სამხრეთ ესპანეთში მდებარე ალმერია ავთენტური ანდალუსიის მნიშვნელოვანი ნაწილია. აქ ისტორია, ბუნება და სანაპიროები ერთადაა თავმოყრილი. წლის მანძილზე 300 დღე მზიანი ამინდის წყალობით, ის სასიამოვნო დასასვენებელი მიმართულების სტატუსით სარგებლობს.

1. აღმოაჩინეთ ალმერიას ალკაზაბა

მაგიური ალკაზაბა უდიდესი ციხესიმაგრეა, რომელიც არაბებმა ესპანეთში ააგეს. ის მეათე საუკუნით თარიღდება. აქ ნახავთ ბაღებს, ანდალუსიურ სასახლეს თავისი აბანოებით და მე-16 საუკუნის ქრისტიანულ სასახლეს შთამბეჭდავი პანორამული ხედებით ქალაქზე და ხმელთაშუა ზღვაზე. ალკაზაბაში შესვლის ღირებულებაა €1.50. ის ღიაა საღამოს 9 საათამდე და მშვენიერი ადგილია მზის ჩასვლის სანახავად.

2. ეწვიეთ ენკარნასიონის კათედრალს

ეს კათედრალი აუცილებლად სანახავი ადგილია ალმერიაში. ის გოთიკური და რენესანსის სტილის ერთგვარი შერწყმაა. აშენდა მე-16 საუკუნეში მეკობრეების ხშირი თავდასხმებისგან დასაცავად.

3. დალაშქრეთ კაბო დე გატა-ნიჟარის ეროვნული პარკი

ეს ეროვნული პარკი ქალაქიდან 30 წუთის დაშორებით მდებარეობს და პატარა ქალაქებს, ვულკანურ ნაპირებს და გამოქვაბულებს აერთიანებს. პარკის გარშემო რამდენიმე სალაშქრო ბილიკია. კაბო დე გატა-ნიჟარი იუნესკოს დაცულ ბიოსფეროს ნაკრძალს წარმოადგენს 1997 წლიდან.

4. დაიკარგეთ ტაბერნას უდაბნოში

ტაბერნას უდაბნო ევროპის უდიდესი უდაბნოს ლანდშაფტია. ამ უნიკალურ ტერიტორიაზე ბევრი ფილმი და სერიალია გადაღებული, მათ შორის “სატახტოთა თამაშების” კადრები.

5. გაისეირნეთ “ხმელთაშუაზღვის აივანზე”

ალმერიას ქალაქის ცენტრში ცნობილი სასეირნო ხეივანი მდებარეობს, რომელიც 900 მეტრზეა გაჭიმული. ხედები განსაკუთრებით შთამბეჭდავია მზის ჩასვლის დროს.

6. მოინახულეთ მსოფლიოს უდიდესი კრისტალური გამოქვაბული

ეს გამოქვაბული უნიკალური კრისტალური ფორმის ქვებით მეცნიერებსა და ვიზიტორებს მუდმივად იზიდავს. ბილეთები ნაადრევად უნდა დაჯავშნოთ. ის ალმერიას ცენტრიდან 1 საათის სავალ გზაზე მდებარეობს.

7. დააგემოვნეთ ავთენტური სამზარეულო

ალმერიას სამზარეულო მდიდარია ხმელთაშუაზღვის ტრადიციებით, გემრიელი ტაპასით, ზღვის პროდუქტებით და ანდალუსიურ-არაბული მემკვიდრეობით. გამორჩეული კერძებია: ჩერიგანი, მიგასი და პაპავიეოსი. ეწვიეთ ცენტრალურ ბაზრობას ავთენტური პროდუქტების გასასინჯად. ასევე გირჩევთ პატარა ტრადიციულ ტაპას ბარს, სახელად: “Casa Puga“.