ჰანოიში საუკეთესო სავაჭრო ადგილები ძირითადად ტრადიციული ბაზრობებია, მაგრამ აქ დამოუკიდებელი ბუტიკების და სავაჭრო ცენტრების რიცხვიც იზრდება. ჰანოიში კონკრეტული ქუჩა კონრეტულ თემატიკას ეძღვნება, მაგალითად აბრეშუმის ქუჩაზე აბრეშუმის ნივთებს შეიძენთ, ვერცხლის ქუჩაზე კი ვერცხლის.
1. ჰანგ გაის ქუჩა (აბრეშუმის ქუჩა)
ეს მშვენიერი ადგილია მაღალი ხარისხის, აბრეშუმის ნივთების შესაძენად. 300 მ სიგრძის ქუჩაზე ჩამწკრივებულია მოდის ბუტიკები. მათ შორისაა ხელოვნების გალერეები და სუვენირის მაღაზიები.

2. ჰანოის უიქენდის ღამის ბაზრობა
ეს ქუჩის ბაზრობაა ჰანოის ძველ უბანში. ის დატვირთულია დახლებით და მუდამ ხალხმრავლობაა. ესტუმრეთ პარასკევს, შაბათს და კვირას საღამოს 7 საათიდან. ბევრი აქ გემრიელი ქუჩის კვებისთვისაც მოდის. მოვაჭრეებს ბევრი საინტერესო და ეგზოტიკური ნივთები აქვთ.
მისამართი: 8 Hàng Đào

3. დონგ ხუანის ბაზრობა (Dong Xuan Market)
ეს სავაჭრო ცენტრი მრავალფეროვან პროდუქციას გვთავაზობს, განლაგებულს 4 სართულზე. აღმოაჩენთ სამოსს, ჩანთებს, უნიფორმებს, ქუდებს, სათვალეებს და სხვა ნივთებს ბიუჯეტურ ფასებში. ღაა დილის 6-დან საღამოს 7 საათამდე.

4. ჰანოის ლოტის ცენტრი (Lotte Center)
ეს პოპულარული სავაჭრო ცენტრია, რომელიც დაახლოებით 250 ბრენდის მაღაზიას აერთიანებს. აქ გასართობ აქტივობებსაც შეუერთდებით და ჭამასაც შეძლებთ. ღიაა დილის 9 საათიდან საღამოს 10 საათამდე.
მისამართი: 54 Liễu Giai

5. ტრანგ ტიენის პლაზა (Trang Tien Plaza)
ეს სავაჭრო ცენტრი ჰანოის ფრანგულ უბანში მდებარეობს და საერთაშორისო დიზაინერებს და მდიდრულ ნივთებს წარმოგვიდგენს. სავაჭრო ცენტრი 5 სართულზეა განთავსებული და აქ ნახავთ ისეთი ბრენდის მაღაზიებს როგორებიცაა: კარტიე, ბარბერი, ლუი ვიუტონი და სხვა.
მისამართი: 24 Hai Bà Trưng
![]()
6. ჰანგ ბაკის ქუჩა (ვერცხლის ქუჩა)
ამ ქუჩაზე სამკაულების შეძენას შეძლებთ. ჰანგ ბაკი – ვიეტნამურად სამკაულის სინონიმია (ბაკი აღნიშნავს ვერცხლს). ამ პატარა ატმოსფერულ ქუჩაზე შეიძენთ ბეჭდებს, ყელსაბამებს და სხვა ნივთებს.

7. ნჰა ტოს ქუჩა/Nha Tho Street
ეს სავაჭრო ქუჩა გვთავაზობს დამოუკიდებელ მაღაზიებს და რესტორნებს. სან ჟოზეფის კათედრალის წინ მდებარე ქუჩა საკმაოდ პოპულარულია ჰანოიში. შეიძენთ ვიეტნამურ სამოსს, ხელნაკეთ სამკაულს და აქსესუარებს ხელმისაწვდომ ფასებში.

8. ჰანგ და მარკეტი (Hang Da Market)
ეს ჰანოის ძველ უბანში მდებარე ბაზრობა ბიუჯეტურ ფასებში ოპერირებს, თანაც აქ შევაჭრებაც მიღებულ ფორმად ითვლება. სამუშაო დღეებში ჰანგ და ცარიელია, აქ ხალხმრავლობა მხოლოდ შაბათ-კვირასაა. ღიაა ყოველდღე საღამოს 8 საათამდე.

9. ჰანგ დაუს ქუჩა (Hang Dau Street)
ეს მშვენიერი ადგილია თუ ფეხსაცმელებს ეძებთ, რადგანაც აქ მხოლოდ ამ მიმართულებით ვაჭრობენ. მათი უმრავლესობა ვიეტნამურ ქარხნებშია დამზადებული.

10. სავიკოს მეგამოლი (Savico Megamall)
ეს ვიეტნამის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრია, სადაც როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბრენდებს აღმოაჩენთ. მათ შორის ადიდას, ნაიკს, პრადას თუ ლაკოსტეს. ღიაა ყოველდღე დილის 9-დან საღამოს 10-მდე.
მისამართი: 7-9 Nguyễn Văn Linh











