკურ ეკლესიას“ უწოდებენ. ოფიციალურად მას ღვთისმშობლის ეკლესია ჰქვია და მისი ატმისფერი და ყვითელი ელფერები ისეთივე მოულოდნელობაა, როგორც იქვე მდებარე უმოქმედო მაღაროები, რომლებიც ოდესღაც პემზას აწვდიდნენ სუეცის არხის მშენებლობას.

როგორ მოვხვდეთ იქ:
სანტორინის ამუდის უბიდან (Ammoudi Bay) თერასიას რივის პორტამდე (Riva Port) დღეში სამჯერ დადის 10-წუთიანი „საზღვაო ავტობუსი“. თუ სანტორინის აეროპორტში ჩაფრინდებით, ათინიოსის პორტიდან 25-წუთიანი ბორანი ყოველდღე დადის 15:30 საათზე (კვირის გარდა).
კ შესაძლებელია საკუთარი ავტომობილის გადაყვანა ათინიოსის პორტიდან დიდი ბორნით ან ელექტროველოსიპედის დაქირავება. რეალურად კი, კუნძულის უმეტეს ნაწილზე გადაადგილება ფეხითაც თავისუფლადაა შესაძლებელი.











