ფიჭვებით დაფარული პატარა ყურეებითა და სანაპირო ვილებით მოფენილი კლდოვანი ნახევარკუნძული კაპ ანტიბე ხმელთაშუა ზღვაშია შეჭრილი და საფრანგეთის რივიერას ორ ცნობილ კურორტს, კანსა და ნიცას შორის მდებარეობს. ეს საოცნებო ნახევარკუნძული ელიტისა და მაღალი საზოგადოების საყვარელი დასასვენებელი ადგილის რეპუტაციას ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში ფლობდა. იმ დროის არაერთი დიდი ხელოვანი, მათ შორის პიკასო, სკოტ ფიცჯერალდი და ჩარლი ჩაპლინი, სწორედ აქ ჩამოდიოდნენ, რათა სამყაროსგან შორს დაესვენათ და შთაგონება ეპოვათ. ეს შთაგონება მათ ზღვისპირა ქალაქ ჟან ლე პინსში დახვდათ.

ჟან-ლე-პინსი ისეთივე კულტურული მნიშვნელობის მატარებელია, როგორც ამ რეგიონის სხვა ცნობილი ადგილები. სწორედ აქ დაწერა ფრენსის სკოტ ფიცჯერალდმა თავისი რომანი “Tender Is the Night” (ნაზია ღამე). ფიცჯერალდების ოჯახი 1920-იან წლებში ზღვისპირა ვილა სან ლუისში ცხოვრობდა, რომელიც დღეს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა. „ეს იყო საუკეთესო ადგილი მარტივად და თავისუფლად ცხოვრებისთვის, სამყაროსგან თავის დასაღწევად,“ – წერდა ფიცჯერალდი. ჟან კოკტოს მსგავსი რეჟისორები და ჟოზეფინ ბეიკერის მსგავსი შემსრულებლები, მოკლედ, იმ დროის მთელი ბომონდი, მუდმივად სტუმრობდნენ ჟან-ლე-პინს.

დღეს ეს პატარა სანაპირო ქალაქი სახელოვნებო ცენტრია, სადაც ტარდება მუსიკალური ფესტივალები, გამოფენები და ლიტერატურული დაჯილდოვებები. ის რჩება იმ მშვიდ გასაქცევად, როცა რივიერაზე დასვენებისას ნიცის, კანის და მონაკოს ხმაურიდან ცოტახანი გაცლას ამჯობინებენ ხოლმე.

ჟან-ლე-პენის განსაკუთრებული ხიბლის ნაწილი სწორედ მის უცვლელ, მშვიდ რიტმშია. ყოველ დილით ადგილობრივები იკრიბებიან ერთ ფინჯან ყავაზე (ესპრესოზე), ხოლო სადილს შუქურას მახლობლად მდებარე ბისტროს ტერასაზე მიირთმევენ. აქ სტუმრებს ადგილობრივი კულინარიული მარგალიტებით უმასპინძლდებიან. მათ შორისაა: pan bagnat, სალათით სავსე სენდვიჩი, და pissaladière – ხახვის ტარტი, რომელსაც ანჩოუსები და ზეთისხილი ამშვენებს. ყურეში მოცურავეები ზურგზე ცურავენ, ხოლო წყლის მოთხილამურეები ტალღებზე დაქრიან.

სანაპიროზე დასვენებისას თვალს მოკრავთ უზარმაზარ იახტებს, რომლებიც ძირითადად ახლომდებარე გლამურულ კურორტებს, მაგალითად კანს სტუმრობენ, თუმცა მშვიდი ჟან-ლე-პინსი მაინც განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ინარჩუნებს. ოლივეტის პორტში დღესაც შეგიძლიათ იგრძნოთ, როგორი იყო რივიერა XX საუკუნის დასაწყისში. ნახევარმთვარის ფორმის პატარა ყურეში მდებარე ამ მყუდრო ნავსადგურში, ხელნაკეთი ხის ნავები ტალღებზე ნელა ირწევიან. ეს ყველაფერი იმ ნელი და მშვიდი ცხოვრების სტილის შეხსენებაა, რომლის შენარჩუნებაც სოფელმა შეძლო მას შემდეგ, რაც 1920-იან წლებში აქ ზაფხულის გასატარებლად მწერლები და ხელოვანები ჩამოდიოდნენ.

საღამოს, ახლომდებარე პორტის შუქურა კვლავ ანათებს თავის მწვანე გამაფრთხილებელ სიგნალს. ხოლო როცა დასაძინებლად წვებით, “Belles Rives”-ის სასტუმროს აივნების ქვეშ ზღვის კედელს მიჯახებული ტალღების ხმა ერთადერთი რამ არის, რაც სიჩუმეს არღვევს.
Hôtel Belles Rives ჟან-ლე-პინსის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიმბოლო და ნამდვილი საგანძურია. ეს სასტუმრო რივიერაზე იმ იშვიათ ადგილებს შორისაა, რომელიც დღემდე ოჯახის საკუთრებაში დარჩა. ამ სასტუმროში დარჩენა, სადაც არაერთი ცნობილი ლიტერატურული და მხატვრული ნამუშევარი შეიქმნა, სტუმრებს ჟან-ლე-პენის კლასიკურ გამოცდილებას სთავაზობს. მიშლენის ვარსკვლავით დაჯილდოებული სამზარეულო სტუმრებს La Passagère-ში ელოდება. ღია ტერასა საოცრად შთამბეჭდავია, თუმცა დახურული დარბაზის სიურრეალისტური ხელოვნება ამ გამოცდილებას განსაკუთრებულ ელფერს სძენს.

თუ ლიტერატურის მოყვარულებს “Hôtel Belles Rives” იზიდავთ, მუსიკის მოყვარულებმა ქუჩის მეორე მხარეს მდებარე მის ტყუპისცალ სასტუმროს, “Hôtel Juana”-ს უნდა მიაშურონ. 1930-იანი წლების ეს ლეგენდარული ადგილი ჯაზის ვარსკვლავებისთვის, მათ შორის ელა ფიცჯერალდისთვის, ნამდვილ თავშესაფრად იქცა. აქვე ჩერდებოდნენ ისეთი ცნობილი მხატვრებიც, როგორებიც იყვნენ მარკ შაგალი. სასტუმროს მრავალფეროვანი წარსულის კვალი დღემდე იგრძნობა მის ინტერიერში.

მიუხედავად იმისა, რომ ჟან-ლე-პენს არაერთი შესანიშნავი სასტუმროს რესტორანი აქვს, აუცილებლად ღირს ქალაქის მყუდრო კაფეებისა და პატარა რესტორნების აღმოჩენაც. საღამოს გასართობად კი ადგილობრივ ლეგენდად ქცეულ Pam Pam-ს მიაშურეთ – ბრაზილიური სტილის ბარს, სადაც კოქტეილები, საცეკვაო შოუები, ცოცხალი მუსიკა და ენერგიული ატმოსფერო სტუმრებს დაუვიწყარ საღამოს ჰპირდება.

ჯაზის ეპოქის სული დღესაც ცოცხლობს ჟან-ლე-პენში ყოველწლიური ფესტივალის: “Jazz à Juan”-ის მეშვეობით. 1960 წელს დაწყებული ეს ღონისძიება დღეს ევროპის ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი ჯაზფესტივალია. წლების განმავლობაში მის სცენაზე გამოსულან ისეთი ლეგენდები, როგორებიც იყვნენ მაილს დევისი, რეი ჩარლზი, ელა ფიცჯერალდი და ჯონ კოლტრეინი.

მუსიკის მოყვარულებს ასევე შეუძლიათ დაესწრონ მუსიკის ფესტივალს, როდესაც ღია ცის ქვეშ გამართული კონცერტები ჟან ლე პენისა და ანტიბეს ქუჩებს ავსებს. ეს ფესტივალი მთელი საფრანგეთის მასშტაბით იმართება და ზაფხულის დიდ დღესასწაულს წარმოადგენს.











