ულუვატუზე ერთხელ თუ მოხვდებით, ის თქვენი უპირობო ფავორიტი გახდება. მისი შთამბეჭდავი კირქვის კლდეები და მსოფლიოში ცნობილი სერფინგის ტალღები კვლავ შეუდარებელია. ულუვატუ მშვიდ და დახვეწილ შთაბეჭდილებას ტოვებს, განსაკუთრებით რესტორნებისა და ღამის ცხოვრების მხრივ. ამავდროულად, ის ინარჩუნებს შემოქმედებით ატმოსფეროს, რასაც ადგილობრივი ხელოვანებისა და ოსტატების მიერ მოწყობილი შაბათ-კვირის ბაზრობებიც უწყობს ხელს.

ამ ბლოგში გაგიზიარებთ ჩვენს საყვარელ ადგილებსა და აქტივობებს ულუვატუში.

რა უნდა გააკეთოთ ულუვატუში

1. უიქენდის ბაზრობა (Hatch Weekend Market)

ულუვატუს შაბათ-კვირის ბაზრობა Hatch-ის სივრცეში იმართება: ეს არის ერთდროულად რესტორანი, ღონისძიებების ადგილი და შემოქმედებითი ჰაბი. შაბათობით (09:00-16:00) და კვირაობით (09:00-18:00) ეს არტისტული სივრცე ფერად ბაზრობად გარდაიქმნება, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ:

  • ტანსაცმელი
  • სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთი;
  • კერამიკული ნამუშევრები.

2. ულუვატუს ტაძარი

ულუვატუს ტაძარი ბალის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და თვალწარმტაცი ტაძარია. ის კირქვის კლდის წვერზეა აგებული და ინდოეთის ოკეანეს გადაჰყურებს. ტროპიკულ სიმწვანეში მოქცეული ტაძარი და მის გარშემო გადაშლილი პანორამული ხედები მას ბალის საუცხოო ღირსშესანიშნაობად აქცევს. ყოველ საღამოს აქ ასევე იმართება ტრადიციული კეჩაკის ცეკვის წარმოდგენა.

ტაძრის ტერიტორიაზე შესვლის საფასური: 50 000 ინდონეზიური რუპია (დაახლოებით 3 აშშ დოლარი)

3. ულუვატუს ულამაზესი სანაპიროები

ულუვატუ ბალის ერთ-ერთი საუკეთესო პლაჟებით გამოირჩევა. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ თითქმის ყველა მათგანი მაღალი კლდეების ქვემოთ მდებარეობს, ამიტომ სანაპიროზე ჩასვლა და უკან ამოსვლა ფეხით მოგიწევთ.

ნიანგ-ნიანგის სანაპირო (Nyang-Nyang Beach)

ნიანგ-ნიანგი ბალის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი პლაჟია. ეს არის 1.5-კილომეტრიანი თეთრი ქვიშის სანაპირო, რომელიც კირქვის შთამბეჭდავი კლდეების გასწვრივაა გადაჭიმული. აქ მხოლოდ რამდენიმე პატარა ბარია, მუსიკა თითქმის არასოდეს ისმის. მხოლოდ ოკეანის ხმა და უამრავი თავისუფალი სივრცეა.

პადანგ-პადანგის სანაპირო (Padang-Padang Beach)

ეს პატარა ქვიშიანი ყურე განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ფილმში „ჭამე, ილოცე, შეიყვარეში“ გამოჩნდა. ამ მიზეზით, ეს ულუვატუს ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი პლაჟია. თან წაიღეთ წყალი და წასახემსებელი, რადგან სანაპიროზე რესტორნები არ არის.

შესვლის საფასური: 15 000 რუპია (დაახლოებით 1 აშშ დოლარი).

სულუბანის სანაპირო (Suluban Beach)

სულუბანი ულუვატუს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სანაპიროა. მიჰყევით „Beach“-ის ნიშნებს, რომლებიც შენობებს შორის ვიწრო ბილიკებით მიგიყვანთ სანაპირომდე. თავდაპირველად პატარა პლაჟზე მოხვდებით, სადაც დასვენება და ფოტოების გადაღებაა შესაძლებელი. თუ ზღვა დაბალია, კლდეებს შორის ვიწრო გასასვლელით უფრო დიდ სანაპიროზე გახვალთ.

ბალანგანის სანაპირო (Balangan Beach)

აქ ყოველთვის მშვიდი გარემოა და ხალხიც შედარებით ცოტაა. ერთადერთი მინუსი ის არის, რომ ტალღები ხშირად ძალიან ძლიერია და ცურვა უსაფრთხო არ არის. რჩევა: მზის ჩასვლისას აუცილებლად ადით ბალანგანის პლაჟის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე გადმოსახედზე, საიდანაც ულამაზესი პანორამა იშლება.

თომასის სანაპირო (Thomas Beach)

თომასის პლაჟი თეთრი ქვიშით დაფარული, მშვიდი სანაპიროა, სადაც ციცაბო კლდოვან კიბეებს უნდა ჩაჰყვეთ. აქ რამდენიმე პატარა სანაპირო ბარია, სადაც იყიდება ქოქოსი, ასევე ქირავდება: სერფინგის დაფები; შეზლონგები; მზის ქოლგები.

დრიმლენდის სანაპირო (Dreamland Beach)

დრიმლენდი ულუვატუს ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული პლაჟია. აქ შეხვდებით მაღაზიებს, პატარა პლაჟის კლუბებს, კაფეებსა და ბარებს. აქ საკმაოდ მშვიდი ტალღებია, ამიტომ კარგი ადგილია როგორც ცურვისთვის, ისე მზის აბაზანების მისაღებად. სივრცეც საკმარისია.

4. საუკეთესო ადგილები მზის ჩასვლის საყურებლად

Single Fin ულუვატუს ყველაზე ცნობილი კლდისპირა ბარია. ის სულუბანის სანაპიროსკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს და იდეალური ადგილია სასმლის დასალევად, მსუბუქად წასახემსებლად, მშვიდი ატმოსფეროს შესაგრძნობად და მზის ჩასვლის საყურებლად.

ბალანგანის გადმოსახედი თუ პანორამული ხედები გიყვართ, ბალანგანის პლაჟის ჩრდილოეთ ბოლოში მდებარე ეს გადმოსახედი აუცილებლად უნდა მოინახულოთ. აქედან ოკეანის საოცარი ხედი იშლება, თუმცა მზის ჩასვლისას  შესაძლოა უამრავ საქორწილო ფოტოგრაფსა და ახალდაქორწინებულ წყვილს შეხვდეთ, რადგან ეს ადგილი ფოტოსესიებისთვის ძალიან პოპულარულია.

მალინის რესტორანი ულუვატუს ტაძრის მახლობლად, პირდაპირ კლდის კიდეზე მდებარეობს. კლდის დამცავი მოაჯირი ქვებითა და ძველი მარჯნებითაა გაფორმებული, რაც განსაკუთრებით სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის მზის ჩასვლის დროს. თუ კლდის პირას მდებარე მაგიდას დაიკავებთ, ეს გამოცდილება ნამდვილად ღირს.

ჯარან ჰილი კიდევ ერთი შესანიშნავი ადგილია მზის ჩასვლის სანახავად. აქედან შეგიძლიათ: უყუროთ სერფერებს; დატკბეთ ოკეანისა და კლდეების ულამაზესი ხედებით; მშვიდ გარემოში გაატაროთ საღამო. სხვა პოპულარულ ადგილებთან შედარებით აქ ტურისტები ნაკლები არიან, ხოლო კირქვის კლდეები განსაკუთრებით შთამბეჭდავად გამოიყურება.

5. ულუვატუს საუკეთესო სანაპირო კლუბები

ულუვატუს სანაპირო კლუბები შესანიშნავი არჩევანია როგორც მთელი დღის გასატარებლად, ისე მხოლოდ მზის ჩასვლისას სასმელის დასაგემოვნებლად. ზოგი მათგანი უფრო მდიდრულია, ზოგში კი შესვლის საფასური ან მინიმალური ლიმიტის მოთხოვნა მოქმედებს.

Single Fin ულუვატუს ყველაზე მშვიდი და არაფორმალური სანაპირო კლუბია. მართალია, ის პირდაპირ სანაპიროზე არ მდებარეობს, მაგრამ კლდიდან ოკეანის ულამაზესი ხედები იშლება. ის ყველაზე პოპულარულია ულუვატუში, ნაწილობრივ იმიტომ, რომ საცურაო აუზიც აქვს. კვირაობით აქ ყველაზე ხალხმრავლობაა, რადგან იმართება წვეულებები ცოცხალი DJ-ს შესრულებით.

Sundays Beach Club ნამდვილი სანაპირო კლუბია, რომელიც პირდაპირ პლაჟზე მდებარეობს. აქ დაგხვდებათ კომფორტული შეზლონგები, დიდი პუფები და ლიფტი, რომელიც კლდიდან პირდაპირ სანაპიროზე ჩაგიყვანთ.  300 000 რუპია შესვლის საფასურია, ხოლო 500 000 რუპია საკვებსა და სასმელზე დასახარჯი კრედიტი. აუზი აქ არ არის, თუმცა სანაცვლოდ პირდაპირ ოკეანეზე გაქვთ წვდომა.

Ulu Cliffhouse თომასის პლაჟთან ახლოს, კლდის პირას მდებარეობს და ოკეანის შესანიშნავ ხედებს გთავაზობთ. აქ არის დიდი საცურაო აუზი და ძალიან კომფორტული საწოლები დასასვენებლად. განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობაა ხის კიბეებით კლდის გასწვრივ ჩასასვლელი სივრცე, რომელიც პირდაპირ ზღვის პირას გადის.

Oneeighty კარგი არჩევანია როგორც რამდენიმე საათით, ისე მთელი დღით დასასვენებლად. ატმოსფერო უფრო ბუნებრივი და მშვიდია, ვიდრე მდიდრული. აქ ყველაფერი ნეიტრალურ ფერებშია გადაწყვეტილი, ხოლო ხედები მართლაც შთამბეჭდავია. კლუბს აქვს საცურაო აუზი, თუმცა მისი ბოლო ნაწილი სპეციალურად ფოტოების გადასაღებადაა მოწყობილი, რის გამოც ზოგჯერ იქ დიდხანს ლოდინი შეიძლება მოგიწიოთ. მინიმალური ლიმიტი 700 000 ინდონეზიური რუპიაა, საიდანაც 100 000 რუპია შესვლის საფასურია, ხოლო 600 000 რუპია საკვებსა და სასმელზე დასახარჯი კრედიტი.

El Kabron დრიმლენდის პლაჟთან ახლოს მდებარეობს. აქ დაგხვდებათ საცურაო აუზი, ცოცხალი მუსიკა და ზღვის ულამაზესი ხედები. კლუბი უფრო მდიდრული და ელეგანტური სტილით გამოირჩევა, თუმცა სასმელები საკმაოდ ძვირია.

6. პარაპლანით ფრენა

თუ ულუვატუს სანაპიროს განსხვავებული პერსპექტივიდან დანახვა გსურთ, მზის ჩასვლის დროს პარაპლანით ფრენა ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გამოცდილებაა. ფრენები ყოველდღიურად იწყება ნიანგ-ნიანგის პლაჟის ზემოთ მდებარე კლდიდან. დაშვება კი თავად სანაპიროზე ხდება, სადაც შემდეგ შეგიძლიათ მშვიდად დაისვენოთ ან ახლომდებარე ბარში სასმელი მიირთვათ.

7. ეწვიეთ GWK Cultural Park-ს

GWK Cultural Park დიდი კულტურული პარკია, სადაც რეგულარულად იმართება მუსიკალური ღონისძიებები, გამოფენები და სხვადასხვა კონფერენცია. პარკის მთავარი ღირსშესანიშნაობაა 121 მეტრის სიმაღლის ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც ინდუისტურ ღვთაებას, ვიშნუს, ასახავს. ეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ბრინჯაოს ქანდაკებაა.

8. სერფინგი ულუვატუში

ულუვატუ ბალის ერთ-ერთი მთავარი სერფინგის მიმართულებაა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სერფერები აქ ჩამოდიან, რათა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ტალღებზე ისერფონ. ადგილობრივი ტალღების უმეტესობა გამოცდილი სერფერებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა დამწყებთათვის შედარებით მშვიდი პირობები დრიმლენდისა და პადანგ-პადანგის პლაჟებზე დაგხვდებათ.

საუკეთესო რესტორნები ულუვატუში

  • Artisan
  • Fleur: ლამაზი ინტერიერი და არაჩვეულებრივი ყავა
  • Milk & Madu: დიდი არჩევანი
  • Suka Espresso: დიდებული საუზმე
  • Bukit Cafe: გემრიელი და ჯანსაღი
  • La Baracca: იტალიური პიცა
  • Land’s End Cafe: საუკეთესო ვეგანური ობიექტი
  • Ulu Fishmarket: საუკეტესო თევზის რესტორანი
  • AVLI Greek

საუკეთესო დრო ულუვატუში ვიზიტისთვის: საუკეთესო ამინდებით აქ აპრილიდან ოქტომბრამდე პერიოდი გამოირჩევა. იანვარი ყველაზე წვიმიანი თვეა.