შოპინგი ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ადგილობრივი კულტურის შესაცნობად. ვიეტნამში აღმოაჩენთ უნიკალურ ხელნაკეთ ნივთებს ბიუჯეტურ ფასად. ადგილობრივი წარმოების ყავა და სოუსები ვიეტნამის ბევრ მაღაზიაში შეგხვდებათ, მაგრამ თუ ავთენტურ ვიეტნამურ აბრეშუმს, სამკაულს და ანტიკურ ნივთებს ეძებთ, ჩვენ რამდენიმე სავაჭრო ადგილს გირჩევთ:
1. აო დაი კოსტიუმი (Ao dai)
აო დაი ვიეტნამური ეროვნული კოსტიუმია ქალებისთვის. ესაა გრძელი კაბა კონტრასტულ ფერებში. მზა მოდელებს ტანისამოსის და ტურისტული ნივთების მაღაზიებში მიაგნებთ, მაგრამ შეგიძლიათ მკერავებს თქვენზე მორგებული კოსტიუმიც შეაკერინოთ.

2. აბრეშუმი
აბრეშუმი ვიეტნამში სხვადასხვა ფერებით და ფორმებით გვხვდება. მას აღმოაჩენთ მოდის ბუტიკებში და სუვენირების მაღაზიებში, თანაც მისაღებ ფასებში. ავთენტური აბრეშუმის პროდუქციის შესაძენად ეწვიეთ აბრეშუმის სოფელს, ჰანოიდან 10 კილომეტრში.

3. ვიეტნამური ყავა
ვიეტნამურ ყავის მარცვლებს ვიეტნამში ყველგან იპოვნით: ბაზრობებზე, კაფეებში, სავაჭრო ცენტრებში თუ აეროპორტში. ჰანოი ვიეტნამური ყავის კულტურის ეპიცენტრია. Trung Nguyen – ყველაზე პოპულარული ადგილობრივი ყავის ბრენდია ვიეტნამში.

4. მარგალიტის სამკაული
მარგალიტის ფერმები ვიეტნამის სანაპირო ლოკაციებზე მდებარეობს. აქ რამდენიმე ადგილობრივი ბრენდი აწარმოებს მარგალიტის ყელსაბამებს, სამაჯურებს, საყურეებს თუ ბეჭდებს.

5. პირამიდა ქუდი
ვიეტნამური ტრადიციული ქუდის შეძენა პრაქტიკული არჩევანიცაა, რადგანაც სიარულის დროს ძალიან გამოგადგებათ. ამ ტიპის ქუდებს აქ მე-18 საუკუნიდან ამზადებენ, როგორც წესი ბამბუკისგან, პალმის ფოთლებისგან და სხვა ხეებისგან.

6. ლაკური ჭურჭელი
ამგვარი დეკორი ვიეტნამში ფართოდაა გავრცელებული ჭურჭელზე თუ ავეჯზე. მაღალი ხარისხის ლაკურ ჭურჭელს აქ მისაღებ ფასად შეიძენთ. ბევრ მათგანზე მითური გმირები და ვიეტნამელების ყოველდღიური ცხოვრებაა გამოსახული.

7. ხელით მოქარგული ნივთები
ვიეტნამში ნაქარგებზე როგორც წესი, გამოხატავენ ბუნებას, თუმცა შეგიძლიათ დაამზადებინოთ პერსონალური დიზაინითაც.

8. პროპაგანდული პოსტერები
ვიეტნამის ომის დროს ხშირად ხატავდნენ კედლებს, ხეებს და დიდ მანქანებს. ეს ფერადუ გამოსახულებები და სლოგანები მოგვიანებით პოსტერებად იქცა და დღეს მათ გალერეებში იხილავთ. შეგიძლიათ შეიძინოთ დაპრინტული ვერსიები.

9. ნუოკ ჩამის სოუსი (Nuoc cham)
ნუოკ ჩამი ვიეტნამური სოუსია, რომელსაც ბრინჯს და ნუდლს აყოლებენ. ხელმისაწვდომია ტკბილი, მარილიანი და ცხარე. ყველაზე პოპულარულს ლაიმის, შაქრის, ნივრის და ფერმენტირებული თევზის სოუსის მიქსი წარმოადგენს. მას შეიძენთ ადგილობრივ ბაზრობებზე.











