სამხრეთ ევროპის პოპულარული სანაპირო მიმართულებები ბოლო წლებია ზაფხულში მაღალი ტემპერატურით და გაუსაძლისი სიცხით გამოირჩევიან. ბალტიის ზღვის რეგიონი კი სანაპირო დასვენების სულ სხვა პერსპექტივას გვთავაზობს. დაივიწყეთ პალმები, დატვირთული ნაპირები და ტემპერატურა, რომელიც გიბიძგებთ უახლოეს ჩრდილს შეეფაროთ. ამის ნაცვლად, ისიამოვნეთ ზომიერი კლიმატით, ფიჭვის ტყეებით, თეთრი ქვიშით, ისტორიული კურორტებით, პატარა სათევზაო სოფლებით და სალაშქრო ბილიკებით ზღვის გარშემო. დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა ბალტიის ზღვაზე შენ მეგზურთან ერთად.
1. სელინის სანაპირო, რუგენი, გერმანია
საუკეთესო სანაპირო საკურორტო ატმოსფეროსთვის
რუგენი, გერმანიის უდიდესი კუნძულია. აქ მდებარეობს ულამაზესი სელინის სანაპირო. დახვეწილი მე-19 საუკუნის საკურორტო არქიტექტურა მოიცავს უნიკალურ ნაგებობას ანაპიროზე. აქ აღმოაჩენთ თეთრ რესტორანს, რომელიც ზღვაშია შეჭრილი. სელინის სანაპირო ორ ნაწილადაა დაყოფილი, სამხრეთად და ჩრდილოეთად. ორივე მათგანი გვთავაზობს საცურაო ინფრასტრუქტურას და მშვიდ ტალღებს. ჩრდილოეთ სანაპირო უფრო ფართო და პოპულარულია. სამხრეთს კი სიმშვიდის გამო ადგილობრივები ამჯობინებენ. სანაპირო ზოლზე თეთრი ქვიშის და ლურჯი ზღვის საოცარი კონტრასტია. კუნძულზე მოხვდებით რუგენის ხიდით ან მატარებლით. აქ დაგხვდებათ სანაპირო სკამები, ბარები და საპირფარეშოები.

2. ვიდზიმის ქვიანი სანაპირო (VIDZEME), ლატვია
საუკეთესო სანაპირო სალაშქროდ
ვიძიმის ქვიანი სანაპირო რიგის ყურის გასწვრივ 12 კმ-ზეა გაჭიმული და ლატვიის სანაპიროზე ერთ-ერთი ულამაზესი ნაპირია. სანაპიროს თითქმის მთელი ნაწილი სხვადასხვა ფორმის და ზომის ქვებითაა დაფარული. ამ ადგილის ველური ბუნების უკეთ შესაგრძნობად ჩაიცვით სალაშქრო ფეხსაცმელები და გაუყევით ბალტიის სანაპირო საფეხმავლო ბილიკის ნაწილს. ეს არეალი ცნობილია ფიჭვის ხეებით, კლდეების ხედებით და ძველი შუქურით. აქ რიგიდან საზოგადოებრივი ავტობუსით მოხვდებით.

3. პარნუს სანაპირო, ესტონეთი
საუკეთესო სანაპირო ოჯახური დასვენებისთვის
პარნუ ცნობილი სანაპირო კურორტია მე-19 საუკუნიდან, რომელიც ესტონეთის საზაფხულო დედაქალაქადაა ცნობილი. აქ ნებისმიერ სეზონზე ზაფხულის ატმოსფეროს შეიგრძნობთ. ივნისში, ივლისსა და აგვისტოში კი პარნუ განსაკუთრებით ცოცხლდება. იდეალური მიმართულებაა საოჯახო დასვენებისთვის. ის გვთავაზობს რომანტიკულ ხის ვილებს, თანამედროვე სპა ცენტრებს, ხელოვნების მუზეუმებს, საბუნებისმეტყველო მუზეუმს, ისტორიულ ძეგლებს და ბევრ კაფე-რესტორანს. არ აქვს მნიშვნელობა სანაპიროზე რელაქსაცია გსურთ, მუზეუმების გამოკვლევა თუ ბულვარში სეირნობა, აქ ყველაფერი გექნებათ. პარნუს 2 კმ სიგრძის ფართო სანაპირო თეთრი რბილი ქვიშით, გასარუჯად მშვენიერი ადგილია. წყალი ბალტიის ზღვის კვალობაზე ძალიან თბილი და სასიამოვნოა. აქ დაგხვდებათ ველოსიპედებიც და მინი გოლფის მოედანიც.

4. სკანორს ჰავსბადის სანაპირო, შვედეთი
საუკეთესო სანაპირო სკანდინავიური დიზაინის მოყვარულთათვის
თუ სკანდინავიური ესთეტიკა გიყვართ, განსაკუთრებით ხის არქიტექტურა, აუცილებლად უნდა ეწვიოთ სკანორს ჰავსბადის სანაპიროს. ის ცნობილია ულამაზესი სანაპირო ქოხებით. პასტელური ფერის საცურაო კაბინები სანაპიროს განსაკუთრებულ ყურადღებას სძენენ. სკანორს ჰავსბადი ეგზოტიკურ არმოსფეროს, ფირუზისფერ ზღვას და რბილ თეთრ ქვიშას გვთავაზობს.

5. სუომენლინას სანაპირო, ფინეთი
საუკეთესო სანაპირო ისტორიის ენთუზიასტებისთვის
სუომენლინას სანაპიროზე ვიზიტორებს ულამაზესი ციხესიმაგრე ხვდებათ, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. მისი მონახულება ჰელსინკიდან ბორნითაა შესაძლებელი. პატარა კუნძულებზე აშენებული მე-18 საუკუნის ეს შვედური ციხესიმაგრე, რომელიც რუსეთისგან თავდასაცავად ააგეს, პოპულარული ადგილია მზის ჩასვლისას პიკნიკის მოსაწყობად, სასეირნოდ და სანაპიროდან ხედით დასატკბობად. სუომენლინაზე თავს ისტორიის ნაწილად იგრძნობთ. გაყევით ბორანს ჰელსინკის ბაზრის მოედნიდან. გზას დაახლოებით 15 წთ სჭირდება. კუნძული კომპაქტური და ფეხით მოსავლელია.











