ავსტრიის დედაქალაქის სოსისების სტენდები იუნესკოს არამატერიალურ მემკვიდრეობათა სიაშია შეყვანილი. “Würstelständes” – ვენის გულია. ისინი საშუალებას აძლევენ ბავშვებს, მოხუცებს თუ ახალგაზრდებს შეიკრიბონ და გემრიელად მიირთვან. ავტრიული სოსისების ისტორია 1805 წელს, გერმანელი შეფისგან, იოჰან ლაგნერისგან იღებს სათავეს, რომელმაც თავისი რეცეპტით დამზადებული ფრანკფურტერი წარმოადგინა. მაგრამ უშუალოდ სოსისი, როგორც ქუჩის კვების მთავარი პერსონაჟი, მე-20 საუკუნის ადრეულ წლებში ჩამოყალიბდა. შენი მეგზური მის დასაგემოვნებლად 6 საუკეთესო ადგილს გირჩევთ:
1. Hermann’s Würstelstand
ვენის მე-7 რაიონში, ბრუტალისტური ავტოსადგომის შესასვლელში მიმალული, ეს ეპატაჟური სოსისების ჯიხური ადგილობრივი ახალგაზრდების მასას იზიდავს. დარტსის დაფითა და სპორტული ტრანსლაციებისთვის განკუთვნილი ტელევიზორით აღჭურვილი ჯიხური გვიან ღამით შეკრების პოპულარული ადგილია, რომელსაც ხშირად ხმაურიანი საუბრები ახლავს თან. მენიუში წარმოდგენილი ჰერმანის სოსისის ვეგეტარიანული ალტერნატივაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
-
Käsekrainer პურით, მდოგვითა და კეტჩუპით – €5.50

2. Zum Scharfen René
შვარზენბერგპლაცზე მდებარე ამ მოკრძალებულ კიოსკში თუ შეიხედავთ, დაინახავთ დასტურს იმისა, რომ 2016-დან 2020 წლამდე ის პრესტიჟული ჟურნალის დაჯილდოებაზე ვენის საუკეთესო სასოსისედ პოზიცინირებდა. ამ პოპულარულ ჯიხურს მაღალი კლასის რესტორნების ქსელი “René Kachlir” ხელმძღვანელობს, რომელმაც ქალაქის სოსისების კულტურას განსაკუთრებული ელფერი შესძინა. 16 წლის განმავლობაში სრულყოფილებამდე მიყვანილი მისი ქარის სოუსი შეზავებულია ცხარე წიწაკით.
-
Käsekrainer პურით, მდოგვითა და პირშუშხათი – €5.80

3. Wiener Würstelstand
ეს ობიექტი ვენის მასშტაბით სამ ფილიალს ფლობს. პფაილგასესა და სტროზიგასეს კუთხეში მდებარე ჯიხური სტუმრებს ყოველგვარი დანამატებისგან თავისუფალ სოსისებს სთავაზობს, ასევე, ზალცბურგში მოხარშულ ლუდსა და სახლში დამარინადებულ მწნილებს. მენიუ საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს ისეთ ხემსებსაც, როგორიცაა მაგალითად, შემწვარი სიმინდი. ფართო შიდა ეზოს წყალობით, სპიტელაუს ფილიალი ღამის 1 საათამდე მასპინძლობს „ღია მიკროფონის“ საღამოებს, ცოცხალ მუსიკასა და საცეკვაო წარმოდგენებს.
-
Käsekrainer შავი პურით, მდოგვით, კეტჩუპითა და ასორტი მწნილით – €10.90

4. Extra Würstel
ვენის მე-2 რაიონის წყნარ კუთხეში განთავსებული ეს თანამედროვე კიოსკი სრულად ამართლებს ერთ-ერთი საუკეთესო სასოსისეს წოდებას ქალაქში. ის გვთავაზობს სხვადასხვა ინსპირაციებით მომზადებულ კლასიკურ სოსისებსაც. მაგალითად, ვიეტნამის გავლენით ემატება მჟავე კომბოსტო, სტაფილო, კიტრი და ქინძი, რაც იდეალურად აბალანსებს ტკბილ მაიონეზს. ვეგეტარიანელებს შეუძლიათ მადა შემწვარი ტოფუს, ყვავილოვანი კომბოსტოსა და ხამანწკა სოკოს სოსისებით დაიკმაყოფილონ.
-
Käsekrainer საფუარიანი პურით, მდოგვითა და კეტჩუპით – €6.20

5. Alles Wurscht
მაღალი კლასის რესტორნის ყოფილი შეფ-მზარეულის, სებასტიან ნეუშლერის მიერ გახსნილი ეს პრესტიჟული კიოსკი დახვეწილ ქუჩის საჭმელს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს სტუმრებს. მისი მრგვალი დახლი გიწვევთ, რომ დააგემოვნოთ ხბოს სოსისი და საფირმო რეცეპტით მომზადებული საქონლის ხორცის ტარტარი. სებასტიანის უპირობო ბესტსელერია “ბოსნა”, რომელიც მხოლოდ გასულ წელს 18000 ერთეულზე მეტი გაიყიდა.
-
Käsekrainer მდოგვითა და კეტჩუპით – €6.50

6. Bitzinger
ვენის ოპერის უკან მიმალული, საოჯახო მფლობელობაში არსებული ბითზინგერი, სავარაუდოდ, ვენის ყველაზე გლამურული სოსისების ჯიხურია. ალბერტინას მუზეუმის ფონზე განთავსებული ჯიხური ქალაქის ყველაზე ელეგანტურ საზოგადოებას იზიდავს. გირჩევთ აირჩიოთ “würstels”, რათა გასინჯოთ სოსისის ექვსი განსხვავებული სახეობა – დაწყებული მუქი, ორმაგად შებოლილიდან, დამთავრებული საფირმოთი, რომელიც პაპრიკითა და სანელებლებითაა გაჯერებული განსაკუთრებული სიცხარისთვის.
-
Käsekrainer პურით, მდოგვითა და კეტჩუპით – €6











