საფრანგეთის სტუმრები ძირითადად მის დიდ ქალაქებსა და ატლანტის ოკეანის თუ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებს მიაშურებენ. დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად ისინი ან ავტომაგისტრალებს მიჰყვებიან, ანდა ჩქაროსნული მატარებლის კომფორტული სავარძლებიდან ადევნებენ თვალს თვალწინ გაელვებულ სოფლის პეიზაჟებს. თუმცა არსებობს სხვა გზაც: აირჩიეთ შემოვლითი გზები და ნელა, აუჩქარებლად იმოგზაურეთ მანქანით ან ველოსიპედით საოცრად კარგად მოპირკეთებულ გზებზე ნაკლებად დაფასებული ცენტრალური საფრანგეთის გავლით, სადაც პატარა ქალაქები, რომელთა შესახებაც შესაძლოა არც კი გსმენიათ, თავისი ისტორიითა და საუნჯით მოგხიბლავთ. ჩრდილოეთიდან სამხრეთით და დასავლეთიდან აღმოსავლეთით, აი, ჩვენი რამდენიმე ფავორიტი ადგილი:

1. ბურჟი (BOURGES) საუკეთესოა გოთიკური არქიტექტურისთვის

2028 წლის ევროპის კულტურული დედაქალაქი, ბურჟი, იდეალური საწყისი წერტილია საფრანგეთის ცენტრალური ნაწილის აღმოსაჩენად. ბურჟი, რომელიც 2,000 წელზე მეტია მნიშვნელოვან ურბანულ ცენტრს წარმოადგენს, დღეს დამთვალიერებლებს იზიდავს თავისი მოვლილი შუა საუკუნეების ქუჩებითა და ნახევრად ხის კონსტრუქციის სახლებით. ქალაქის ხედს ამშვენებს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიის ძეგლი, წმინდა სან-ეტიენის საკათედრო ტაძარი, იშვიათად სახეცვლილი გოთიკური არქიტექტურის შედევრი, XIII და XIV საუკუნეების მართლაც შთამბეჭდავი ვიტრაჟებით.

10-წუთიანი ფეხით სავალი გზა მიგიყვანთ XV საუკუნის ჟაკ კერის სასახლემდე, ფრანგული სამოქალაქო გოთიკური არქიტექტურის იშვიათ ნიმუშამდე, რომელიც უცვლელადაა შემორჩენილი. ის მინიმალისტურადაა ავეჯით მოწყობილი, თუმცა უხვად გაფორმებული ბუხრების, ფანჯრების, კარებისა და კიბეების ირგვლივ არსებული ოსტატური ქვის ქანდაკებებით. მთავარი ფასადის ცენტრალური კარის ორსავე მხარეს ნახავთ ჟაკ კერისა და მისი მეუღლის ბარელიეფებს, თითოეული თავის აივანზეა გამოსახული, ერთმანეთისგან ზურგშექცევით.

როგორ მივიდეთ: ბურჟი პარიზიდან მატარებლით 2 საათის სავალზეა. დღეში 4 პირდაპირი რეისი დადის, რომლის ფასიც დაახლოებით €43-ია. გარდა ამისა, მატარებელი დადის კიდევ ორლეანში გადაჯდომით, დაახლოებით იგივე ფასად.

2. ობინი-სიურ-ნერი (AUBIGNY-SUR-NÈRE) საფრანგეთის ყველაზე შოტლანდიური ქალაქი

შუა საუკუნეების ქალაქ ობინი-სიურ-ნერში, რომელსაც სტიუარტების ქალაქს უწოდებენ, შესაძლოა შოტლანდიური გუდატვირის ხმა გაიგონოთ, კილტებში გამოწყობილი მამაკაცები დაინახოთ, შეამჩნიოთ ბოძებზე მოფრიალე შოტლანდიის დროშა და გაოცდეთ იმით, რომ თითქმის ყველა მაღაზიის ვიტრინას შოტლანდიური კუბოკრული ქსოვილი (ტარტანი) ამშვენებს.

ეს იმიტომ, რომ ქალაქს შოტლანდიასთან საუკუნოვანი კავშირი აკავშირებს, რაც ასწლიანი ომის (1337–1453) პერიოდიდან იწყება, როდესაც შოტლანდიამ 15,000 ჯარისკაცი გააგზავნა საფრანგეთის მომავალი მეფის, შარლ VII-ის დასახმარებლად. მათგან 6,000 მეომარს სერ ჯონ სტიუარტი უძღვებოდა.

დღეს ეს 6,000-იან მოსახლეობიანი ცოცხალი პატარა ქალაქი, რომლის მაღაზიების დასახელებებშიც ხშირად შეხვდებით სიტყვა “სტიუარტს” ან შოტლანდიის მაღალმთიანეთთან დაკავშირებულ მინიშნებებს, ყოველწლიურად, ივლისის დასაწყისში, საზაფხულო ფესტივალით განაგრძობს თავისი შოტლანდიური ფესვების აღნიშვნას. აიღეთ რუკა ტურისტულ ოფისში (პირდაპირ ეკლესიის წინ), რათა გზამკვლევი გაგიწიოთ ქალაქის ულამაზეს ნახევრად ხის კონსტრუქციის სახლებს შორის და არ დაგავიწყდეთ XII საუკუნის წმინდა მარტინის ეკლესიაში შეიაროთ, რათა მისი შთამბეჭდავი ვიტრაჟებით დატკბეთ.

როგორ მივიდეთ: ობინი-სიურ-ნერი ბურჟიდან 47 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს (მანქანით ან ველოსიპედით). ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ავტობუსით (1 საათი, €3).

3. არჟანტონ-სიურ-კრეზი (ARGENTON-SUR-CREUSE) საუკეთესოა ფერებისთვის, საკერავი მანქანებისა და ჟორჟ სანდისთვის

ბურჟიდან 100 კილომეტრის დაშორებით, სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ეს პატარა ქალაქი მდინარე კრეზის ორსავე ნაპირზეა გაშენებული. მდინარეში ულამაზესად ირეკლება აღმოსავლეთ ნაპირზე გადმომდგარი შუა საუკუნეების სახლების ფერადი ფასადები.

არჟანტონი საუკუნეების განმავლობაში ტანსაცმლის წარმოების ცენტრი იყო, სადაც ოსტატობა თაობიდან თაობას გადაეცემოდა ქალების მიერ, რომლებიც როგორც ქალაქის მექანიზებულ სახელოსნოებში, ისე სოფლის სახლებში შრომობდნენ. XXI საუკუნის დასაწყისისთვის ეს სახელოსნოები დაიხურა, თუმცა მათი ხსოვნა დაცულია პერანგების კერვისა და მამაკაცის ელეგანტურობის მუზეუმში. ძველებური საკერავი მანქანებით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანი მეცხრე ცაზე იქნება, რადგან აქ მათი საოცარი კოლექციაა წარმოდგენილი.

როგორ მივიდეთ: არჟანტონ-სიურ-კრეზი ბურჟიდან 96 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, ხოლო მატარებლის ბილეთის ფასი (გადაჯდომით) ცალი მხარე €27-იდან იწყება.

4. ობუსონი (AUBUSSON) მსოფლიოში ცნობილი თავისი გობელენებით

ობუსონი, რომელიც იმ დროიდან 600 წლის შემდეგაც კი გობელენის ქსოვის მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ცენტრად რჩება, რაც ეს ხელოვნება პირველად ჩაინიშნა აქ, კროზანიდან 75 წუთის სავალზეა სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდინარე კრეზის ნაპირებზე, ვიწრო ხეობის ფსკერზე გაშენებული ეს ფერადი ქალაქია, სადაც ქუჩის ბარიერები კაშკაშა ფერებშია შეღებილი, რათა შეესაბამებოდეს გობელენის საერთაშორისო ცენტრის ფასადს, რომელიც 2009 წელს იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიას მიეკუთვნა. აქ თქვენ მიიღებთ მომაჯადოებელ წარმოდგენას ამ საუკუნოვან ხელოვნებაზე. თითოეული მქსოველი თვეში 1 კვადრატული მეტრის გობელენს ასრულებს, დღეში 8 საათი და კვირაში 5 დღე მუშაობით.

როგორ მივიდეთ: ობუსონი ბურჟიდან 143 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჩასვლას შესაძლოა 6 საათამდე დასჭირდეს, ასე რომ მანქანით ან ველოსიპედით მგზავრობა ყველაზე გონივრული არჩევანია.

5. მონლუსონი (MONTLUÇON) საუკეთესოა მუსიკისთვის

მონლუსონი, რომელიც მდინარე შერის თხელ მოსახვევში მდებარეობს, რომაელთა ეპოქიდან იღებს სათავეს. შუა საუკუნეებში ის ბურბონის ჰერცოგმა, ლუი II-მ გაამაგრა, თუმცა ქალაქის კედლები გაქრა და მათ ნალისებურ ფორმას ახლა 1 კილომეტრის სიგრძის კურტეს ბულვარი იმეორებს. ეს ბულვარი ისტორიულ ცენტრსა და ბურბონის ჰერცოგთა ციხესიმაგრეს აკრავს გარს. ცენტრში მდებარე საფეხმავლო ქვაფენილიანი ქუჩები ოდნავ შელახული ნახევრად ხის კონსტრუქციის და ქვის სახლებითაა სავსე. აისეირნეთ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიისკენ ამავე სახელწოდების მოედანზე. მუსიკის საოცარი მუზეუმი მოიცავს XVIII საუკუნიდან მოყოლებული მუსიკალური ინსტრუმენტების უდიდეს კოლექციას მთელ საფრანგეთში. ორიგინალურად დაგეგმილი მუზეუმი გაგაოცებთ და გაგახარებთ, ხოლო თუ აუდიოგიდი არ დაგავიწყდებათ, რაც ნამდვილად სავალდებულოა (და ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზეც) ბევრი ინსტრუმენტის ჟღერადობის მოსმენასაც შეძლებთ.

როგორ მივიდეთ: მონლუსონი ბურჟიდან დაახლოებით 100 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. დღეში დადის 8 მატარებელი, რომელთაგან 5 პირდაპირია (1 საათი და 25 წუთი) ან 2 საათი გადაჯდომით.

6. მულენი (MOULINS)

საუკეთესოა სასცენო კოსტიუმებისთვის

მულენი მდებარეობს მდინარე ალიეს აღმოსავლეთ ნაპირზე, რომელიც ლუარას მთავარი შენაკადია. თუმცა, სამწუხაროდ, ბორცვებსა და მდინარის ნაპირებზე ოდესღაც მიმობნეული მრავალი ქარის, წყლისა და ნავის წისქვილი, რომელთა პატივსაცემადაც ეწოდა ქალაქს სახელი, უკვე გაქრა.

დასავლეთ ნაპირზე, რეჟემორტის ხიდთან ახლოს, იპოვით ვილარის კვარტალს – XVIII საუკუნის ბოლოს აგებულ ყაზარმებს, სადაც ახლა განთავსებულია სასცენო კოსტიუმებისა და თეატრალური დიზაინის ეროვნული ცენტრი. სწორედ აქ ინახება პარიზის ოპერის, „კომედი ფრანსეზის“ და საფრანგეთის სხვა წამყვანი თეატრების 10,000-ზე მეტი საუკეთესო კოსტიუმი. აქ ორი მუდმივი გამოფენაა: ერთი მათგანი ეძღვნება მოცეკვავე რუდოლფ ნურიევს, რასაც წელიწადში ორი დროებითი ექსპოზიციაც ემატება.

2023 წელს CNCS-მა გახსნა დიდი სივრცე, სადაც დამთვალიერებლებს შეუძლიათ ისწავლონ, თუ როგორ იქმნება დეკორაციები და რეკვიზიტები, და თავადაც გამოსცადონ ხელი ხატვაში. აქ ასევე მოეწყო „კულისები“, რათა სტუმრებმა აღმოაჩინონ, თუ რას აკეთებენ განათების ტექნიკოსები, ხმის ოპერატორები და სცენის მუშები. მულენის ისტორიულ ცენტრში აღმართულია XIX საუკუნის ოთხი კოშკი.

როგორ მივიდეთ: მულენი ბურჟიდან 100 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. დღეში დადის შვიდი მატარებელი, რომელთაგან ოთხი პირდაპირია.

7. ბურკ-ან-ბრესი (BOURG-EN-BRESSE)

მულენიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 2-საათიანი მგზავრობა მიგიყვანთ ბურკ-ან-ბრესამდე.  ბურკ-ან-ბრესის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ბრუს სამეფო მონასტერი – საფრანგეთის პასუხი ტაჯ-მაჰალზე. ეს არის „ალმოდებული“ გოთიკის არქიტექტურული შედევრი, რომელიც XVI საუკუნის დასაწყისში აიგო სავოიის ჰერცოგის, ფილიბერ ლელ ბოს ხსოვნისადმი პატივსაცემად.

1501 წელს მარგარიტა სიყვარულით დაქორწინდა ფილიბერზე, რომელსაც ბავშვობიდან იცნობდა. ის 21 წლის იყო და ეს მისი მესამე ქორწინება გახლდათ. მარგარიტა მართავდა ქვეყანას, სანამ ფილიბერი სანადიროდ დადიოდა. თუმცა, 1504 წლის სექტემბერში, ნადირობისას მან ცივი ნაკადულიდან წყალი დალია და რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

მწუხარებით მოცულმა მარგარიტამ გადაწყვიტა ბრუს ძველი ბენედიქტელთა მონასტერი გარდაექმნა მონასტრად, მავზოლეუმად და საკუთარ სახლად, თუმცა ის გარდაიცვალა 2 წლით ადრე, სანამ მშენებლობა 1532 წელს დასრულდებოდა. მას შემდეგ შენობას მცირე ცვლილებები თუ განუცდია. ნავს გუნდისგან გამოყოფს საფრანგეთში შემორჩენილი ერთ-ერთი იშვიათი ქვის კანკელი, თუმცა მთავარი ღირსშესანიშნაობა სწორედ გუნდში მდებარეობს: ალაბასტრის სამი აკლდამა მარმარილოს მწოლიარე ქანდაკებებით. მონასტრის სამი შიდა ეზო ასევე უნიკალური მოვლენაა საფრანგეთში. დღეს მათში განთავსებულია ძალიან საინტერესო სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ნამუშევრებით XV საუკუნიდან თანამედროვე ეპოქამდე.

მონასტრიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით მდებარეობს 250 წლის საავადმყოფოს აფთიაქი, რომელიც უწყვეტად ფუნქციონირებდა 1790 წლიდან 1963 წლამდე. ეს ადგილი განსაკუთრებულია იმით, რომ საფრანგეთში შემორჩენილი 80-მდე შუა საუკუნეების აფთიაქიდან ის ერთ-ერთია იმ ორთაგან, რომელსაც აქვს ლაბორატორიები, სადაც შესვლა და დათვალიერება შეგიძლიათ.

როგორ მივიდეთ: ბურჟიდან ბურკ-ან-ბრესამდე არსებული 273 კილომეტრის დასაფარად ყველაზე სწრაფი და იაფი გზა მანქანით მგზავრობაა. ასევე შეგიძლიათ იმგზავროთ მატარებლით ლიონამდე და იქ გადაჯდეთ, თუმცა ეს 6 საათზე მეტს წაიღებს.