კართაგენა კოლუმბიის სხვა ქალაქებს არ ჰგავს. მას სრულიად განსხვავებული ატმოსფერო აქვს. ამას გარკვეულწილად მისი ლოკაციაც განაპირობებს კარიბის სანაპიროზე, სადაც ცხოვრება თბილი, ტროპიკული და ფერადია. თითქოს აქაური ხედები პირდაპირ მხატვრის პალიტრიდანაა გადმოტანილი, ქუჩები ცისარტყელას ყველა ფერშია შეღებილი, ხოლო ქუჩებს ახალი ხილის არომატი მოიცავს. გაიგეთ მეტი ესპანურ კოლონიალურ ისტორიაზე ან დაისვენეთ ულამაზეს სანაპიროებზე.

1. ბლანკას სანაპირო ბარუს კუნძულებზე (Playa Blanca)

ბარუს კუნძული კართაგენას სანაპირო ზოლთან ყველაზე ახლოს მდებარე კუნძულია. ის არაა ტროპიკული ან მდიდარი სხვა კუნძულების მსგავსად, მაგრამ გვთავაზობს ცოცხალ ატმოსფეროს, ფირუზისფერ წყალს, ქვიშიან ნაპირებს და ქალაქიდან გასაქცევს. ადით ნებისმიერი ტიპის ნავზე და ცოტახანში კართაგენას ხედებით კუნძულიდან დატკბებით. დაისვენეთ პლაია ბლანკას სანაპიროზე, სადაც კოქტეილების დაგემოვნებასაც შეძლებთ. ორივე გზის საფასური დაახლოებით 15-20$-ია.

2. გეთსემანის უბანი (Getsemani)

კართაგენაში დროის სასიამოვნოდ გაყვანისთვის გეთსემანი საუკეთესო ადგილია. დაათვალიერეთ ეს ფერადი, ხელოვნებით გაჟღენთილი უბანი. აქ ქალაქის საუკეთესო კაფე-რესტორნებიც მდებარეობს. ამასთან, გეთსემანი ბიუჯეტური უბანიცაა. ის კართაგენას ძველ კედლებთან მდებარეობს, ამიტომაც, ლოკაციაც ბრწყინვალე აქვს.

3. კართაგენას კედლები

ძველი კედლები კართაგენას მთავარი ღირსშესანიშნაობაა და მას დიადი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. კართაგენას კედლები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ის გარს არტყამს ძველ ქალაქს. აქედან მზის ჩასვლის ყურება განსაკუთრებით დამატყვევებელია.

4. კართაგენას ცენტრი

ქალაქის კედლებში მდებარე კართაგენას ცენტრში ქალაქის უფრო მდიდრულ მხარეს აღმოაჩენთ. აქ ულამაზესი ისტორიული შენობებია, სადაც მაღალი დონის სასტუმროები და რესტორნებია განთავსებული. აქ იხილავთ ლამაზ პარკებს, ტაძრებს და სასეირნო ქუჩებს.

5. მზის ჩასვლის კრუიზი კართაგენაში

მდიდარი საზღვაო ისტორიის წყალობით, კართაგენაში ნაოსნობა საკმაოდ განვითარებულია. აქ ცოცხალი ნავსადგური მდებარეობს, სადაც სხვადასხვა ზომის ნავებს და კრუიზებს იხილავთ. ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება კრუიზი მზის ჩასვლისას, რომლის დროსაც დატკბებით ხედებით ქალაქზე და ოკეანეზე. როგორც წესი კრუიზების ხანგრძლივობაა 2 სთ და ფასები მერყეობს 20-60 დოლარს შორის.

6. სან ფელიპე დე ბარახას ციხესიმაგრე (Castillo de San Felipe de Barajas)

ეს მე-16 საუკუნის ულამაზესი ციხესიმაგრეა, რომელიც ისტორიული ცენტრიდან 10 წუთის ფეხით სავალ გზაზე მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცული ძეგლია. ღიაა ყოველდღე დილის 7 საათიდან საღამოს 6 საათამდე. ბილეთების ღირებულება 25 $.

7. კაფე ჰავანა

გეთსემანის უბნის შუაგულში ნამდვილ კოლუმბიურ გამოცდილებას შეიძენთ. ეს კაფე ჰავანაა – ცოცხალი ენერიით სავსე ბარი, სადაც ხშირად ტარდება სალსას მასტერკლასები, ისმის მომხიბვლელი სალსას მუსიკა და ყველა ცეკვავს. დააგემოვნეთ კუბური კოქტეილები.

8. როზარიოს კუნძულები

როზარიო 28 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგია, რომელიც კართაგენას სანაპირო ზოლის სიახლოვეს მდებარეობს. აქ საოცარი კარიბული ლანდშაფტები, ულამაზესი სანაპიროები და არაამქვეყნიური შეფერილობის წყალია. ამ სამოთხეში ქალაქიდან სულ რაღაც 1 საათში აღმოჩნდებით. შეგიძლიათ გაყვეთ სტანდარტულ ნავის ტურს, კატამარანს ან დაჯავშნოთ კერძო ნავი .

9. კაფეტერიები და ყავის ვორქშოფი

არაფერი ისე არ ყვირის კოლუმბიას, როგორც ყავა! კართაგენაში ვიზიტის დროს ფანტასტიკურ ყავის კაფეტერიებს აღმოაჩენთ, სადაც ადგილობრივად მოხარშული ყავაა. თუ გსურთ კარგად გაიგოთ თუ რას ნიშნავს კოლუმბიური ყავის კულტურა, შეუერთდით ვორქშოფებს. ტურის დროს განახებენ საუკეთესო კაფეტერიებს, დააგემოვნებთ სხვადასხვა მარცვლებს და გაიგებთ საინტერესო ისტორიებს.

კართაგენა მთელი წლის მანძილზე მზიანი და ცხელია. ყველაზე მშრალი სეზონია დეკემბრიდან აპრილამდე. დანარჩენ პერიოდში მოსალოდნელია წვიმა. კართაგენა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ტურისტული ქალაქია.